უსახელო
10.06.2020, 17:39

ივნისის მიწურულს, როდესაც შუა ღამეს კარგად გადაცილებული იყო, ჩხეიძის ქუჩაზე მხოლოდ ორი სახლიდან სჭვივოდა სინათლე. ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ორი საუკეთესო მეგობარი ცხოვრობდა. ერთ-ერთს არასდროს შეეძლო იმის გახსენება, თუ რა სიტვაციაში გაიცნო მისი ერთადერთი ბავშვობის მეგობარი. მეორე კი სულ ღიმილით იხსენებდა მეგობრის ბავშვურ სახეს. რომელიც ლახტით ხელში მორბოდა და ფინიშთან მისული, მოწყვეტით ეცემოდა მზისგან გახურებულ ასფალტზე. ახლა კი ღიმილით იხსენებს იმ მომენტს, როცა გოგონას გადაყვლეფილი მუხლები დაინახა, მაგრამ მაშინ პატარა გული შიშისგან გაორმაგებულად უცემდა.  თვალები ცრემლით აევსო და სწრაფად მივარდა ძირს დაცემულს. ჭრილობას გამეტებით უბერავდა სულს, ცდილობდა ფერდაკარგული თანატოლი დაემშვიდებინა და ტკივილი შეემსუბუქებინა. უნდოდა დასახმარებლად ვინმესთვის დაეძახა. თუმცა ქუჩაში სხვა, რომ ვერავინ დალანდა გაჭირვებით წამოაყენა გოგონა ფეხზე, ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორეთი კი მისი პატარა მკლავები თავის სუსტ მრებზე გადაიდო და დაშავებულთან ერთად მისი ეზოსაკენ გზას ნელა გაუყვა.

კარზე დარჩენილი ძალით დააკაკუნა და დაელოდა შუა ხნის ქალის გამოჩენას, რომელმაც კარის გაღებისთანავე შეჰკივლა და ბავშვები ოთახში შეატარა. ამ დღეს დაისაჯა ლიზა საკუთარი თავის გაუფრთხილებლობისთვის და მთელი კვირა ეზოში სათამაშოდ გასვა აეკრძალა, ლახტით სირბილი კი სამუდამოდ.

პირველი სტუმრობის შემდეგ ინა ხშირად აკითხავდა ხოლმე გოგონას და თანდათან ერთმანეთის განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ლიზას ბებიის ატმის კომფოტის თანხლებით ხან ლოტოს თამაშობდნენ, ხანაც გასაფერადებლებს აფერადებდნენ. თუმცა ორივეს, ყველაფერზე მეტად გასაფერადებელ ჟურნალს ბონუსად მოყოლილი, კროსვორდის შევსება სიამოვნებდათ.

ახლა, თოთხმეტი წლის შემდეგ ინა მიდიოდა. მართალია ერთი წლით, მაგრამ მაინც, ძალიან შორს მიდიოდა. ახლობლებისგან და ლიზასგან შორს. ეს უკანასკნელი მოუსვენრად დააბიჯებდა საკუთარ სახლში და ვერაფრით ახერხებდა ცოტახმნით დაძინებას. მოთმინება დაკარგულმა მალევე გამოიხურა სახლის კარი და მოპირდაპირე სახლის კიბეები სწრაფად აირბინა, კარზე არც დაუკაკუნებია ისე შეიჭრა სახლში და ფეხსაცმელები კუთხეში მიაწყო. პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა, საიდანაც ხმაური ისმოდა.

- აბა რა ქენი, ყველაფერი შეამოწმე, ხომ არაფერი გრჩება? ღიმილით გახედა, თვალებგაბრწყინებულ ინას და მის გასაცილებლად შეკრებილი ნათესავები ღიმილით მოიკითხა.

- ნუ დარდობ ლიზიკო, ხომ იცი ჩანთაში ყველაფერი ხუთი დღის წინ ჩავალაგე. წარბაწეულმა გადახედა ბიძაშვილს, რომელსაც მის ნათქვამზე ჩაეცინა. - რა გაცინებს ნიკოლოზ?

- ხუთი დღის წინ, დილით ძალიან ადრე. წესით ყველა სულიერს, რომ უნდა სძინებოდა აი მაგ დროს, მესმის, რაღაცის გადმოვარდნის ხმა ინას ოთახიდან. წარმოიდგინეთ ისეთი ხმა ჰქონდა, მე რომ საწოლიდან წამომაყენა და ამ ქალბატონის მოსაკითხად გავედი. ხომ იცით ძილი ჩემი მეორე ნახევარია. შევედი და რას ვხედავ. კარადიდან ტანსაცმელები იატაკზე გადმოუყრია, თავად კი სკამზე შემდგარი შეწუხებული სახით დაჰყურებდა ძირს გადმოვარდნილ ყუთს.

- ნიკოლოზ გეყოფა…

- მოიცა ინა. ყურადღება არ მიაქცია გაწითლებულ გოგოს და თხრობა განაგრძო. - გაინტერესებთ რა იყო ამ ყუთში? - სტუდენტობის ოთხი წელი. რაც კი კონსპექტი და ქსერო-ასლი მოეპოვებოდა ქალბატოს, ამ ერთ ყუთში ჩაალაგა და საჩუქრად წებოვანი ლენტი გადააკრა ზედ. გეგონებათ ვინმე გადაუყრიდა, ან წაიკითხავდა რომელიმე მათგანს. მერე კი ამ ყუთის კარადის თავზე შემოდება მოუნდომებია და ხომ იცით ბაკალავრიატის ოთხი წელი, როგორი მძიმე და ხმაურიანია? აი სწორედ ესე მძიმედ და ხმაურიანად დაენარცხა იატაკზე იმ დილაადრიან… მაგრამ ყველაზე მთავარი ეგ არ არის, ღიმილით გადახედა გამხიარულებულ ნათესავებს და თავში მოხვედრილი ბალიში უკანვე დაუბრუნა ინას. - კარგი რა , რამდენიმე საათში მიფრინავ და მერე დიდი ხნით დავკარგავ შენი გაწვალების შანს ინაჩკა. - ხო მთავარი ისაა, რომ მაგ დღეს ინამ თავისი დიდი ჩემოდანი გადმოიღო და ყველაფერი, რისი წაღებაც უნდოდა დიდ გერმანიაში სწორედ ისე დაკეცა, როგორც  გამოცდილი მოგზაური გოგები კეცავენ იუთუბ ვიდეოებში - აი უსაშველოდ დიდი ჰუდი, რაღაც მინიმალისტურ ზომის, რომ ხდება, ხომ იცით არა? მოკლედ,  ინამაც ყველაფერი კოხტად დაკეცა და ჩაალაგა თავის ჩემოდანში. თვითონ კი თვალებგაბრწყინებული სამზარეულოში გაიქცა საჭმლის მოსამზადებლად. არ ვიცი მაცივარში რა ვერ იპოვა, მაგრამ მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა, ხო და პიჟამოებით ხო არ წავიდოდა? მიადგა ამ ცარიელ კარადას და ძონძების მეტი, რომ ვერაფერი იპოვა მოხსნა კოდი თავის საგულდაგულოდ ჩაკეტილ ჩემოდანს და ესე კოხტად დაკეცილ ტანსაცმელებში შეუდგა სამარკეტო ,,ლუქის” შერჩევას. ნიკოლოზმა ღრმად ჩაისუნთა და გამხიარულებულ ახლობლებს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო. - თავიდან არაფერი მითქვამს ჩუმათ მეცინებოდა და ვაკვირდებოდი მის მოქმედებას, მაგრამ  მაღაზიიდან ამოსულს ლიზიკომ, რომ დაურეკა კაფეში ვარ, ნახევარ საათში აქ გაჩნდიო და ინა ისევ გაბრაზებული ეცა ამ თავის ჩემოდანს. ბევრი ქექვის შემდეგ, საბოლოოდ გადახსნილი ჩემოდანი რომ დატოვა გაგულისებულმა, აი მაშინ ხარხარი ვეღარ შევწვიტე. მოკლედ, ბოლო ხუთი დღე ჩემოდანში ცხოვრობდა ფაქტობრივად. მასში ქექვაში აქვს გატარებული ეს დღეები და არადა ახლაც რომ ჰკითხო ხუთი დღის წინ მორჩა ჩაბარგებას გოგო.

თვითონაც გამხირაულებული ინა ფეხზე წამოდგა, ლიზას თვალი ჩაუკრა და მასთან ერთად სამზარეულოში გაექცა ყველას.

- ლიზ, ყავას შენც დალევ?

- არა იყოს, ისედაც გული მაქვს აჩქარებული. ძალიან მომენატრები, ეს ერთი წელი სწრაფად გავა, მაგრამ რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება ინა, რომ შენ აღარ დაბრუნდები?

- ნეტავ შენც მოდიოდე… ჰო ერთი წელი სწრაფად გავა, მაგრამ შენ ვერ მოგატყუებ ხომ იცი? თავადაც არ ვიცი დავბრუნდები თუ არა ერთი წლის შემდეგ...

- ნეტავ მეც მართლა მოვდიოდე, მაგრამ ხომ იცი, რომ ახლა არ შემიძლია…

-ჰო ვიცი. შენ გეგმები რადიკალურად შეცვალე…

-  ხანდახან პრიორიტეტების გადაფასება მოუოდნელად გვიწევს ინა. ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პირადი ცხოვრებაა. და აღარ გვინდა ამაზე კარგი? შენ ის მითხარი თავად რას აპირებ?

- რაზე ლიზუ? არადა თვითონაც კარგად იცოდა, რას გულისხმობდა მისი მეგობარი

- კრისტოფერს არ ეტყვი, რომ გერმანიაში მიდიხარ? ან სანდროს არ გამოემშვიდობე?

- კარგი რა, გერმანიაში მივდივარ კრისტოფერთან სახლში, სტუმრად ხომ არა? თანაც რამდენიმე თვეა მიმოწერა არ გვქონია. სანდროს რაც შეეხება მისი ნახვა არ მინდა, მისთვისვე აჯობებს ასე…

-  კარგი, მაგრამ კრისტოფერს ხომ აგვისტოში უნდოდა ჩამოსვლა. რომ ჩამოვიდეს და მოგწეროს?

- თუ მომწერს ვეტყვი სადაც ვარ. ნახე როგორი ბედის ირონია იქნება, გავცვლით სამშობლოს და ეგაა. ან საერთოდ, რატომ აიჩემე, რომ ჩვენს შორის რამე იქნება? ძალიან ეცინებოდა ლიზას მონდომებაზე. ხანდახან ისეთ რომანტიულ ისტორიას შეთხზავდა ხოლმე მასზე და იმ გერმანელ ბიჭზე ინას გაოცებულს ტოვებდა.

- რავიცი გული მიგრძნობს ეგ თქვენი ნაცნობობა სხვანაირად გაგრძელდება ძალიან ჭკვიანი ბიჭია…

- ლიზიკო, მორჩი ახლა თავადაც იცი მხოლოდ სიჭკვიანით ურთიერთობები არ იწყობა. რას იზამს შენი ბიჭი წამოვა აეროპორტში?

- ჰო, ოღონდ პირდაპირ იქ მოვა.

- და თქვენს გადადებულ ნიშნობაზე თუ ილაპარაკეთ გუშინ?

- არა ინა, უკვე აღარ ვიცი რა იქნება მომავალში. ვერაფერი გავუგე. ბოლო სიტყვები ჩუმათ ჩაიბუტბუტა გოგონამ და ფეხზე წამოდგა - წამოდი შევუერთდეთ დანარჩენებს და ძველი ამბები გავიხსენოთ ჩვენც.

 

მისაღებში ისევ მხიარულობდნენ. კიდევ ერთი საათი ჰქონდათ დრო და მერე გააცილებდნენ თავიანთ თვალისჩინს. რომელიც მათგან უდიდეს სიყვარულს გრძნობდა ყოველთვის. უკვირდა კიდეც ინას, რითი დაიმსახურა ასეთი უპირობო სიყვარული ამ ხალხისგან.

 

გვერდით ტელეფონში თავჩარგულ ნიკოლოზს მიუჯდა და ხელზე მწარედ უჩქმიტა. ბიჭის დაბღვერილ სახეზე კი ჩაეცინა და ტელეფონი ხელიდან ააცალა.

-სამახსოვროდ დაგრჩება ნიკუშ. რაო შენმა ჯულიეტამ ვერ ვიძინებ, სანამ შენი ბიძაშვილი არ გაფრინდებაო?

- მორჩი მაიმუნიბას ინა, სხვათაშორის ბედნიერი მგზავრობა გისურვა.

-ოჰ, რაღა მიჭირს. სიცილით ჩაეხუტა ბიჭს და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოალაგა. - არავის დაგრჩათ მოგონებები გასახსენებელი? თუ ნიკოლოზმა და დემეტრემ ამოწურეს უკვე თემა, ჩემს არ ყოფნაში? დაწვრილებული თვალებით გადახედა დემეტრეს და ამ უკანასკნელისთვის უკვე ნათელი გახდა, რომელი ისტორიის გახსენებას აპირებდა ინა.

- სიმართლე გითხრათ არ მახსოსვს რამდენი წლის ვიყავი. დაახლოებით ალბათ ექვსის. როგორც ყოველ ზაფხულს, მაშინაც მე, ნიკოლოზი და დემეტრე სოფელში ვიყავით ბებიასთან. რადგანაც გოგო ვიყავი ეს ორი ონავარი არასოდეს მათამაშებდა მათთან ერთად და სულ ბებიას კალთას ამოკერებულს მიწევდა დროის გატარება. ხომ იცით რანაირია, ვაიმე ბავშვს რამე არ დაუშავდეს. არ შესცივდეს, არ დაისვაროს და ვაიმე ბავშვს საჭმელი არ მოაკლდესო იძახდა და ხელს არ მიშვებდა. იმ დღესაც გვერდით მომისვა და მაგიდაზე ხილით სავსე დიდი ჯამიც დადო. უკვე ვიცოდი რა ბედი მეწეოდა და ღმერთს ვსთხოდი შანსი მომცემოდა გასაქცევად. ჰო და დიდი ხანი ცდა არ მომიხდა. დანა დაავიწყდა ბებოს და ოთახში შებრუნდა. მეც მეტი რა მინდოდა? მოვკურცხლე ეგრევე და სახლის უკან თხილნარისაკენ რაც ძალი და ღონე მქონდა გავრბოდი. მესმოდა ბებია, როგორ მეძახდა, მაგრამ ცოცხალი თავით უკან მიმბრუნებელი არ ვიყავი. აღარ შემეძლო ყოველ დღე ამდენი ხილის ჭამა. ვიტამინები და ზოგადად ყველაერი ნორმის ფარგლებშია კარგი. ეს კი ბებიას დღემდე არ ესმის.  მოკლედ მალე ახალი იდეა მომივიდა თავში და თხილის შეგროვება დავიწყე, გაბრაზებულ ბებოს მერე გულს მოვულბობ ჩემი შრომით თქო და თავდახრილმა თხილის ხიკვა განვაგრძე. გული ლამის გამისკდა ჩურჩულის ხმა, რომ მომესმა ვსო მიპოვა ბებიამ და ხილით სავსე ჯამის შეჭმა არ ამცდებათქო გავიფიქრე, მაგრამ როცა წელში გავიმართე და არემარე თვალი მოვავლე, სასიამოვნოდ შევცდი. ღობის კუთხეში ჩუმად შეყუჟულ ბიჭებს გადავაწყდი სიგარეტის კვამლში რომ გახვეულიყვენ. ნიკა ღიმილით გამოექანა ეგრევე ჩემსკენ, დემეტრემ კი წარბშეკრულმა დააგდო სიგარეტის ნამწვავი ძირს და ფეხი გამოცდილი მწეველივით დაბიჯა. ნიკამ მალევე ჩამავლო ხელი და მათ შორის ხის მორზე ჩამომსვა. აზრზე არ ვიყავი რა უნდოდათ, რატომ მიყურებდა თვალებაციმციმებული ნიკოლოზი, ან დაბღვერილ დემეტრეს რატომ ჰქონდა ჩემი მეორე ხელი კარგად ჩაჭიდებული. ამ რამდენიმე წამიან, მაგრამ ჩემთვის საუკუნოვან დუმილს დემეტრემ მოუღო ბოლო და მკაცრად გამაფრთხილა ბებიამ, რომ გაიგოს ჩვენ აქ სიგარეტს ვეწეოდით მაგ კიკინებს ღერა-ღერა დაგაცლიო. ნიკოლოზმა კი თავისკენ შემაბრუნა და სრულიად უდარდელად მკითხა მიყვარდა თუ არა წითელი ფუშფუშა კაბები. აი რატომ არ უნდა მყვარებოდა ფუშფუშა კაბები ექვსი წლის გოგოს? ეგ რა საკითხავი იყო. მაგრამ ეს წითელი ფერი რაღატომ მოაგონდა ღმერთმა უწყის ალბათ იმ წელს ძალიან მოდური იყო, რადგან დემეტრემ იფიქრა ამ დამფრთხალმა ბავშვა უფრო არ ჩაგვიშვასო და თავადაც ჩემს მოქრთამვას წითელი ლაკის ფეხსაცმელებით შეეცადა. საბოლოოდ, ორივე დამპირდა, რომ ჩემი დუმილის სანაცვლოდ ზემოთხსენებულ წითელ ფუშფუშა კაბას და ლაკის წითელ ფეხსაცმელებს მივიღებდი, მაშინ, როცა პირველ ხელფასს აიღებდნენ ვაჟბატონები - ხოდა ამ შანს გამოვიყენებ და ახლავე ჩაგეკითხებით თქვენ ორს. სად არის დანაპირები? რამდენი წლის წინ აიღეთ პირველი ხელფასი უსინდისოებო?  და ლაკის ფეხსაცმელები, რატომ უნდა მომწონებოდა დემე? მის სმენაში გართულ ბიჭს გაკრა ხელი და გამოაფხიზლა, რომელმაც უდარდელად აიჩეჩა მხრები  - მე რა ვიცი სულ წითელი ფერის რაღაცეებს იცვამდი და ლაკის ფეხსაცმელები ძალიანაც მოდური იყოო მიუგო ბოლოს და გემრიელად დაამთქნარა.

მეორე ზაფხულს, მაინც გასკდა ბიჭების და სიგარეტის ამბავი. ერთი წლით გაზრდილი დემეტრე გათამამდა და სიგარეტის მოწევა საკუთარ ოთახში გადაწყვიტა. ბებიას გარეცხილი თეთრეული უნდა შეეტანა მასთან. დემეტრემ რომ კიბეებზე ამომავალი ბებია შენიშნა, საშინლად დაიბნა და  სიჩქარეში ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ ცეცხლ მოკიდებული სიგარეტი კარადაში შეეგდო. თვითონ კი ბებიას შეეგება, მე გამოგართმევ ჩემს ტასაცმელებს შენ რატომ უნდა შეწუხდეო. ამ გაწი-გამოწევაში - არა ბებო მე დაგილაგებ შენ რა იცი მე სად რას ვდებ და - არა შენ არ შეწუხდეში. მოეკიდა ბებიას შენახულ ნამზით ბალიშებს ცეცხლი და ქალსაც ოთახიდან გამომავალ კვამლზე გაუშეშდა თვალი. ოღონდ ეს წამით, თორე ისე უცებ გადადგა ეს ჩვენნი დემეტრე გვერდით და ოთახში შევარდა, რომ ამ უკანასკნელს თვალის დახამხამებაც ვერ მოესწრო. ბევრი რაღა გავაგრძელო და კარგად დაისაჯა დემეტრე. ძილში ტუჩებზე წიწაკა წაუსვა ბებიამ და მთელი ორი დღე ერთმანეთზე გაბრაზებულები კანში ვეღარ ეტეოდნენ. არა ბიჭოს ნამზითი ბალიშების დაწვას ასე უმტკივნეულოდ აპატიებდა ლელა ბებია.

 

თხრობა დაასრულა თუ არა, ინას ტელეფონიც განათდა. ეკრანზე გამოსახულმა სახელმა უცნაურად აუჩქარა გული და მთელი სხეული გაუყინა. აკანკალებული თითები მოხვია ტელეფონს და აივანზე გავიდა.

სანდრო ურეკავდა. ბიჭი, რომელიც მის ცხოვრებაში პირველი კლასიდან გამოჩნდა. მთელი მისი ბავშვობა და მუდამ ინას გაწითლების მიზეზი იყო. არადა არასოდს უთქვამს სანდროს, რომ უყვარდა. იცოდა ინა იგივე გრძნობებით, რომ ვერ უპასუხებდა და მასთან წყლის ამღვრევას  მეგობრის სახელს უკან ამოფარება ამჯობინა. ჭორიკანა ენების გამო ინას თვალწინაც ბევრს მიუხლია პირში, ეს გოგო რამდენი წელი უნდა გიყვარდეს ასე უთქმელადო. სკოლაში თანატოლების სულელურ გამოხტომებს თუკი ინაც შეესწრებოდა, ბრაზისგან ლამის იგუდებოდა სანდრო. ყბა ეჭიმებოდა და ხელებს მუშტავდა, თუმცა ვერასოდეს აპატიებდა თავის თავს ინას თვალწინ წყობილებიდან გამოსვლას და არამკითხე თანატოლებს გვარიანად შელამაზებას.

 

გაყინული თითები ნაზად გადაუსვა გოგონამ ეკრანს და აივნის მოაჯირზე ნახევარი ტანით გადაეყუდა, ხმის ამოღება არ დააცადა ბიჭმამ ისე მიაყარა შენს სადარბაზოსთან ვარ ჩამოდი, გთხოვო… ინამაც თვალი მოჰკრა სადარბაზოს ხესთან ატუზულ სილუეტს და საჩქაროდ გასწორდა წელში.

 

როგორ ვერ იტანდა რეალურ გამომშვიდობებას. გონებისა და გულის გაერთიანებით ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც სინამდვილეში იმაზე მტკივნეულია ვიდრე გონებიდან გულისკენ ნასროლი ერთი სიტყვა.

 

ფრთხილად გამოიხურა კარი და სადარბაზოსთან ატუზული სხეულის პირდაპირ გაჩერა. თითქოს ახლა იცავდა მასთან დისტანციას.  თითქოს ახლა ორაგად გაქსელებულიყო მათ შორის აღმართული კედელი. შინაგან სიცივეს სუსხით სავსე ნიავი ეკვრებოდა და კიდევ უფრო უკარგავდა მოსვენებას.

ლამპიონიდან დაცემული შუქი ნახევრად ეღვრებოდა სანდროს თვალებს. თუმცა ინასთვის მის თვალებში დაბუდებული სევდის დანახვა არც თუ ისე ძნელი აღმოჩნდა. გული მოეწურა გოგონას. ოღონდ სანდროს თვალები არ ენახა დღეს და სხვა ყველაფერზე იქნებოდა თანახმა. როგორ უნდოდა ის სიტყვები ეთქვა ბიჭისთვის, რაც თვალებიდან საავდროდშეყრილ ღრუბლებს გადაუყრიდან, მაგრამ არ შეეძლო.

 

- შენ მე არ მითხარი დღეს რომ მიდიოდი ინა… მის წინ ატუზულ გოგონას ეგრევე აჯახა ბიჭმა და ბრაზის დამალვა საერთოდ არ უცდია მისთვის, ნერვულად ათამაშებდა სიგარეტის ყუთს ხელში და მზერას აქა-იქ დაცოცებდა. - შენგან ერთ გულწრელ, გამოსამშვიდობებელ სიტყვას ნუთუ არ ვიმსახურებდი ინა?!

 

გულზე მოხვეული მარწუხები თითქოს წამში დაწყდნენ და თავისუფლად ფუნქციონირების საშუალება მისცეს მოუსვენარ ორგანოს. სილის გარტყმას ჰგავდა სანდროს სიტყვები ინასთვის. აქამდე თუ მის თვალებში დანახული სევდა ორივე ხელით იჭერდა, ახლა ბრაზის დახმარებით სრულიად განთავისუფლდა და წელში გასწორებული მიუახლოვდა ბიჭს.

 

- შენგან გულწრფელ სიტყვებზე ლაპარაკი ცოტა პარადოქსულად მეჩვენება სანდრო. რაში მადანაშაულებ? მკითხე და დაგიმალე? რა უნდა მექნა ბილეთი როგორც კი ვიყიდე, ეგრევე შენთვის დამერეკა, სან 26 მივფრინავთქო?!  მიპასუხე,რომ მეთქვა რას იზამდი სანდრო ?

- ახლა შენს გვერდით ყოფნის ისეთივე შანსი მექნებოდა, როგორც სხვებს მაღლა, რომ გელოდებიან… შენ კი ეს შანსი წამართვი ინა.

- ზემოთ ჩემი ახლობლები და უახლოესი მეგობარი მელოდება. შენ კი რა სტატუსით იქნებოდი ჩემს გვერდით სანდრო? მეგობარი? - ამ მეგობრობის დიდი ხანია მე და შენ აღარ გვწამს სან.  ჯანდაბა, რამდენი წელია გიყვარვარ სანდრო?

- და შენ ამ წლების განმავლობაში, მაინც არ მომიშორე ინა.

- იმიტომ, რომ მეგონა შანსი გვქონდა. მეგონა, რომ თუ შენ საკუთარ თავს გადააბიჯებდი ჩემშიც შეიცვლებოდა რაღაც. უნდა გეცადა სანდრო, მაგრამ შეღებულ კარებს ყოველთვის თვალდახუჭული კეტავდი, რეალურად რომ არ დაგენახე. იცი რამდენჯერ მინდოდა თავდავიწყებით შემყვარებოდი? რამდენჯერ მიფიქრია ნუთუ მართლა, როგორც მეგობარს ისე ვუყურებ სანდროსთქო… მაგრამ პასუხი ჩემთან ყოველთვის ორსახოვანი იყო და ამის გამო ხშირად ვკიცხავდი საკუთარ თავს. მე შენს გრძნობებში გავერკვიე სან, თუმცა საკუთარში ვერა. - გახსოვს ჩემი დაბადების დღე?

 

მთელი ძალით ეკვროდა სანდროს თითები სიგარეტს, ოღონდ ეს იმედგაცრუება არ ეგრძნო და რას არ გაიღებდა. ოღონდ საკუთარი გაუბედაობის ირონიული ღიმილისთვის არ მოეკრა თვალი. ოღონდ ახლა არ გამოეფინა ინას მთელი მათი ცხოვრება და კიდევ ერთხელ დახუჭავდა თვალს, არ დაინახავდა და არ იგრძნობდა. კიდევ ერთხელ ჰკრავდა ხელს და მოიშორებდა...

-  კარგი რა, თვალს რატომ მარიდებ სანდრო? დავიღალე… იმ დღეს ასე ჩვეულებრივად ავდექი და დაღლა გადავწყვიტე. ყოველგვარი შელამაზების გარეშე ჩემს თავს გამოვუცხადე, რომ საკუთარი სიძლიერის შესახებ მისი ტყუილების მოსმენას აღარ ვაპირებდი და დროა იყო ერთმანეთისაგან დაგვესვენა, როგორც დედამიწის ზურგზე ყველაზე ბანალური მიზეზით დაშორებულ წყვილს. დაღლილი და გზააბნეული, შენთან ვცდილობდი თავშესაფარის პოვნას, იცი, როგორ მინდოდა იმ ღამით შენთვის მეკოცნა და ამ კოცნას ზღაპრული ჯადოქრობა შესძლებოდა? მინოდა, შემეგრძნო შენი სიყვარული, ერთხელ და სამუდამოდ გველაპარაკა ჩვენზე. გამერკვია ჩემს თავს რა ჯანდაბა ხდებოდა. შენ კი რა გააკეთე? შენს მხრებზე შემოლაგებული ხელები ჩამომაწევინე და გულში ჩამიკარი. ხვალ, რომ გამოფხიზლდები ინანებ და საკუთარ თავზე გაბრაზდებიო.

მე კი არაფერი მინანია სანდო. უბრალოდ საკუთარ თავზე იმის გამო ვბრაზობ, რომ ის გრძნობები წამითაც არ უნდა შემომეშვა შენში, რამაც შენთან ყოფნაზე ხელი გაკვრევინა.

-  ინა, ყველაზე მძიმე და დამღლელი ტვირთი საკუთარი სულია, რომელიც მთელი ძალით მაწვება და მიმსხვრევს ნეკნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შესახედაობისა და ხასიათის მიღმა მეც არ ვიცი, როგორ გამოიძერწა კიდევ ერთი პიროვნება ჩემს შიგნით, რომლის უსუსურობასაც იმხელა ენერგია სჭირდება, რომ ნელ-ნელა მე მაქრობს. უბრალოდ თვალხილული არაფერი ვხდები… ამის გამო, შენ მე ვერასოდეს შემიყვარებდი ინა…

- სისულელეა… მე სულ სხვანაირ სანდროს ვხედავდი და მართალი ხარ, რატომ უნდა შემყვარებოდი? შენ ხომ არასოდეს შეგიწუხებივარ შენი გრძნობებით, არასოდროს აგიკლივარ სულელური სასიყვარულო ფრაზებით. შენ, ხომ ჩემთვის შეუმჩნევლად ცდილობდი ყველასათვის პასუხის გაცემას, ვინც ოდნავადაც კი გულს მტკენდა. შენ ხომ არასოდეს ზრუნავდი ჩემზე. შენ ხომ არასოდეს შემოგიხედავს იმ მზერით, მთლიანად რომ მათბობდა და თავს ძლიერად მაგრძნობინებდა. ჯანდაბა, იდიოტი ხარ სანდრო. შენი თავიც და მეც ღრმა ბავშვობაში დააჯერე, რომ ჩვენს შორის ფსევდომეგობრობის გარდა არაფერი გამოვიდოდა და საწადელს მიაღწიე კიდეც, გილოცავ…

ყველაზე აუტანელი იცი ჩემთვის რა არის? - მე მაინც მიყვარხარ. მართალია ჩემებურად და არა ისე, როგორც შენ სიყვარული წარმოგიდგენია, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ ყველა იმ მოგონების გამო, რაც შენი და ჩემია, რადგან ჩემი სანდრო არაფერზე მეტია.

გთხოვ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მითხარი შენი პირით, რასაც გრძნობ და გამიშვი სანდრო. საბოლოოდ გამიშვი… იქნებ ასე მაინც გავერკვე ჩემს თავში.

- თუ გეტყვი ყველაფერი დამთავრდება ინა. იმ ემოციებსაც წამართმევ, რასაც ჩვენი შეხვედრის დროს განიცდი ხოლმე და მაბედნიერებ. ხომ იცი როგორი ხარ, როცა საწადელს აღწევ მერე გული გიცივდება. წარსულში განცდილი ემოციები შენში იგივე სიმძლავრით არ ფეთქდებიან და ვერ კმაყოფილდები. მე კი ყოველთვის ამის მეშინოდა ინა, არ მინდოდა შენთვის ის მიზანი გავმხდარიყავი, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვაღწევთ…

ყოყმანის შემდეგ გულში ჩაიკრა ატირებული გოგო და ტუჩები ყელზე მიაკრო.

- სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ინა. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. შენ ჩემი ცხოვრების ის ნაწილი ხარ, რომელიც ჩემგან შორს, დამოუკიდებლად ბედნიერი უნდა იყოს…

 

გონს ლიზას ძახილმა მოიყვანა. დროზე ამოდი აეროპორტში გვაგვიანდება მანდ რას დაყუდებულხარო.

ტკივილნარევი სიმსუბუქე იგრძნო ინამ. თითქონს დიდი ხნის განმავლობაში აღმართზე ლოდმოკიდებული ადიოდა და ახლა ვიღაც კეთილისმსურველმა ეს ლოდი ზურგიდან ერთი ხელის მოსმით ააცალა…

არაფერს ნანობდა ინა. არღარც სანდროს დადანაშაულებას აგრძელებდა გულში. რაც თქვა უნდა ეთქვა, მაგრამ იმაშიც რწმუნდებოდა, რომ ერთმანეთისთვის გაჩენილები არ ყოფილან. მხოლოდ კარგი ადამიანობა და ურთიერთობის ნდომა დიდ სიყვარულს ვერ გააჩენს. რაც მთავარია ბედნიერს ვერ გაგხდის. ორივემ თავისებურად სცადა. ახლა კი ერთმანეთი საბოლოოდ გაანთავისუფლეს. ეჭვი არ ეპარებოდა სანდროს წრფელ სიყვარულში, რომლის მსგავსაც ალბათ ვერასოდეს შესთავაზებდა ვინმე.

კატეგორია: რომანი | დაამატა: NANO
ნანახია: 470 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar