სხვისი ცოდვებისთვის (დასასრული)
09.12.2020, 22:00

პატარა, მშვიდ და განმარტოებულად მდგომ ქოხს ბავშვის ტირილის ხმა აყრუებდა, რომელიც ნაინას გულზე იწვა და პატარა ხელებს აქეთ_იქით აცეცებდა. ბეთა იატაკზე იჯდა, დივნის ბოლოზე იყო ზურგით მიყრდნობილი და უკვე მერამდენედ იჩქმეტდა მკლავს იმის შიშით, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო, თუმცა ეს ყველაზე საოცარი რეალობა იყო მათ ცხოვრებაში. ხელებიისე უკანკალებდა, ვერაფრით იმორჩილებდა. ისეთი რამ მოხდა მის თავს, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ წარმოიდგენდა. თავში ერთიანად ტრიალებდა ყველა წამი და წუთი, ნაინასთან ერთად განცდილი ტკივილი, ქალის ხელები რომელსაც მამაკაცს არ უშვებდა და ყველაფერი ავიწყდებოდა მისი გვერდით ყოფნით.

შიშით სავსე თვალები და ბოლოს ბედნიერების ცრემლებით დასველებული ღაწვები, როდესაც ბავშვის ტირილის ხმა მისწვდა მათ ყურთასმენას და იქაურობა სასიამოვნოდ გააყრუა. ეს იყო თითქოს საოცრება და თან საოცრებაზე გაცილებით მეტი, ყველა გრძნობა ერთ პატარა ოთახში დაბუდებული და წყვილის სიყვარულით სავსე თვალები. თვალები, საიდანაც უკვალოდ გამქრალიყო იმედგაცრუებაც, ტკივილიც, წყენაც და ყველაფერი ცუდი რაც აქამდე იყო. თითქოს ბავშვმა სრულიად ახალი, სუფთა ფურცელი გაუწოდა მშობლებს, რათა ამ დღის შემდეგ წარსულის არც ერთი ცუდი მოგონება არ ჩარჩენილიყო მათ გონებაში.

ჯერ კიდევ უჭირდა აზროვნება და იმ ყველაფრის აღქმა რაც ახლა მის თავს ხდებოდა. მხოლოდ იმის მოფიქრება შეძლო სასწრაფო გამოეძახებინა. მერე კი ნაინას და ბავშვის დანახვისას ისე გადაეკეტა გონება, რომ საკუთარი სახელიც დაავიწყდა. იატაკზე იჯდა და უყურებდა დედის გულზე მოკალათებული პატარა არსება როგორ ამოძრავებდა ხელ_ფეხს და კიდევ უფრო დიდი სიხარულის და ბედნიერების განცდა ეუფლებოდა. როგორც იქნა ფეხზე წამოდგომა შეძლო, მიუახლოვდა და ორივე ხელი შემოხვია საყვარელ ქალს და ზეწარში გახვეულ სულ პატარა არსებას, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა. ეს იყო ჩახუტებაზე ბევრად მეტი. შემოხვეულ ხელებში ჩატეული იმედი, რწმენა, სიყვარული, მომავალი, ბედნიერება და ყველაფერი ერთად.  არც ერთ მათგანს არ გაუგია როდის მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. ექიმები ღიმილით უყურებდნენ წყვილს და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ბოლოს ისევ ბეთა მოეგო გონს და ფეხზე წამოდგა. ბავშვი თბილ პლედში გაახვიეს, ნაინას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და დედა_შვილი სამშობიაროში გადასაყვანად მოამზადეს. ბეთამ ორივეს შუბლზე აკოცა და დროებით დაემშვიდობა.
-აქაურობას მივხედავ, ყველაფერს მოვაწესრიგებ და მანქანით გამოგყვები უკან, არ ინერვიულო კარგი?
-მალე მოდი მამიკო. _ ჩურჩულით უთხრა დაღლილმა, მაგრამ მაინც ღიმილით და ბედნიერებით აღსავსემ და ობლად ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა. არ ახსოვს როგორ მივიდა სამშობიარომდე, ნაინასთან რომ შევიდა ჩაძინებული დახვდა. თავთან დაუჯდა და თმაზე დაუწყო ფერება. ჯერ კიდევ ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს სიზმარში იყო. გონებაში ქაოსი ჰქონდა და რეალობის აღქმას ბოლომდე ვერაფრით ახერხებდა. მხოლოდ მაშინ შეძლო აზრზე მოსვლა, როცა მედდამ ბავშვი შემოიყვანა და ბეთას გაუღიმა.
-გილოცავთ. შეგიძლიათ შვილი ხელში აიყვანოთ.
-მე? _ სწრაფად წამოდგა ფეხზე და მიძინებულ შვილს სიყვარულით სავსე მზერით დახედა.
​​​​​​​-დიახ თქვენ, რადგან დედას სძინავს ნუ გავაღვიძებთ. მე გასწავლით როგორ უნდა დაიჭიროთ. _ შეშინებული ბეთას დანახვისას ქალს გაეცინა და დეტალურად აუხსნა როგორ უნდა აეყვანა ბავშვი ხელში. როგორც იქნა დიდი ძალისხმევის, შიშის და დაძაბულობის შემდეგ შვილი ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა. გულისცემა ისე აუჩქარდა მთელი ოთახი გააყრუა მისმა აჩქარებულმა პულსაციამ. გონებაში სულ ერთი და იგივე სიტყვა უტრიალებდა - "შვილი". ყელში დიდი გორგალი, თვალებში კი ცხელი სითხე აწვებოდა და საბოლოოდ თავის შეკავება ვეღარ შეძლო ამ ყველაფრის შემყურემ.

-ჩემი მეუღლე ხომ კარგადაა? _ დაბნეულმა ძლივს მოახერხა ხმის ამოღება.
​​​​​​​-არ ინერვიულოთ, ყველაფერი რიგზეა. ძალიან დაღლილია და ცოტას დაისვენებს. რომ გაიღვიძებს გადასხმას გავუკეთებთ, მოვაძლიერებთ და რამდენიმე დღეში გაგწერთ. _ დაამშვიდა ქალმა და გარეთ გავიდა. ბეთა ნაინას გვერდით ჩამოჯდა, მისი ხელი ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან და აკოცა. მერე გულზე მიკრულ პატარას დახედა ღიმილით და ლოყაზე თითი ნაზად დაუსვა. ამასობაში ნაინამაც გაიღვიძა და მამა_შვილის ერთად დანახვისას ტირილი აუვარდა.
-ჩშშ… ყველაფერი კარგადაა, ყველაფერმა ჩაიარა. _ ჩუმად ეჩურჩულებოდა და თმაზე ეფერებოდა. მამაკაცის შეხება, მისი სურნელი, სითბო, მზრუნველობა.. ეს ყველაფერი იმდენად ჰქონდა მონატრებული ნაინას, რომ წამებში დამშვიდდა და ისევ ჩაეძინა. ბეთას ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და არაფრით უშვებდა.

 

*****

-მოიცადე ანუ ასე უბრალოდ, არაფერი გითხრა და გაკოცა? _ პირდაღებული უყურებდა სვანეთიდან ახლადდაბრუნებული ნინო.
-ხო აი ასე უბრალოდ, ბავშვის ნათლობაზე დავუწყე ჩხუბი და გამაფრთხილა აქ არ გვინდა მაგაზე ლაპარაკიო, მე გადავირიე და არ დავუთმე, ზუსტად აქ გვინდა მეთქი და რატომ მეკამათები, ორივე მოვნათლავთთქო. მერე არც კი ვიცი როგორ მოხდა, აი ამიტომო მხოლოდ ეს მითხრა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მაკოცა. _ სახეზე წამოწითლდა და ხელები აიფარა. ამ ქმედებაზე ნინოს ხმამაღლა გაეცინა და გოგონას ჩაეხუტა.
​​​​​​​-ხოდა უბრალოდ კიარა ძალიან ბრალიანადაც უკოცნია. ადამიანმა გითხრა ფაქტობრივად ერთი კოცნით ყველაფერი და ტვინი გაანძრიე ცოტა.
​​​​​​​-ნინო ისე მაკოცა ერთი საათი ჰაერში დავფრინავდი. _ დარცხვენილმა ჩაილაპარაკა და ცალი თვალით გახედა.
​​​​​​​-ფრენა აწი ნახე შენ. _ წარბები აათამაშა ნინომ.
​​​​​​​-კარგი რაა, ნუ დამცინი. _ მხარი გაკრა და გაუბრაზდა.
​​​​​​​-ნუ იბუტები მოდი აქ. _ ხელები შემოხვია და მაგრად ჩაეხუტა. -ძალიან მიხარია ეგ ამბები, ხომ იცი როგორი ძვირფასი ხარ და მინდა ბედნიერი იყო.
​​​​​​​-მაგრამ ნათლულს მაინც არ დავუთმობ რომ გაჩნდება. თვითონ დამითმოს ხომ შეიძლება. _ მაინც თავისას განაგრძობდა და ნინოს ებუზღუნებოდა. მოულოდნელად იმხელა ინერციით შემოგლიჯა ვიღაცამ კარები, შიშისგან ერთდროულად წამოცვივდნენ და მისაღებში შემოვარდნილ თორნიკეს გაოცებულები მიაჩერდნენ.
​​​​​​​-ნაინამ იმშობიარა. _ გაოცებული, გახარებული, დაღლილი, და ყველა ემოციას რომ იტევს ზუსტად ისეთი ხმით ამოთქვა მამაკაცმა. ნინომ და მარიამმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ისევ თორნიკეს და ასე მონაცვლეობით.
​​​​​​​-რას ნიშნავს იმშობიარა, ჯერ ხომ ადრე იყო? ჯერ როგორ იმშობიარებდა. _ ისევ მარიამი მოეგო გონს და აქეთ-იქით დაიწყო სიარული.
​​​​​​​-მეც არაფერი ვიცი, მაგრამ ბეთამ დამირეკა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მითხრა, ის უფრო გაოგნებულია და ვერც კი დამელაპარაკა.
​​​​​​​-ღმერთო მიშველე, წყალი დამისხით. _ მარიამი ისევ თავის სტიქიაში იყო და ხელებით ინიავებდა. ნინომ სწრაფად მოუტანა წყალი და ერთი ჭიქა სულმოუთქმელად დალია.
​​​​​​​-დაიცა ჯერ ყველაზე შოკისმომგვრელი არ მითქვამს. გოგოებო დაჯექით. _ სიცილს ძლივს იკავებდა მამაკაცი.
​​​​​​​-ამაზე შოკისმომგვრელი რაღა უნდა იყოს? _ იქვე ჩამოსხდნენ გოგოები თორნიკეს პასუხის მოლოდინში.
-რა და ბეთას უმშობიარებია.
-რაა? _ ორივემ ერთდროულად წამოიყვირეს და ძლივს დამშვიდებული ისევ დივნიდან წამოფრინდნენ. ცოტა ხანს იდგნენ და იაზრებდნენ ნათქვამს, მერე კი ისეთი ისტერიული სიცილი დაიწყეს, კარგა ხანს დამშვიდებაც ვეღარ შეძლეს.
-ღმერთო შენ გადამარჩინე. _ სულს ძლივს ითქვამდა მარიამი. -ხოდა ძალიანაც კარგი, აბა როგორ გინდათ? სულ ყველაფერი ქალის გადასატანია. მეც რომ ვიმშობიარებ მოვითხოვ ქმარმა მამშობიაროს!
​​​​​​​-ზოგადად ჩემი ოცნება ბებიაქალობა არასდროს ყოფილა, მაგრამ მანამდე ბეთასგან ვისწავლი რამეს. _ თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და გაუღიმა. -მიდით ახლა მოემზადეთ და ნახევარ საათში გავდივართ, ყველამ იცის უკვე.
​​​​​​​-ბიჭებიც მოდიან?
​​​​​​​-კი, სოფია და ალექსანდრა ერთად დავტოვეთ სახლში და დანარჩენები მოდიან.
​​​​​​​-კარგი უცებ რამდენიმე ხელ ტანსაცმელს ჩავალაგებ, რავიცი იქნებ დარჩენა მოგვიწიოს.
​​​​​​​-იქნებ არა, მოგიწევთ. იმიტომ, რომ ჯერ აქეთ ვერ წამოვლენ, ბეთას კი მოუწევს სამსახურის გამო დაბრუნება და თქვენ იქნებით მასთან.
​​​​​​​-ხოდა მით-უმეტეს, წამო ნინო ჩავალაგოთ. ვაიმეე ჩემი გოგო დაიბადა. _ კიბეებზე არბოდა და მისი კივილი მთელ სახლს აყრუებდა. -თორნიკე. _ ელვის სისწრაფით ჩამოირბინა და მამაკაცი მოათვალიერა.
​​​​​​​-აქ ვარ. _ სამზარეულოდან გამოსძახა წყლიანი ჭიქით ხელში.
-რა დაარქვეს?
​​​​​​​-ჯერ ვერ შეთანხმდნენ მაგაზე, მაგრამ ვიმედოვნებ ნაინას ისევ ის სახელები არ მოსწონს, რაც ადრე.
-ვაიმე ღმერთმა დაგვიფაროს. _ მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა და ოთახისკენ წავიდა, სადაც წარბაწეული ნინო დახვდა.

-რატომ მიყურებ ასე?
​​​​​​​-წეღან რა გითხრა ვერ გაიგონე თუ აუყრუე?
​​​​​​​-ნინო დამანებე თავი, არაფერი გამიგონია. _ დაბნეული აცეცებდა თვალებს.
​​​​​​​-ახლავე გეტყვი, მე გავიგონე. რა გითხრა და უკვე შენი შვილის მამობა წარმოიდგინა ჩიტო. _ თვალი ჩაუკრა და კარადიდან გამოღებული ტანსაცმელი მიაწოდა.
​​​​​​​-ნუ მიმატებ, ჯერ ისედაც აჟიტირებული ვარ. _ სახეზე ხელები აიფარა და საწოლზე ჩამოჯდა.
​​​​​​​-მაგას სიყვარული ქვია ჩვენს ენაზე. მუცელშიც პეპლები დაფრინავენ ხომ? _ მის დაცინვას არ წყვეტდა ნინო.
-ადამიანისთვის წიხლის დაჭერა ან ჭრილობაზე მარილის მოყრა ცოდვაა. ჯოჯოხეთში მოითუშები ცხელ ტაფაზე. _ თითი დაუქნია მუქარანარევი ხმით და კოპებშეყრილი გავიდა ოთახიდან.

 

ნახევარ საათში უკვე თბილისიდან გამავალ მაგისტრალს ადგნენ და ბათუმისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. გზაში ასჯერ მოშივდა მარიამს და თორნიკე დასცინოდა დავიღუპე ოჯახს დამიქცევსო. მერე მარიამი ბრაზობდა და მთელი გზა დაუსრულებლად ჩხუბობდნენ, რაც თორნიკეს ძალიან ახალისებდა. ნინომ თავს უშველა, ყურსასმენები გაიკეთა და უკან სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა.  უკან მეორე მანქანით დათო, ირაკლი, ივანე და ანდრია მოყვებოდნენ. მთელი გზა ბეთას ბებიაქალობაზე იცინოდნენ და ფიქრობდნენ მის ადგილას რომ ყოფილიყვნენ როგორ გაართმევდნენ თავს ამ ყველაფერს და პირველ რიგში დათო გამოტყდა მე გული წამივიდოდაო. ასე მიუახლოვდნენ ზღვისპირეთს ზოგი სიცილით, ზოგი კი მთელი გზა დაუღლელად ჩხუბით…

…………..

 მამაკაცი თვალმოუშორებლად უყურებდა მძინარე ქალს და ერთდროულად თან ყველაფერზე ეფიქრებოდა, თან ვერაფერზე. ძალიან უცნაური იყო იმ მომენტში მისი მდგომარეობა. უსიამოვნო რაღაცები მაინც გაუელვებდა ხოლმე გონებაში, მაგრამ მერე ახსენდებოდა რისი გადატანა მოუხდა ნაინას და ცუდი ფიქრებიც მაშინვე იფანტებოდა. დედა-შვილის დანახვისას კი, პრობლემა და ტკივილი კი არა, მთელი სამყარო ავიწყდებოდა. უკვე მამა გახდა, თუმცა საერთოდ ვერ იჯერებდა ამ ფაქტს და ჯერ თითქოს ვერ აღიქვამდა ისე, როგორც რეალობას. ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ამდენი რამ გადაგხდებათო, ალბათ სასაცილოდ არ ეყოფოდა, თუმცა ცხოვრება ისეთია არასდროს ვიცით მომავალი სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე, არასასიამოვნოთი თუ ორივე ერთად.

ფიქრობდა და ვერ იგებდა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ნელი ისეთი სასტიკი ქალი, რომ საკუთარი მიზნების გამო შვილისთვის ასეთი საშინელება გაეკეთებინა. იმდენად მძაფრი იყო ამ ყველაფრის გახსენებისას ნელის ნახვის სურვილი და ყველაფრის თქმა რისი ღირსიც იყო, რომ მოწოლილი ემოციებისგან ყელში რაღაც ახრჩობდა და ვერაფრით მშვიდდებოდა. ამ ფიქრებში იყო გართული დერეფნიდან ყვირილის და ხმამაღალი საუბრის ხმა რომ შემოესმა და კარგად გაარჩია ამ ხმებში მისი ძმაკაცის ყვირილი, რომელიც გაუჩერებლად იძახდა ჩემი ნათლული მაჩვენეთო.
​​​​​​​-ამას არ დაუჯეროთ, ჩემი ნათლულია ის ციცქნა გოგო ამის კიარა. _ განწირული ხმით კიოდა მარიამი.
​​​​​​​-ბაბუა გავხდი, ჩემი შვილიშვილი მაჩვენეთ. _ შედარებით მშვიდი და ტირილნარევი ხმით საუბრობდა დათო, რომელსაც ირაკლი ბაბუც უბამდა მხარს.
​​​​​​​-უკაცრავად, ქალბატონი ნაინა აქ წევს ხომ? ჩვენ მეგობრები და ოჯახის წევრები ვართ. _ ამდენ გიჟს ძლივს გამოერია ერთი გაწონასწორებული და მშვიდი ივანე.
-დიახ, აი იმ პალატაში, მაგრამ ყველანი ერთად ნუ შეხვალთ. _ გაუღიმა ექთანმა.
​​​​​​​-გამატარე ივანე. _ მამაკაცი გვერდით გასწია მარიამმა და ექთანს წინ დაუდგა. -მომისმინე გოგონი, იქ რომ გოგო წევს, რომელმაც ბავშვი გააჩინა ჩემი დაქალია, ის ბავშვი ჩემი ბავშვობის დაქალის პირველი შვილი, სასწაულებრივად მოვლენილი შვილი, რომელიც ოცნებად გვქონდა ქცეული და ახლაც ვერ ვიჯერებთ სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავთ. ხოდა ახლა ვინმემ რომ იქ არ შემიშვას, ჰაერში ავწევ ამ სამშობიაროს. _ ჩურჩულით ესაუბრებოდა ქალს და კბილებს აღრჭიალებდა.
​​​​​​​-კარგით, ოღონდ ძალიან დიდხანს ნუ გაჩერდებით. _ ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა გაკვირვებულმა და იქაურობას გაეცალა.
​​​​​​​-ეს ფსიქიატრიულის პაციენტია, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ქალბატონო, ზოგჯერ გამოექცევათ ხოლმე. _ მიაძახა მარიამის საქციელით განცვიფრებულმა ნინომ და თან მხარზე უჩქმიტა. -ქაჯი ხარ, თხა ხარ თუ ვინ ხარ.
-აფთარი. _ ხმამაღლა გაიცინა თორნიკემ და მარიამზე ხელგადახვეული წავიდა პალატისკენ.

ამ აურზაურში ნაინასაც მოესწრო გაღვიძება და ბეთასთან ერთად გულიანად იცინოდა გარეთ დატრიალებულ ქარიშხალზე.
​​​​​​​-ამათი ჩხუბი როდის დასრულდება. _ თავი გააქნია და საწოლში წამოჯდა.
​​​​​​​-მაშინ, როცა მიხვდებიან, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. _ სიცილით ჩაილაპარაკა ბეთამ და ბალიში შეუსწორა. ამასობაში კი, მიუხედავად ექთნების მცდელობისა და რამდენჯერმე გაფრთხილებისა, მაინც გაიღო კარები და ყველა ერთმანეთს ასწრებდა პატარა ოთახში შესვლას. ზოგი ბეთას ეხვეოდა, ზოგი ნაინას და ჯერაც ვერც ერთი ვერ მოდიოდა აზრზე. ძალიან დიდხანს საუბრობდნენ, ჯერ ბეთას იმდენხანს დასცინა ყველამ, სანამ არ დაიღალნენ ამაზე საუბრით. ბავშვი რომ შემოიყვანეს ისეთი ამბავი ატყდა სწრაფადვე გაიყვანეს უკან. მერე ისევ თვითონ ეცინებოდათ საკუთარ ბავშვურ საქციელებზე. გვიან ანაც მოვიდა, ნაინამ მეგობრები და ოჯახის წევრები გააცნო თავის დას. ანამ ძალიან დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოხატა ირაკლის და დათოს მიმართ. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ამხელა საჩუქრით თუ დავჯილდოვდებოდი და ჩემი დის სახით უფრო დიდი ოჯახი მეყოლებოდაო. გახარებული იძახდა და ნაინას ეხუტებოდა.

-ნაინას ახალი ამბავი უთხარი? _ ფანჯრიდან თავი შემოყო მარიამმა და ნინოს გადახედა.
​​​​​​​-რა ამბავი?
​​​​​​​-ჩემი დედამთილი ჩამოვიდა და..
​​​​​​​-ვაიმე რაა? _ წინადადება არ დაასრულებინა გაოცებულმა. -ახლა არ მითხრა ისევ ცუდად მელაპარაკა და უშვილობა წამომძახაო თორემ ფეხით ჩავალ იქ!
​​​​​​​-არა, ბოდიში მომიხადა. ძალიან ეგოისტი ვიყავი და შენზე ვეჭვიანობდიო. ვერ ვიტანდი ჩემს შვილს შენზე ძვირფასი რომ არავინ გააჩნდაო. რაც წახვედი მას შემდეგ თქვენზე მეტად მე ვიტანჯები და სინდისი მაწუხებსო.
​​​​​​​-ესეიგი ბოდიში მოგიხადა.
-კი, თან მითხრა ცალკე გადადით და უფრო ბედნიერები იქნებითო. თან რამდენი ბავშვია ვისაც თქვენნაირი მშობლები სჭირდებათო.​
​​​​​​​-მართლაა? ეგ ქალი აზრზე მოსულა და მართლა უნანია თავისი საქციელი. შენ რას ფიქრობ? იმედია შერიგებაზე უარს არ ეუბნები.
-უარს ეუბნება? ეუბნება კიარა ზეგ ჩამოდის ქალბატონის მეუღლე და დილიდან ტვინი წამიღო რა ჩავიცვაო. _ დიალოგში ჩაერთო მარიამი.
-როგორც იქნა ჭკუას მოეგე შენც და შენი დედამთილიც, მაგრამ მე მაინც ვბრაზობ შენი ქმარი რომ მიატოვე და მონასტერში გაიქეცი. მასეთი რამ მეორედ არ მოგივიდეს აზრად. _ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და მისი ბედნიერი თვალების შემყურემ თვითონაც ორმაგად გაიხარა.

 

ბიჭებს პალატიდან მალევე გაუძახეს, თუმცა ექთნის წასვლის შემდეგ ისევ შემოლაგდნენ სასუსნავით დატვირთულები.
​​​​​​​-ირაკლი და დათო სად წავიდნენ?
​​​​​​​-სასტუმროს ამბებზე გავიდნენ ჩვენ სადაც ვართ გაიგებენ მანდ ადგილი არის თუ არა და მოვლენ.
-აუ ჩემს ნათლულს როდის მანახებთ წესიერად ტო.
​​​​​​​-თქვენ ბოლოს და ბოლოს შეთანხმდით? _ ჯერ თორნიკეს გადახედა ნაინამ და მერე წამოწითლებულ მარიამს.
​​​​​​​-თუ შეთანხმება ჰქვია შევთანხმდით კი. _ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები მარიამმა.
​​​​​​​-რამე გამოვტოვეთ? _ თვალები მოჭუტა ბეთამ.
​​​​​​​-სახეზე ეტყობა ორივეს რომ გამოვტოვეთ. _ სიცილით ანიშნა აცქმუტებულ წყვილზე ნაინამ. -მე და ბეთამ გადავწყვიტეთ, რადგანაც სავარაუდოდ თორნიკეს უნდა მოენათლა ჩვენი გოგო და სანამ თქვენ გაიაზრებდით ვიცოდით რომ ორივე ვერ მონათლავდით, მარიამი რომ არ დაგვეჩაგროს ჩვენს პატარას მის სახელს ვარქმევთ.
​​​​​​​-რაა? სერიოზულად? მართლა მეუბნებით მაგას? _ მთელი სამშობიარო აიკლო მისმა კივილმა და ხმამაღალმა სიცილმა. -აუ ბეთა მიყვარხარ. კარგი ხო შენც მიყვარხარ ნაი. _  ლამის ისტერიკაში ჩავარდა ისეთი რეაქციები ჰქონდა.
-კაი რა რძალო, რას მიკეთებ? ერთი მარიამი არ მეყოფოდა მთელი ცხოვრება? მაგრამ თავს დავიიმედებ, რომ ამას არ დაემსგავსება.  _ სიცილით აჯავრებდა და გულში იკრავდა გახარებულ და ემოციებით სავსე მარიამს.

 

*****

სამი დღე ბავშვიც და დედაც სამშობიაროში დატოვეს. დანარჩენებიც მთელი ამ დროის მანძილზე გვერდიდან არ მოშორებიან ნაინას. ოღონდ ბიჭებს მოუწიათ მალე დაბრუნება რადგან სოფია და ალექსანდრა მარტოები იყვნენ, თან სამსახურში ბევრი რამ დაგროვდა მოსაგვარებელი და ბეთასაც სასწრაფოდ მოუწია წასვლა, რაზეც ნაინამ ტირილის ორ საათიანი ცერემონია ჩაატარა და ბეთა ისე წავიდა, დასამშვიდობებლად შესულს არც კი შეხედა, ვითომ ეძინა. გოგოები ნაინას გამოწერამდე დარჩნენ, ყოველდღე აკითხავდნენ, და ართობდნენ. ანაც ხშირად მოდიოდა ხოლმე და თავის დას წუთით არ ტოვებდა მარტოს. გამოწერის დღეს ზოგმა ქალაქში რაღაც საქმე მაქვსო, ზოგმა სახლში უნდა დავბრუნდეო და ასე დაიძვრინეს თავები, სამშობიაროდან გამოწერილი ნაინა სასტუმროში მიიყვანეს, დედა_შვილს გამოემშვიდობნენ და თბილისში წავიდნენ. მთელი დღე მარტო იყო სასტუმროში ბავშვთან ერთად. პატარა მარიამი ისეთი მშვიდი იყო ვერც იგებდა თუ გვერდით ბავშვი ეწვა. მთელი დღე იჯდა და მძინარეს უყურებდა. საღამო ხანს მარტოობა რომ მობეზრდა სალათის მომზადება გადაწყვიტა.
​​​​​​​-მალე ჩამოხვალ?
​​​​​​​-რა იყო, მოგენატრე უკვე?
​​​​​​​-უბრალოდ მარტო ყოფნა მოგვწყინდა.
-აჰა, ანუ მხოლოდ მაგიტომ. მაშინ რამდენიმე დღე კიდევ დამაგვიანდება.
​​​​​​​-რაა? ბეთა კარგი რა, რა წესია ასე რომ წახვედი, მე როგორ გავძლო აქ. _ თავისდაუნებურად ბოლოს მაინც წამოსცდა და ენაზე იკბინა.
-კარებს თუ გააღებ როგორმე ვიპოვით გზას როგორ უნდა გაძლო მანდ. _ ღიმილნარევი ხმით უთხრა და წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა ქალი რომ უკვე გაღებულ კარებთან იდგა და ბედნიერებისგან წრიალებდა. ბეთამაც ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ხელები მაგრად შემოხვია მონატრებულს.

 

დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა, ღამეები კი ისე თეთრად როგორც დღეები. დიახ სწორად მიმიხვდით, პატარა მარიამი მშობლებს მოსვენებას არ აძლევდა და თუკი რამდენიმე დღე მშვიდად იყო, შემდეგ ერთიანად შეიცვალა ხასიათი. ჯერ ბეთამ ბავშვის ხელში დაჭერის სწავლას საუკუნე მოანდომა მიუხედავად იმისა, რომ სამშობიაროში რამდენჯერმე დააჭერინეს პატარა მარიამი, მერე შიშები ძლივს გადალახა რომ ბავშვი არ დაუვარდებოდა ან რამე მსგავსი. ერთი საათი რომ აძინებდნენ ნახევარ წუთში იღვიძებდა და ისეთ სასაცილო დღეში იყვნენ ორივე, ხან ფეხზე ეძინებოდათ, ხან საპირფარეშოში და ხანაც პატარა უფრო აძინებდა მშობლებს ვიდრე პირიქით.
​​​​​​​-მგონი დაიძინა. _ ჩურჩულით თქვა ბეთამ და დივანზე მიესვენა ნაინას გვერდით. უკვე გამთენია იყო, ნახევრად მძინარეები უყურებდნენ ერთმანეთს და ეცინებოდათ თავიანთ ამჟამინდელ მდგომარეობაზე. რა დღეში ჩაყარა ორივე ამ წერტილისოდენა არსებამ. უკვე ორ კვირაზე მეტი იყო დღეს და ღამეს ვეღარ არჩევდნენ. ლაპარაკის თავიც არ ჰქონდათ, გადაადგილების მით_უმეტეს და ორივეს დივანზე ჩაეძინა ერთმანეთზე მიკრულებს. დილით ჩვეულ დროს, ექვს საათზე ატირდა პატარა მაღვიძარა. შიშისგან და მოულოდნელობისაგან ნაინამ ბეთა დივნიდან გადააგდო და უნებურად თვითონაც გადაყვა. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ორივეს სახეში ეფრქვეოდა ერთმანეთის სუნთქვა და ალბათ რომ არა პატარას ტირილი, დიდხანს იქნებოდნენ ასე. ორივე სწრაფად გამოერკვა, ფეხზე წამოდგნენ და ბავშვის ოთახში შევიდნენ. როგორც კი მშობლები თავისთან დაიგულა და მათი ხმა გაიგო მაშინვე გაჩუმდა. ამის შემხედვარემ ბეთამ სიცილი ვეღარ შეიკავა და ცხვირზე ნაზად აკოცა მოცუცქნულ არსებას
.-რა გიყო ახლა მა? _ დამთბარი ხმით ელაპარაკებოდა და ბავშვიც განაბული უსმენდა.
​​​​​​​-შეამჩნიე? შენი ხმა განსაკუთრებულად უყვარს და სულ მშვიდდება ხოლმე. _ ნახევრად მძინარემ ჩაილაპარაკა ნაინამ და შუბლზე აკოცა შვილს.
​​​​​​​-მიდი დაიძინე, მე ვიქნები მასთან კარგი?
-არა ვიქნები მეც. _ მამაკაცის შეხებით აფორიაქებული სწრაფად მოფხიზლდა და შეეცადა ცოტა აზრზე მოსულიყო.

-მიდი წადი, თუ მოშივდება და იტირებს მერე გაგაღვიძებ. ახლა მე არ მეძინება და შენ დაიძინე ცოტა ძალას მოიკრებ. _ მზრუნველად დაუსვა თმაზე ხელი უძილობისგან თვალებჩაწითლებულს.
​​​​​​​-კარგი. _ თავი დაუქნია, მარიამს მიეფერა და მოწყვეტით დაეცა საწოლზე.
-ჩვენ რა ვქნათ ახლა მამას ნამცეცო? რატო არ გეძინება შენ. _ გულზე მიიხუტა გოგონა და შეეცადა ისევ დაეძინებინა.

 

*****

აუ თორნიკე ის წითელი დათუნია მომაწოდე რა. _ დაღლილმა ამოილაპარაკა და მამაკაცს ახედა.
​​​​​​​-პატარავ დაიღალე? _ სათამაშო მიაწოდა და შუბლზე აკოცა.
​​​​​​​-დავიღალე, მაგრამ რომ მეფიქრება რამდენიმე საათში ჩამოვლენ, სულ ვეღარ ვგრძნობ დაღლილობას. _ გვერდით მიუჯდა იატაკზე მჯდომ თორნიკეს და თავი მხარზე ჩამოადო.
​​​​​​​-გაგიჟდება ნაინა ახალ სახლს რომ ნახავს.
-ხო, თან სულ უნდოდა ხოლმე ხის სახლი ლამაზი ეზო და ისეთი გარემო, როგორიც აქ არის.
-ყველაზე დიდი დრო ბიბლიოთეკას დაუთმო ბეთამ. ისეთი მაგარი ბიჭები გამოგზავნა, ეტყობა კიდეც შედეგი.
-აუ ხო მეც მომწონს ძალიან და მინდა ასეთი სახლი. _ წუწუნით თქვა მარიამმა.
​​​​​​​-ასეთი რად გინდა, გაყევი კარგ მაყუთიან კაცს და სასახლეც გექნება. _ სიცილით ჩაილაპარაკა თორნიკემ.
​​​​​​​-ხოო? კარგი აუცილებლად ვიზამ მაგას. _ ფეხზე წამოფრინდა გაბრაზებული და გარეთ გასვლა დააპირა.
-რა სულელი ხარ, პატარა გოგოსავით რამ გაგაბრაზა ახლა. _ მუხლებზე დაისვა ტუჩთან ახლოს აკოცა. -აქ რომ გკოცნი მეჩვენება თუ ფრენას იწყებ. _ ცხვირზე თითები მოუჭირა და გულზე მიიხუტა.
​​​​​​​-ნუ დამცინი ხოლმე რა. _ ხელები შემოხვია და სახე მის ყელში ჩამალა.
​​​​​​​-რომ მცოდნოდა ასეთი საყვარელი იქნებოდი უფრო ადრე გაკოცებდი.
​​​​​​​-ადრე არ ვიყავი?
​​​​​​​-ადრე ქაჯი იყავი და ძალიან აუტანელიც.
​​​​​​​-კარგი ხო, ვაღიარებ. _ სიცილით გააქნია თავი.
​​​​​​​-ოჰოო, გვრიტებო, არა არა იჯექით. რახან იმას მოვესწარი თქვენ არ ჩხუბობთ დავტკბე ცოტახანს.
-ნინო შენი დაცინვაღა მაკლდა რა. _ ფეხზე წამოდგა და თორნიკეც წამოაყენა.
​​​​​​​-წამოდით მისაღებში გავიდეთ, ყავა გავაკეთე.
-ნაინას და ბეთას ოთახს მორჩი?
​​​​​​​-კი ახლახან დავასრულე, ყველაფერი მზადაა მგონი.
​​​​​​​-აუ მივალაგოთ და ეგ არის, საბოლოოდ დავასრულეთ ყველაფერი. იმედია დაჩი არ მოგვივარდება პოლიციის თანხლებით და ცოლის გატაცების გამო არ გვიჩივლებს. _ სიცილით გაკრა მხარი დაქალს.
​​​​​​​-მარიამ დაანებე თავი ნუ შეჭამე ეგ გოგო. შენ აქ გყავარ და ამას თავისი ქმარი მოენატრა რა ქნას.
​​​​​​​-ვინ გითხრა, რომ მენატრები ხოლმე როცა არ ხარ?
​​​​​​​-აბა დღეს ტვინი რატომ წაიღე მალე მოდიო?
-უბრალოდ მარტო ვერ ვალაგებდი და დამეხმარება თქო ვიფიქრე. _ ენა გამოუყო და ყავით სავსე ფინჯანი გამოართვა ნინოს.

 

ბეთამ ახალ სახლში რომ მიიყვანა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფრთები გამოესხა მოზღვავებული სიხარულისგან და ფრენაც კი შეეძლო. ყველა დეტალი, ყველა კუთხე_კუნჭული ისე გამოიყურებოდა, როგორც ნაინას ოცნებებში. ბეთასთან ერთად რაც ცხოვრობს მას შემდეგ უფრო მძაფრად მოუნდა ჰქონოდა ხის სახლი დიდი ეზოთი, სადაც ყოველ უქმეებზე საყვარელი ადამიანები მიაკითხავდნენ და დღეს ერთად გაატარებდნენ. მთელი საღამო ბედნიერებისგან გაბერილი დადიოდა მანამ, სანამ ბეთამ არ უთხრა უნდა წავიდეო. ბავშვს გამოემშვიდობა და იქაურობა დატოვა. ისეთი ცარიელი მოეჩვენა სახლი ბეთას გარეშე და ისეთი უღიმღამო, რომ ვერც კი დაიძინა. ოთახები რამდენჯერმე დაათვალიერა და გოგოებს სიყვარულით სავსე შეტყობინებები გაუგზავნა მადლიერების ნიშნად. ცდილობდა ბეთას წასვლაზე არ ეფიქრა, მაგრამ თავისდაუნებურად მაინც ეფიქრებოდა. თან იცოდა გვიანი იყო და მეგობრებიც ამ დროს აღარ მოვიდოდნენ. ხან წიგნი აიღო წასაკითხად, ხან საჭმლის კეთება დაიწყო, მაგრამ გული ვერაფერს დაუდო. ბოლოს იატაკზე დაჯდა მისაღებში, დივანს მიეყრდნო და ტელევიზორს დაუწყო ყურება, მაგრამ საერთოდ არაფერი ესმოდა. ფიქრები ღრღნიდა და მოსვენებას არ აძლევდა, გულში დარწმუნებით იმეორებდა, რომ ბეთამ ბოლომდე ვერ აპატია და მისგან თავს შორს იჭერდა.
​​​​​​​-პატარავ, იატაკზე რატომ ზიხარ? _ ზურგს უკან საყვარელი ხმა მოესმა და იმდენად დაიბნა წამოდგომაც ვერ შეძლო. -ნაინა რა გატირებს? _ სწრაფად მიუახლოვდა ქალს და მის წინ ჩაიმუხლა.
​​​​​​​-დაბრუნდი? _ ძლივს გასაგონად ამოთქვა.
​​​​​​​-არ უნდა დავბრუნებულიყავი? _ გამომცდელად შეხედა და ცრემლები შეუმშრალა.
​​​​​​​-მე მეგონა აღარ მოხვიდოდი, ვიფიქრე… _ წინადადების დასრულება ვერ შეძლო და ისევ აეტირა.
-ჩშშ.. მოდი აქ. _ მის გვერდით დაჯდა, ორივე ხელი შემოხვია და გულში ჩაიკრა. -შენ როგორ უნდა დაგტოვო? განა შემიძლია შენი მიტოვება პატარავ? შემომხედე აბა. _ თავი ააწევინა და სახე ახლოს მიუტანა. -ჩემმა თვალებმა შენ რომ ვერ დაგინახონ გავუძლებ?
​​​​​​​-არ წახვიდე კარგი? არასდროს წახვიდე გთხოვ. მე მართლა ვერ გავძლებ შენ გარეშე. რომ წახვიდე გული გამისკდება. _ სლუკუნებდა გულამოსკვნილი და სახის ყველა ნაკვთს უკოცნიდა მონატრებულ მამაკაცს.
-არსად მივდივარ დამშვიდდი, აი ხომ ხედავ, შენთან ვარ. _ ხელებს მთელი ძალით ხვევდა და ყურში თბილად ეჩურჩულებოდა. იმდენად დაიღალა ტირილით, მამაკაცის მკლავებში ჩამალულმა სიმშვიდე რომ იგრძნო, მაშინვე ჩაეძინა. ბეთამ ფრთხილად აიყვანა მიძინებული ქალი ოთახში და საწოლზე დააწვინა. მერე შვილს დახედა, პლედი შეუკეცა და საყვარელ ქალს მიუწვა გვერდით.

იმ ღამეს ისე მშვიდად ეძინათ, როგორც არასდროს. მტირალა მარიამმაც იგრძნო მშობლების ერთად ყოფნა და არც კი უტირია, თუმცა დილაადრიან შიმშილმა შეაწუხა და წამში აახმაურა სახლი. ნაინამ სიცილით გადახედა შვილს, ძილბურანში მყოფ მამაკაცს გემრიელად აკოცა და ატირებული შვილისკენ წავიდა.
​​​​​​​-თანახმა ვარ ყოველ დილას ასე გამაღვიძო და ნახევრად შიშველმა იარო სახლში. _ მის წინ საცვლებისამარად მდგომი ნაინა შეათვალიერა და ტუჩი მოიკვნიტა.
​​​​​​​ღორმუცელა მარიამმა ჭამა თუ არა ისევ განაგრძო ძილი.
​​​​​​​-ამ ბავშვს ზოგჯერ სულ სძინავს, ბეთა შენ გგავს ზარმაცი.
​​​​​​​-რატომ? გააჩნია რა მიზეზია, თორემ ღამეები მეც გამითენებია ხოლმე. _ თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მისი მიმზიდველი სხეული.
​​​​​​​-ნუ ხარ გარყვნილი. _ სიცილით მოიხურა მამაკაცის ხალათი და ლოყაზე მიეფერა.
​​​​​​​-მოდი აქ დამიჯექი. _ ხელი შემოხვია დასერიოზულებულმა და გვერდით დაისვა.
​​​​​​​-რამე მოხდა?
​​​​​​​-გოჩა დააკავეს წუხელ.
​​​​​​​-რაა? ამიტომ წახვედი?
​​​​​​​-ხო, ჩვენ ვუჩივლეთ და ბინაში დავადექით.
​​​​​​​-საზიზღარი კაცი. _ თავი დახარა და ცრემლები მოაწვა ყველაფრის გახსენებისას.
​​​​​​​-არ იტირო კარგი? მე შენს გვერდით ვარ, ყველაფერი გაივლის. _ თმაზე ეფერებოდა ქალს.
​​​​​​​-მოწმეები არიან?
​​​​​​​-კი, ლაშა დაგვეხმარა. შენ თუ ვერ შეძლებ მისვლას პრობლემა არ არის. არ მინდა ცუდად გახდე.
-არა, არა. აუცილებლად მივცემ ჩვენებას! _ ცრემლები შეიმშრალა და მხრებში გაიმართა. -ვეღარასდროს უნდა შეძლოს ადამიანების გაუბედურება. _ მტკიცედ ჩაილაპარაკა და სააბაზანოში შევიდა.

 

სასამართლოს შემდეგ ყველანი ნაინასთან და ბეთასთან წავიდნენ სახლში. გოჩა დააკავეს, ნელის სასჯელი მთელი ცხოვრების მარტოობაში გატარება იყო, ამიტომაც ქვეყნიდან საერთოდ წავიდა  და ყველამ შვებით ამოისუნთქა. ნაინას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი ჩამოხსნეს. ნახევარ საათში ოჯახს ლაშაც შეუერთდა.
​​​​​​​-იმედია ბიძების სიიდან არ ამომრიცხავ. _ შუბლზე აკოცა ნაინას და პატარა მარიამი ხელში აიყვანა.
​​​​​​​-კარგი რა, მაგას როგორ მეუბნები, როცა ყველაზე რთულ დროს ჩემს გვერდით იყავი და სიმართლეც შენი წყალობით გავიგე. ჩემი დამოკიდებულება არასდროს შეიცვლება შენს მიმართ.
​​​​​​​-ჩემი გოგო ხარ რა. აუ ოღონდ ეს ბაბუობა ცოტა მიტყდება ტო, ირაკლი და დათო კიდე ხო, მაგრამ მე ჯერ ძაან ახალგაზრდა ვარ.
​​​​​​​-მაგით რისი თქმა გინდა? მე და ირაკლი დავბერდით? _ წარბები აწია დათომ.
-ფაქტია არც ვარსკვლავებს ეთამაშებით. _ ორივეს დასცინა და ბიჭების მსგავსად დივანზე მოკალათდა.
​​​​​​​-რადგან ყველანი აქ ხართ, გვინდა ახალი ამბავი გითხრათ, რომლის სულისჩამდგმელიც გახლავთ ნაინა და პრინციპში ჩვენ ყველანი ერთად. _ სიტყვით გამოვიდა მარიამი და ყველას ყურადღება მიიპყრო.
​​​​​​​-აბა გისმენთ, მაგრამ ხუთი ქალის ახალი იდეა ცოტა მაშინებს. _ თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა გოგოები ანდრიამ.
​​​​​​​-შენ იმან უფრო შეგაშინოს, თუ ბევრს ილაპარაკებ ან გარეთ არ მოგიწიოს დაძინება, ანდა იატაკზე. _ არც ალექსანდრამ დააკლო და ნიშნისმოგებით გაუღიმა ქმარს.
​​​​​​​-მოკლედ, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ გადავწყვიტეთ ფონდი დავაარსოთ და ავაშენოთ თავშესაფარი, სადაც გვეყოლება ქალები რომლებზეც ძალადობენ ქმრები და წასასვლელი არ აქვთ, ორსულები, რომლებსაც შვილი უნდათ და მათზე მამაკაცები უარს ამბობენ და ზოგადად ქალები, ვისაც ჩვენი თანადგომა დასჭირდებათ.
​​​​​​​-ეგ ყველაფერი კარგი, იდეაც შესანიშნავი, მაგრამ თავიდან სპონსორები ხომ გჭირდებათ? ეგ ისეთი საპასუხისმგებლო პროექტი იქნება სახუმარო თემა არ არის. _ წელში გაიმართა დათო და გოგოების იდეით მოხიბლულმა იმაზე დაიწყო ფიქრი როგორ დახმარებოდა მათ.
​​​​​​​-კი, მაგაზეც ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ. დაჩის ესაუბრა ნინო და ნახაზს შექმნის შენობისას. რამდენიმე ბიჭსაც ვიცნობთ კარგი ბიზნესმენები არიან და ვფიქრობ ისინი დაგვეხმარებიან. _ წარბები აათამაშა ნაინამ და დივანზე მოკალათებულ ბიჭებს გადახედა.
​​​​​​​-მაგ ბიჭებს შიათ და თუ საჭმელს აჭმევთ უფრო კარგად მოიფიქრებენ ყველაფერს პატარავ.
-აი ხომ ვამბობ არა? ხომ ვიძახდი კაცები არიან ღორები და მაგათი სიყვარულის გზა გადის კუჭზე! _ წარბები შეკრა ნაინამ და სამზარეულოში გავიდა გოგონებთან ერთად.

უკვე გვიანი იყო რომ დაიშალნენ. ისიც ბავშვებს ეძინებოდათ და რახან ივანემ და ანდრიამ დააპირეს წასვლა, ბარემ ყველა ერთიანად გამოემშვიდობა წყვილს და წავიდნენ. ნაინამ სახლი მიალაგა და მისაღებში მოკალათებულ ბეთას კალთაში ჩაუჯდა.
​​​​​​​-დაიღალე? _ ბაგეები დაუკოცნა მონატრებულს და გულზე მიიკრა.
​​​​​​​-ისე რა. შენთან ჩახუტება ყველაფერს შველის. _ მამაკაცის ყელში ჩარგო თავი და გაიტრუნა.
​​​​​​​-თქვენი ახალი იდეით ძალიან მოვიხიბლე. ვამაყობ შენით. _ გოგოების ახალ პროექტზე წამოიწყო საუბარი.
​​​​​​​-მთელი დღეა ველოდები როდის მეტყოდი რამეს. _ გაბუტულმა უჩურჩულა და გვერდში უჩქმიტა.
​​​​​​​-ისედაც ხომ იცოდი რას გეტყოდი.
​​​​​​​-ხო, მაგრამ რომ მაქებ მიხარია ხოლმე. _  ყელში აკოცა და ზურგზე ფიგურების ხატვა დაიწყო.
​​​​​​​-ნაინა გცემ. გაყინული გაქვს ხელები.
​​​​​​​-ოოო, მე ასე მომწონს. _ ყურადღება არ მიუქცევია "საყვედურისთვის" და ახლა უკვე ორივე ხელი შემოხვია შიშველ წელზე, რასაც ბეთას ხმამაღალი სიცილი მოყვა და წამებში მოიქცია ხელებში ნაინას სახე. -რატომ ცელქობ პატარავ? _ ჩახლეჩილი ხმით უჩურჩულა და თხელი საღამური წამებში შემოაძარცვა სხეულიდან. გათამამებულმა ნაინამ თმაში შეუცურა ხელები და ტუჩებზე წაეტანა. მონატრებული ქალის ნაკვთებს ბაგეებით სწავლობდა და სხეულზე ფაქიზად ეფერებოდა. ბუხარში აგიზგიზებული ცელქი ალი წითელი ღვინით სავსე ჭიქებში ირეკლებოდა და იდეალურ კონტრასტს ქმნიდა ორ სიყვარულისგან გაშიშვლებულ სულთან.

 

-აუ თორნიკე ეს გამიკეთე რა, ხელები მიკანკალებს და ვერ ვკრავ. _ წუწუნით დაუჯდა გვერდით წითელ კაბაში გამოწყობილი მარიამი და ყელსაბამი გაუწოდა.
-შენ ახლა რა დღეში ხარ და ჩვენ რომ ქორწილი გვექნება მერე ალბათ სულ ჩამაკვდები ნერვიულობისგან. _ სიცილით გააქნია თავი და ყელში კოცნის კვალი დაუტოვა.
​​​​​​​-შენი დაცინვაღა მაკლდა, ჯერ ისედაც ვცდილობ არ ვიფიქრო შენ რომ უნდა მონათლო ჩემი გოგო და რაც მეტად გამაღიზიანებ, მით მეტი შანსია იქ ჩასვლამდე რამე დაგმართო. _ თითი დაუქნია გაფრთხილების ნიშნად და ქუსლების კაკუნით წავიდა სარკეში ჩასახედად.
​​​​​​​-ჩემი ბუტია ბავშვი. _ მისმა ქმედებამ უფრო გაამხიარულა ისედაც კარგ ხასიათზე მყოფი თორნიკე. ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და ძმაკაცს დაურეკა.
​​​​​​​-ხო თოკა.
​​​​​​​-რას შვებით ანდრო?
​​​​​​​-არ მკითხო, სამი საათია ალექსანდრა ემზადება, უკვე მეშვიდე კაბა გამოიცვალა და მე ჯერ კიდევ ვერ გამიგია ქორწილში მივდივარ თუ მოდების ჩვენებაზე.
​​​​​​​-ანდრია ყურს არ მაკლია და კარგად მესმის შენი ლაპარაკი! კაცებს ყველაფერი სწრაფად გინდათ რა, მობრძანდი და მოამზადე შენი შვილები, ვნახოთ მერე თუ ილაპარაკებ მაგდენს. _ ოთახიდან ჩამოსძახა და მორიგი კაბა მოისროლა საწოლზე.
​​​​​​​-აი ძმაო, ხომ ხედავ რა სტრესში მიწევს ცხოვრება. სანამ შანსი გაქვს დაფიქრდი შენც და ცოლის მოყვანამდე. _ სიცილს ვერ იკავებდა ანდრია.
​​​​​​​-ამას კიდე რაც გათენდა ხან ჭიქა გაუტყდა, ხან ფეხი დაუცურდა, ისეთი დაბნეულია მემგონი ქორწილი მე და მარიამს გვაქვს და მე საქმის კურსში არ ვარ. _ თორნიკემაც დასცინა სარკის წინ მოტრიალე მარიამს და მისი დაბღვერილი სახის დანახვისას უფრო ხმამაღალ სიცილს მოყვა. - ხო მართლა ანდრო, ივანეს ელაპარაკე? _ როგორც იქნა დაცინვას მორჩნენ ბიჭები.
​​​​​​​-კი წეღან დავურეკე, სიძე ბატონი მზად არისო.
​​​​​​​-ქალბატონი პატარძალიც მზად გვყავს, აუ ისეთი ლამაზია ბეთა რომ ნახავს გაგიჟდება ტო.
​​​​​​​-მაგას კიდე გაგიჟება უნდა? ისედაც ჰალსტუხი ასჯერ მოიგლიჯა და სოფია ოთახიდან ოთახში დასდევს.
​​​​​​​-როდის ვნახავ უნდა დავცინო.
​​​​​​​-შენ გცემენ დღეს და იცინე მერე. კაი წავედი როგორც იქნა ჩემი ცოლი გამოეტია და სანამ უკან შებრუნებულა გამოვალთ აწი.
-ჩვენც უკვე მზად ვართ, აბა დროებით ძმაო. _ ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა და კიბეზე ჩამომავალ ნაინას გაუღიმა, რომელსაც ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი მარიამი ეჭირა ხელში და თვალებიდან ბედნიერებას ასხივებდა.

დათო და ირაკლი უკვე სვანეთში იყვნენ წასულები რესტორნის, სასტუმროს და კიდევ უამრავი პატარ_პატარა ამბის მოსაგვარებლად. ისე დაფუსფუსებდნენ დილიდან თითოეული მათგანი, გამორიცხული იყო ერთი შეხედვითაც არ ეგრძნო ეს ყველაფერი ვინმეს მათი დადებითი ენერგია არ გადასდებოდა. 

 ჯვარი შემოდგომაზე დაიწერეს და მარიამიც ჯვრისწერის დღეს მონათლეს. შემოდგომაზე სხვანაირად ლამაზი იყო სვანეთი. ოქროსფერ მოსასხამში გახვეული მთები და ჭაღარა შეპარული კოშკები მხრებში გამართულები იდგნენ და კიდევ ერთი წყვილის უსაზღვრო ბედნიერებას იზიარებდნენ. ტაძრის ეზოში ერთ დიდ ოჯახად იყვნენ შეკრებილები ნაინასა და ბეთასთვის ძვირფასი ადამიანები. ამ სიას არც დედაო გამოკლებია და არც გოგონები, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში გაიცნო მონასტერში. ნინო და თორნიკე წყვილს უმშვენებდნენ გვერდს, დანარჩენები კი ბედნიერების შეძახილებით ამხნევებდნენ ხან ცოლ_შვილის ყურებით აცრემლებულ ბეთას, ხანაც ატირებულ მოუსვენარ მარიამს. სიტყვა ბედნიერება ყველაზე მცირედი იყო იმასთან შედარებით, რასაც რეალურად გრძნობდა წყვილი. მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთზე იყვნენ მიკრულები და წუთითაც არ შორდებოდნენ. რამდენიმე თვის წინ ნაინა ვერც კი წარმოიდგენდა თუ ყველაფერი ასე განვითარდებოდა მის ცხოვრებაში. მაშინ თუ ფიქრობდა, რომ ყველაზე უბედური ადამიანი იყო, ახლა მისი ფიქრები მასზე უზომოდ შეყვარებულ ქმარს და შვილს უკავშირდებოდა. ზოგჯერ, როცა ვფიქრობთ რომ რაღაც დასრულდა, როცა ყველაფერი თავზე გვენგრევა და ერთიანად გვანადგურებს, როცა მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგაა, სწორედ მაშინ ხდება რაღაც სასწაულის მსგავსი, რაც ჩვენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს ან პირიქით, არეულს ერთი ხელის მოსმით ალაგებს ისევე, როგორც ნაინას შემთხვევაში მოხდა და ამ სასწაულს პატარა მარიამი ერქვა.
 

-ბეთაა გაიღვიძე. _ უკვე მერამდენედ ანჯღრევდა ღრმად ჩაძინებულ მამაკაცს.
​​​​​​​-პატარავ დამაძინე, ძლივს ერთი დღე სახლში ვარ. _ ძილისგან დაბოხებული ხმა ამოუშვა და გვერდი იცვალა, მაგრამ მალევე იგრძნო მძიმე წონა ზურგზე და ზმუილით გაახილა თვალები.
​​​​​​​-მამი დედაშენს უთხარი ნუ ცელქობს, თორემ დაისჯება. _ ლოყაზე აკოცა მოუსვენარ შვილს და მერე ნაინასკენ გააპარა თვალი, რომელიც ატმისფერ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილიყო და წასასვლელად ემზადებოდა.
​​​​​​​-სად მიდიხარ?
​​​​​​​-დღეს ფონდში მნიშვნელოვანი სტუმრები ჩამოდიან და აუცილებლად უნდა წავიდე. _ თვალები ააფახურა და შეეცადა მამაკაცი მოეთაფლა.
​​​​​​​-კი მაგრამ..
-მარიამის ტანსაცმელი მანდ დევს საწოლზე, ნინიმ უკვე ჭამა _  მიძინებულ ჩვილზე მიუთითა ქალმა და ცხვირზე ნაზად აკოცა. -შენთვისაც მოვამზადე გემრიელი სალათი და მაგიდაზე დევს ქვემოთ. _ წამში ჩამოარაკრაკა და თვალებმოჭუტულ ქმარს გაუღიმა.

-სათქმელი არაფერი დამიტოვე. _ სიცილით გააქნია თავი, ფეხზე წამოდგა და ქალს მიუახლოვდა. -დღეს რომ სახლში უნდა ვყოფილიყავით და შენ პირობას არღვევ, მაგის გამო დაისჯები იცოდე.
-მმმ… ვგიჟდები შენს სასჯელებზე. _ ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. -მიყვარხართ. _ ორი წუთის შემდეგ ისევ შემოყო თავი და აკისკისებულ მარიამს ხელი დაუქნია.

-ჩვენც გვიყვალხალ დედიკო. მამა უთხალი. _ ფუმფულა თითებით სახეზე მოეფერა ბეთას.
​​​​​​​-მამი მეჩვენება თუ დედაშენს ზედმეტად ემსგავსები და ტუტუცდები? _ წარბი აწია და ცალი ხელით ააფრიალა შვილი ჰაერში, მეორე ხელით კი ოთახის კარები ფართოდ გააღო და ცოლს სიყვარულით სავსე მზერა შეავლო უკვე მერამდენედ. -ჩვენც გვიყვარხარ დედიკო. _ ყურთან უჩურჩულა კართან მიყრდნობილს და შვილის მსგავსად მთელი ძალით ჩაიკრა გულში.

  დ  ა  ს  ა  ს  რ  უ  ლ  ი.


როგორც იქნა შევძელი და თქვენამდე მოვედი. პირველ რიგში მაპატიეთ შუა გზაში რომ დავტოვე რომანი და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი წელი გავიდა, მაინც ელოდებოდით და გჯეროდათ ჩემი. მეც როგორც დაგპირდით ადრე თუ გვიან დავასრულებთქო და არ ვიცი რამდენად გამოვიდა, მაგრამ დავასრულე. მადლობა ამდენი სიყვარულისთვის იმ წლების მანძილზე, როცა არ ვწერდი და მაინც სულ გახსოვდით, მამხნევებდით და სიყვარულს არ იშურებდით.
შეგნებულად არ შევასწორე წინა თავები, სადაც უამრავი შეცდომაა და უზუსტობა, მაშინ ასე ვგრძნობდი, ასე მეწერინებოდა და მინდა ისე დარჩეს როგორც იყო. ახლანდელი გადმოსახედიდან ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ მაინც.
მოკლედ, მადლობა თითოეულ თქვენგანს და რა ვთქვა იმის გარდა, რომ ძალიან მიყვარხართ.

კატეგორია: რომანი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 288 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
heart love როგორ გამიხარდა,ხომ იცი რამდენ ხანს ველოდი ♥ ,როგორც ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი იყო . მაგრამ ნელიიი biggrin biggrin biggrin ეგ არსება კიდევ ადვილად "გადარჩა", მეტს აღარ დავწერ არ გამომექცეს სპოილერები
avatar