შემოდგომის გოგონა
18.11.2017, 00:13

-თამარ აბრძანდი, სამსახურში დაგაგვიანდება და მერე იქედანაც გამოგაგდებენ. _ დილაადრიან თავზე წამოადგა შორენა.

-მამიდა რა გაყვირებს ამ დილაუთენია? _ დიდრონი ლურჯი თვალები გაახილა გოგონამ და საწოლში წამოჯდა.

-რა მაყვირებს? აბა რავქნა რომ დააგვიანო და გამოგაგდონ? მე ჩემს თავს ძლივს ვირჩენ და შენ როგორ გარჩინო. რაც დედაშენი და მამაშენი გარდაიცვალა ჩემს კისერ..

-გაჩუმდი… _ ცხოვრებაში პირველად, რაღაც არაამქვეყნიური ხმით დაიღრიალა და შიშისაგან ფერწასულ ქალს მზერა გაუსწორა. ნელა წამოდგა საწოლიდან და წინ აესვეტა შორენას. -ახლა ვარ შენა კისერზე არა? ახლა აღარ მოგწონს შენი ერთ დროს “უსაყვარლესი” ძმისშვილი? ადრე ხომ გიყვარდა, მამაჩემი რომ ბევრ ფულს გაძლევდა და იქით გარჩენდა? ეს სახლიც მისი ნაყიდი არ არის? სადაც ახლა მე შენს კისერზე ვცხოვრობ? მამაჩემმა არ იყიდა რომელსაც უკვე სამი წელია მამადლებ? ამდენჯერ მოვითმინე უკვე და ყელში ამომივიდა შენი საყვედურები, ყოველდღე იმის წამოძახება რომ მე უუნარო ვარ რახან ხელი არ მაქვს. გრცხვენია არა? უნარშეზღუდული ძმისშვილი გყავს და გერიდება ხალხში რომ გამოაჩინო. მე დღეს წავალ და აღარასდროს მოვალ აქ, მაგრამ დაიმახსოვრე რომ ვერც შენ მოხვალ ჩემს სიახლოვესაც კი, “ძვირფასო მამიდა”. _ ბოლო სიტყვები ღიმილნარევი ირონიით უთხრა და სააბაზანოსკენ წავიდა.

ოცი წლის იყო როდესაც მშობლებთან ერთად დასასვენებლად მიდიოდა, იმ საღამოს რაღაც უცნაურად წვიმდა… თითქოს ციდან ვედრებით ასხამდნენ წყალსო. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, ისე სწრაფად რომ ახლაც ვერ ახერხებს მომხდარის აღდგენას გონებაში. მხოლოდ ძლიერი შეჯახების ხმა ახსოვს, მერე კი აღარაფერი ყოფილა კარგად……

მშობლები ადგილზე გარდაიცვალნენ, თვითონ კი ძლიერი ტრავმა მიიღო და მარცხენა ხელი დაკარგა… კარგახანს ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან, ვერ წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა ეცხოვრა მშობლების გარეშე, მაგრამ თვეების შემდეგ მიხვდა რომ ბნელ ოთახში ჯდომით არაფერი შეიცვლებოდა. სწავლა ვეღარ გააგრძელა რადგან იცოდა იმ თანხის გადახდას ვერ შეძლებდა, ამიტომ გადაწყვიტა სამსახური მოეძებნა. ეს ხომ საქართველოა, აქ ხომ უნარშეზღუდულობა სირცხვილი და თავის მოჭრაა, ამიტომ სამსახურშიც არავინ მიიღო. მამიდამისი კი ყოველდღე ახსენებდა ძალიან მწარე რეალობას.

რამდენიმე დღეში ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ არც იქ ყოფნამ გასტანა დიდხანს. უფროსმა უთხრა საქმეს თავს ვერ ართმევო და უკან გამოისტუმრა. იმდენად დაძაბა ამ სიტუაციამ, მერე უკვე აღარც კი ეძებდა სამსახურს მაგრამ თათა არ აძლევდა დანებების უფლებას, ბავშვობის მეგობრები იყვნენ და მაქსიმალურად ცდილობდა იმ ბნელ წლებს არ ჩაეთრია, საიდანაც ძლივს ამოიყვანა. ყოველდღე დადიოდა მასთან და მოწყენის საშუალებას არ აძლევდა. ერთ დღესაც გახარებულმა შეაღო თამარას ოთახის კარი, მუქი ფარდები ფართოდ გადასწია და საბანში თბილად გახვეული ერთიანად გააშიშვლა.

-თათა ამ დილაუთენია რას დამარბიე?

-ახლავე გაიღვიძე და მოწესრიგდი, დასრულდა მთელი დღე ძილი და შავ-ბნელ ოთახში გამოკეტვა.

-რას გულისხმობ? _ ინტერესით ახედა თავზე წამომდგარ დაქალს.

-სამსახური გიშოვე წიგნების მაღაზიაში. _ ტაში შემოჰკრა და გაოგნებული გოგონა ფეხზე წამოაგდო.

-ალბათ არ იციან როგორიც ვარ არა? _ სიმწრით ჩაეცინა და ხელზე დაიხედა.

-თამარა ნერვებს ნუ მიშლი, როგორიც ვარ რას ქვია? ჩვეულებრივი ხარ გესმის? ჩვეულებრივი ადამიანი. ცოდნას რაც შეეხება დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა.

-დაუჯერებლად მიმაჩნია რომ მუშაობას ვიწყებ.

-ხოდა დაიჯერებ, სწრაფად მოემზადე და წავიდეთ გველოდებიან. _ ღიმილით უთხრა და კარადისკენ უბიძგა. იმდენად გაახარა ამ ამბავმა, ემოციებს თავს ვერ უყრიდა, მთელი ბავშვობა ოცნებობდა საკუთარი თუ არ ექნებოდა, ემუშავა მაინც რომელიმე წიგნების მაღაზიაში და თითქოს ეს მაინც აუხდაო.

ახალი გახსნილი წიგნების მაღაზია იყო, მეტად დახვეწილი და სადა. მეპატრონე ნელ-ნელა ხსნიდა მსგავს ძველებური სტილისა და სასიამოვნო გარემოს მქონე მაღაზიებს და ბათუმზეც მიდგა ჯერი. მუშაობა რაც დაიწყო უამრავი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი გაიცნო რომლებიც მაღაზიაში მოდიოდნენ და თამარას რჩევას სთხოვდნენ წიგნებთან დაკავშირებით. ესეც სიხარულით ეხმარებოდა წიგნების შერჩევაში და ყველას კმაყოფილს ისტუმრებდა. ერთ წელზე მეტი იმუშავა, მაგრამ უფროსი ერთხელაც არ ჩასულა ბათუმში, თუმცა მოადგილეს გზავნიდა ხშირად და ასე გახდა მისი ახლო მეგობარი ლექსო.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ძალიან მოსწონდა სამსაზური და ბედნიერი იყო მანამ, სანამ მამიდამისის საყვედურები ყელში არ ამოუვიდა და სახლიდან წასვლა არ გადაწყვიტა…..

 

შემოდგომა იდგა…..

ფოთლები ალაგ-ალაგ შეფერილიყვნენ და არემარეს მკვეთრად არა, თუმცა უკვე დატყობოდა ოქტომბრის შემობრძანება. ერთ დროს მწვანე ბალახით აბიბინებული მდელო ერთიანად შეფერილიყო და გვირილების კვალიც კი აღარსად სჩანდა.

შემოდგომას მოეცვა ყველაფერი… მზის სხივები საკმარისად ვეღარ ათბობდა დედამიწას და ოქტომბრის სუსხიც შეუმჩნევლად შემოპარულიყო.

არემარე გაცრეცილიყო და მოყვითალო ფერად იყო ყველაფერი შეფერილი - შემოდგომისფრად…

ბილიკებს ნაზად დაჰქარგვოდნენ წითელ_ყვითელი ფოთლები და ყველაზე მდიდრული ხალიჩასავით დაჰფენოდნენ გზებზე.

თამარასთვის ყველაზე ლამაზი და საყვარელი წელიწადის დრო იყო, შეეძლო საათობით ესეირნა საყვარელ ბაღში და ეყურებინა როგორც თვითონ ამბობდა, ყველაზე ლამაზი ბუნებრივი მოვლენის - ფოთოლცვენისთვის.

მაღაზიიდან რომ ბრუნდებოდა გზად საყვარელ ბაღში მიდიოდა და საათობით იჯდა ხოლმე იქ, განსაკუთრებით შემოდგომაზე. ის ხომ ყველაზე ლამაზი წელიწადის დრო იყო, უამრავი წითელ-ყვითელი ფოთლების ზეიმითა და ცეკვით შემკული.

…………………………

ნივთები სწრაფად მოაგროვა, ერთ მოზრდილ ჩანთაში მოაქცია, ქურთუკი ჩაიცვა და მთელი ძალით გამოიჯახუნა სახლის კარები. გარეთ გამოსულს შემოდგომის საამო ნიავი მიელამუნა სახეზე და ღრმად ჩაისუნთქა საყვარელი სურნელი. ჩანთა ხელში დაიჭირა და ფეხით დაუყვა ბილიკს, რომელზეც შემოდგომა დაქარგულიყო და ფოთლების ხმა ყველაზე სასიამოვნო მელოდიად ჩაესმოდა ყურში.

თათას სახლამდე ისე მივიდა ვერც გაიგო, ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში და პასუხგაუცემელი კითხვა, მაგრამ სახლიდან წამოსვლას მაინც არ ნანობდა.

ჩანთა ძირს დადო და ისე დარეკა ზარი, მერე კი მალევე გაიგონა ფეხის ხმა და თათაც გამოჩნდა კარის ზღურბლზე.

-მე შენ როდის გეუბნებოდი წამოდი იმ კუდიანი ქალის სახლიდან და საერთოდ შეეშვითქო? _ თავი გააქნია და სახლში შეატარა დაქალი.

-დღეს ვეღარ მოვითმინე და ძალიან ვეჩხუბე, ცოტახნით შენთან ვიქნები და მერე გადავალ.

-ჩათვალე ვერ გავიგონე რა თქვი, მიდი დაჯექი საუზმეს გავამზადებ და მერე ერთად წავიდეთ სამსახურებში.

 

რომ ისაუზმეს სწრაფად მოემზადნენ და სამსახურებში წავიდნენ, რადგან ორივე ძალიან აგვიანებდა.

-დღეს ლექსო უნდა ჩამოვიდეს თბილისიდან და ახალი წიგნები ჩამოიტანოს, ისე მიხარია ერთი სული მაქვს მივიდე.

-მართლა? დღეს შემოგივლი და მეც ვიყიდი რამეს.

-მე შემომივლი თუ ლექსოს? _ წარბები აათამაშა და დაბღვერილს სიცილით გახედა.

-თამარ რას აიჩემე ეს ლექსო? მაშვლობა დაიწყე და მიმალავ?

-კარგი ხო, რას მიბღვერ მამიდაჩემივით?

-თამარ!

-ხო კარგი, კარგი. დღეს გამომიარე სამსახურის მერე და ერთად წავიდეთ.

-კარგი, ჭკვიანად. _ ლოყაზე აკოცა დაქალს და გზა განაგრძო. თამარამ მაღაზია გააღო და ხარბად შეისუნთქა წიგნების სურნელი, მერე კი სავარძელში მოკალათდა და ორი დღის წინ დაწყებული წიგნის კითხვა გააგრძელა. იმ დღეს ბევრი კლიენტი არ ჰყოლია, მხოლოდ ოთხი გოგონა გაისტუმრა და ისევ დაწყებულ საქმეს მიუბრუნდა.

საღამოხანს ისე გაერთო რომ ვერც შეამჩნია როდის შემოვიდა მამაკაცი მაღაზიაში და როდის დაიწყო წიგნების თვალიერება, მხოლოდ წიგნის დაგდების ხმამ გამოაფხიზლა და სწრაფად გასწორდა წელში. თვალები მოჭუტა და მამაკაცს დააკვირდა, რომელიც ძირს ჩამოვარდნილ წიგნს იღებდა.

-თქვენთვის არ უსწავლებიათ რომ წიგნებს ნაზად უნდა მოეპყროთ? _ ხმამაღლა უთხრა და ფეხზე წამოდგა. მამაკაცმა ალმაცერად გამოხედა თამარას და დიდრონი შავი თვალები მიანათა.

-თუ არ მოვეპყრობი?

-მაშინ აქ შემოსვლის უფლებას აღარ მოგცემთ.

-თქვენ? _ ხმამაღლა გაიცინა და გოგონა შეათვალიერა.

-დიახ მე. _ თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. მამაკაცმა მზერა მის ხელზე შეაჩერა და ღიმილი ერთიანად წაეშალა სახიდან. როდესაც თამარამ ეს გამოხედვა დააფიქსირა ხმამაღლა გაიცინა, რამაც უფრო გააოცა მამაკაცი.

-გინდა გითხრათ ახლა რას ფიქრობთ?

-ვანგაც ხართ ყველაფერთან ერთად?

-არა, თქვენმა მზერამ მიმახვედრა. შეგეცოდათ საბრალო უნარშეზღუდული გოგო და გადაწყვიტეთ გაჩუმებულიყავით რომ არაფერი სწყენოდა საწყალს.

-არადა სინამდვილეში პირიქით იყო, ძალიან მომეწონა ეს გოგო, მისი სიძლიერე და თავდაჯერებულობა. გაჩუმებას რაც შეეხება ეს ენის ჩავარდნას უფრო ჰგავდა დადებითი ემოციებისგან.

თამარას გაეცინა და ისევ სავარძელში მოკალათდა, მამაკაცი კი მის პირდაპირ დაჯდა.

-როგორ მუშაობს მაღაზია?

-საკმაოდ კარგად, უამრავი საინტერესო ადამიანი შემოდის ყოველდღე.

-ყველასთან ასეთი მკაცრი ხართ?

-არა, თქვენ პირველი შემთხვევა ხართ.

-ანუ განსაკუთრებული. _ თვალები დააწვრილა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.

-შეიძლება ასეც ითქვას.

-გული არ გაიტეხოთ, თქვენც განსაკუთრებული შემთხვევა ხართ.

-მე რატომ?

-ათ სხვადასხვა ქალაქშია მსგავსი წიგნის მაღაზია, უკვე ათივეგან ვიყავი, მაგრამ თქვენ პირველი შემთხვევა ხართ, ვინც საკუთარი წიგნების მაღაზიიდან მაგდებდა რამდენიმე წუთის წინ. _ ღიმილი გაუკრთა ტუჩთან და თვალი გაუსწორა გოგონას. თამარა ერთიანად გაწითლდა სახეზე, მერე გალურჯდა და ასე მონაცვლეობით. შავი კულულა ოფლით დაცვარულ შუბლზე ჩამოუვარდა და ხელით ისევ უკან გადაიტანა. ღრმად ჩაისუნთქა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში.

-თქვენ…

-გიორგი გიგაური. _ თვალი ჩაუკრა და ხელი გაუწოდა. თამარა ძლივს მოვიდა აზრზე და მამაკაცისას საკუთარი ხელი შეაგება. გიორგი სიცილს ვერ იკავებდა გოგონას შემყურე და მისგან შეუმჩნევლად შეეპარებოდა ხოლმე ტუჩის კუთხეში ღიმილი.

-თამარა როგორ ხარ? _ მაღაზიის კარები ლექსომ შემოაღო და თბილად ჩაეხუტა გოგონას.

-კარგად ლექსო შენ?

-მე რა მიჭირს, გაიცანი უკვე უფროსი?

-გავიცანი, და მერე როგორ. _ ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ გიორგიმ მაინც გაიგონა და უფრო ხმამაღლა გაეცინა.

-აამ.. ჩემი წასვლის დროა, შეხვედრამდე. _ ქურთუკს ხელი დაავლო და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა მაღაზიიდან.

-რა მიქარე? _ წარბაწეულმა ლექსომ ძმაკაცს ინტერესით გადახედა.

-არაფერი გეფიცები. _ მხრები აიჩეჩა და მონუსხულმა გააყოლა თვალი მიმავალ გოგონას.

 

**********

გიორგის გამოჩენის შემდეგ თითქოს ერთიანად შეიცვალა თამარას ცხოვრება….

სულ სხვანაირი გახდა, უფრო ლაღი, მხიარული და მომღიმარი. ისეთი გოგონა როგორიც იმ ავტოკატასტროფას გააყოლა თან. თვითონაც არ იცოდა რა ტრიალებდა მის გონებაში, მაგრამ ფაქტია მამაკაცის გამოჩენა აშკარად დაეტყო მას.

თავიდან ახლოსაც არ იკარებდა, სულ გაურბოდა და მისგან შორს იჭერდა თავს, მაგრამ დროთა განმავლობაში დაუმეგობრდა და ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე. ერთხელაც საყვარელ ბაღში მიიყვანა თამარამ და მას შემდეგ ყოველ საღამოს იქ სეიენობდნენ ხოლმე.

მასაც ძალიან უყვარდა ოქროსფერი შემოდგომა…

ცივ_თბილი და ყველაზე განახვავებული წელიწადის დროაო სულ იძახდა.

მართლაც და როგორი განსხვავებულია არა? ხან თბილი და მზიანი, ხანაც ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი.

 

-დღეს ცივა არა? _ გარეთ გამოსულებმა ცას ახედეს და თამარა არც ისე კმაყოფილი დარჩა ამინდით.

-ხო, ცოტათი ცივა. ჩემი ქურთუკი ჩაიცვი. _ უთხრა და მოახურა. თამარამ მამაკაცის სურნელი რომ იგრძნო ერთიანად წამოწითლდა სახეზე. ამასობაში პარკშიც მივიდნენ და საყვარელ ადგილას დასხდნენ. რაც ერთმანეთი გაიცნეს მას შემდეგ ამოიჩემეს და არ შორდებიან იმ ადგილს.

-მთელი გზაა გაკვირდები და ლოყები წითელი გაქვს. _ ჩუმად უჩურჩულა მამაკაცმა. თამარას კიდევ უფრო შერცხვა, გაყინული ხელი სახეზე მიიდო და გრძელი სკამის ბოლოსკენ მიჩოჩდა. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა და გოგონას გახედა.

-ორი ვერსია მაქვს.

-რა ვერსია? _ ცოტა არ იყოს დაიბნა.

-ან ჩემი გეშინია, ან არ მენდობი.

-შენი… შენი რატომ უნდა მეშინოდეს?

-თამარა, ერთ თვეზე მეტია რაც ერთმანეთს ვიცხნობთ არა? ვცდილობ შენთან ახლოს ვიყო და იგრძნო რომ მარტო არ ხარ მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევ, გინდა გითხრა რატომ? გგონია იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები რომლებიც შენს მდგომარეობას ავადმყოფობას, შენ კი უნარშეზღუდულს გიწოდებენ. გგონია ერთ დღესაც შემრცხვება შენს გვერდით დადგომა და ეს გძაბავს. შენი აზრით უნარშეზღუდული გოგო გქვია, რომეკიც ოთახის რომელიღაც კუნჭულში უნდა იყოს მიმალული და ჩვეულებრივ ადამიანებს ემალებოდეს? შენ არ ხარ ჩვეულებრივი და ამას იმ დღესვე მივხვდი როცა პირველად გნახე, მაღაზიიდან რომ შუბლშეკრული მაგდებდი. _ ღიმილით გაიხსენა მათი პირველი შეხვედრა და საუბარი განაგრძო. -ისეთმა ადამიანებმა რა ქნან ვისას სმენაც და მხედველობაც დაქვეითებული აქვთ? ისეთებმა რა მოიმოქმედონ რომლებიც საკუთარი ფეხით ვერ გადაადგილდებიან და ყოველდღე ისმენენ ხალხისგან წამოსულ დამცინავ სიტყვებს: ყრუ, ბრმა, ინვალიდო და ა.შ

შენ ხარ გოგო, რომელმაც მომავალი უნდა დაანახოს მათ და უნდა შთააგონოს რომ მათი მდგომარეობა სამასირცხვო არ არის და ისევე უნდა იცხოვრონ როგორც ადრე ცხოვრობდნენ. _ მონოლოგი დაასრულა და ლოყებიდან ხელი ჩამოაღებინა გაოგნებულ და მისი სიტყვებით შეფიქრიანებულ თამარას. -სიწითლე გიხდება და ასე უკეთესია. _ ცხვირზე მსუბუქად მოუჭირა ორი თითი და თბილად გაუღიმა.

იმ დღის შემდეგ ბევრი იფიქრეს რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ბოლოს თამარამ მოიფიქრა რომ წიგნების მაღაზია გაეფართოვებინათ და შიგნითვე გაეკეთებინათ კაფე, სადაც ყოველ კვირას მოიწვევდნენ ადამიანებს, რომლებსაც სიცოცხლია ხალისი დაკარგული ჰქონდათ და ცხოვრებაზე უიმედოდ ჩაექნიათ ხელი. რამდენიმე თვე მოანდომეს ბიბლიოთეკის გაფართოებას, ყველაფერი მათი გემოვნებით ეწყობოდა და საბოლოო ჯამში ზღაპრული გამოვიდა.

 

შემოდგომის ფოთლებივით მიჰქროდნენ თვეები და ნელ_ნელა მიჰქონდათ ყველაფერი ცუდი რაც კი თამარაში იყო დარჩენილი იმ ამბების შემდეგ. აღარ იყო ცხოვრება ისეთ შავ_თეთრ კადრებში როგორც ადრე, არ იჯდა ბნელ ოთახში და ცრემლებად არ იღვრებოდა. გიორგის გამოჩენამ გადაშალა მისი მუქი ფარდები და ოთახი ნათელ ფერებში გაანათა. ახლა უკვე მუქი კიარა, ოქროსფერი იყო თამარა. ისეთი ოქროსფერი როგორც ნოემბრის ბაღები…

ყოველ კვირას იწვევდა სტუმრებს და აძლევდა რჩევებს თუ როგორ დაეღწიათ თავი შავ_ბნელი წარსულიდან. თათამ და ლექსომ ჟესტების ენა ისწავლეს და ლექციის ჩატარებაში ისინიც სიამოვნებით ეხმარებოდნენ ხოლმე. უკვე მთელი ქვეყანა მათზე ლაპარაკობდა და თითქმის ყველა ქალაქიდან ჩამოდიოდნენ სტუმრად მათი ლექციების მოსასმენად. ეს იყო ის, რამაც გადატრიალება მოახდინა თამარას ცხოვრებაში და ძირფესვიანად ამოძირკვა მტკივნეული წარსული კომპლექსებთან და შიშებთან ერთად.

 

*     *     *     *     *

ისევ შემოდგომა იდგა…..

სექტემბრის ქარი უცნაურად დაჰქროდა აქეთ-იქით და არემარეც ერთიანად იმოსებოდა შემოდგომისფრად. ამინდიც სექტემბრისთვის შეუფერებელი და მეტად ცივი იყო, ცა მუქად ჩაშავებულიყო და ალაგ-ალაგ სისხლისფრად ელავდა.

სამსახურიდან გამოსული თამარა მთელი გზა ეტიტინებოდა გიორგის, ის კი ჩუმად უსმენდა და არაფერს ამბობდა. პარკში რომ მივიდნენ თამარა სკამზე ჩამოჯდა და ღიმილით დაელოდა როდის მიუჯდებოდა მამაკაცი გვერდით, მაგრამ გიორგი იდგა და სულ სხვა მიმართულებით იყურებოდა. გოგონა ფეხზე წამოდგა, მამაკაცს წინ დაუდგა და ხელით გაუპარსავ ლოყაზე მოეფერა, მერე კი მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.

-რა გჭირს? _ მხრები აიჩეჩა და ტუჩები გამობურცა რაზეც გიორგიმ ღიმილი ვერ შეიკავა.

-მოდი ჩემთან. _ სკამზე დაჯდა და კალთაში ჩაისვა გოგონა.

-გიო რამე ხდება? _ ცოტათი შიში შეეპარა ხმაში.

-უნდა წავიდე. _ ამის თქმა და იმხელაზე დაიგრუხუნა, გეგონებოდათ ღრუბლები შუაზე გაიხლიჩაო.

-სად უნდა წახვიდე?

-ისევ თბილისში უნდა დავბრუნდე საცხოვრებლად, მაგრამ გპირდები აუცილებლად ჩამოვალ.

-გასაგებია. _ თავი დაუქნია და ცოტახანს უყურა მამაკაცს, მერე კი წამოდგა და უხმოდ გაუყვა მოოქროვილ შემოდგომის ბილიკს.

ისე გაწვიმდა როგორც არასდროს, წვიმის წვეთები დაუდევრად ეცემოდა თამარას და მის სახეზე დათამაშობდა. მიუყვებოდა ქუჩას და უყურებდა გახუნებულ ხეებს, არემარეს, რომელიც თითქოს გაუფერულებულიყო…

უყურებდა და თითქოს ვეღარ აღიქვამდა შემოდგომის სილამაზეს….

 

.     .     .     .     .     .     .

-თამარა გაიღვიძე, ლექციაზე დაგვაგვიანდება. _ კარზე ფრთხილად მიუკაკუნა თათამ.

-მმმ.. ვდგები საყვარელო. _ მადიანად დაამთქნარა და სწრაფად წამოდგა საწოლიდან.

თავი რომ მოიწესრიგა მისაღებში გავიდა და დაქალს მიუჯდა გვერდით.

-დღეს რა რიცხვია?

-21 ნოემბერი

-”უშენოდ გამინოემბერდა კიდეც” _ გულში გაიფიქრა, დაქალს კი უბრალოდ სევდიანად გაუღიმა და ყავა მოსვა.

-ვიცი რომ ორი თვე გავიდა დღეს… _ ხელზე ხელი მოუჭირა და თანადგომის ნიშნად გაუღიმა. -აუცილებლად დაბრუნდება შენც ხომ იცი.

-წავიდეთ თორემ ვაგვიანებთ. _ სწრაფად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე და ფეხზე წამოდგა. თათამ ეშმაკურად ჩაიღიმა და თავი გააქნია.

ბიბლიოთეკაში მისულებს იქაურობა ცარიელი დახვდათ, მხოლოდ ლექსო იჯდა და ერთმანეთზე დადებულ ყუთებს ხსნიდა.

-ლექსო ახალი წიგნები მოიტანე? _ გახარებულმა ჩაილაპარაკა და ყუთებს დახედა.

-ხო, ერთი ძალიან საინტერესო რომანია რომელიც დღეიდან გაიყიდება. კარგი ამაზე მერე ვისაუბროთ. ყველა შენს საყვარელ პარკში გელოდება, კარგი ამინდია და იქ ჩავატაროთ ლექციაო.

-დაიცა იქ არიან? _ გაოცებულმა ჩაილაპარაკა და თან გაეღიმა.

-აბა რა გეგონა ყველას რომ მიასწავლე?

-კარგი, კარგი. მაშინ წავიდეთ.

-ეს კი შენ, აუცილებლად წაიკითხე ლექციას რომ დავასრულებთ. _ უთხრა ლექსომ და მუქ სასაჩუქრე პარკში გახვეული წიგნი გადასცა.

-აა, ეს ის ახალი რომანია? კარგი ლექსო დიდი მადლობა, აუცილებლად წავიკითხავ.

-წავედით ვაგვიანებთ. _ ორივეს დაუცაცხანა თათამ და ბიბლიოთეკიდან გაყარა.

პარკში მისულებს ყველანი იქ დახვდნენ, ოქროსფერი ფოთლების და შემოდგომისეული გარემოს ფონზე იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ლექცია ვიდრე თამარას წარმოედგინა და ბოლოს მადლობაც კი გადაუხადა ყველას ასეთი იდეის წამოყენებისთვის. დიდხანს ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, მერე კი ნელ_ნელა დაიშალნენ და პარკში მხოლოდ სამეული დარჩა.

-თამრი მე და ლექსო სასეირნოდ მივდივართ და შენ წამოხვალ?

-არა გვრიტებო, მარტო წადით.

-თამარ!!

-ხო, კარგი რაიყო. რა ვთქვი ახლა მე ისეთი? _ მხრების ჩეჩვით ახედა ორივეს. -აქ დავრჩები და თან ახალ რომანს წავიკითხავ, მაინტერესებს ძალიან.

-კარგი მაშინ ჩვენ წავალთ და სახლში გნახავ. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა დაქალს და ლექსოს მიყვა უკან.

თამარა გრძელ სკამზე მოკალათდა და მუხლებზე დადებული პარკიდან წიგნი ამოაძვრინა.

რამდენიმე წუთი უყურებდა წიგნის ყდას, რომელზეც ნაცნობი ფოტო იყო გამოსახული. გაახსენდა როგორ ჩაკიდა ხელი გიორგის და ფოთლების ფონზე გადაიღეს ფოტო. ჯერ იფიქრა რაღაც მეშლებაო, მერე ყდის თავში ოქროსფერი ასოებით ნაბეჭდი “შემოდგომის გოგონა” რომ წაიკითხა, რომლის ქვემოთაც გიორგი გიგაური ეწერა, ერთიანად ააკანკალა და აღარ იცოდა სად წასულიყო.

გაყინული ხელით გადაფურცლა პირველ გვერდზე და სიცილნარევი ტირილით ჩაიკითხა ლექსი, რომელიც რომანს უძღვოდა წინ:

 

“წვიმს, ცა ჩამოვიდა ფეხად
ქარი ახალ ამბებს ყვება,
ფოთლებს შეუცვლია ფერი
ყველა შემოდგომას ხვდება.
მოოქროსფრო ფოთლებს ველი
ძირს რომ ფიფქებივით ცვივა,
მიყვარს შემოდგომის სუნი
მიყვარს შემოდგომის წვიმა.
ბილიკს მივუყვები სადაც
ქარი იავნანას მღერის,
ოქროს ფოთლებიც კი ცეკვავს
ყველა შემოდგომას ელის.
შავი შეპარვია ღრუბელს
ცაში მოსისხლისფროდ ელავს,
ტალღა შეფერილა მუქად
ზღვა კი უჩვეულოდ ღელავს.
სევდა შემოიცვა ქარმა
ზაფხულს კვალიც აღარ უჩანს,
მზემ კი გაიხადა სითბო
უცქერს გახუნებულ ქუჩას.
ფოთლებშემოძარცვულ ხეებს
თითქოს გაღიმება უნდა,
მაგრამ ყელში უჭერს ქარი
ყველას ერთდროულად გუდავს.
მე კი ფოთოლცვენას ველი
ირგვლივ ფიფქებივით დაყრილს,
ისევ შემოდგომა გვათოვს
ისევ შემოდგომა გვაწვიმს.”

-ღმერთო მითხარი რომ არ გავგიჟებულვარ და ჯერ კიდევ საღ გონებაზე ვარ. _ ცრემლები ხელისგულით შეიმშრალა და წიგნს მიუბრუნდა, თუმცა ისევ დაუსველა თბილმა და მლაშე სითხემ ღაწვები. ამჯერად ბოლოსკენ გადაფურცლა და მუქი შავი ასოებით მინაწერ ავტორის სიტყვას ინტერესით დააჩერდა:

“რომანის დასასრულს ყველა სმენადაქვეითებულს ვერ დაუბრუნდება სმენა, ყველა მხედველობადაკარგული ვერ დაინახავს ისევ უწინდელივით მკვეთრად მზის ამოსვლასა და ჩასვლას, ვერც ყველა მეტყველებადაკარგულს დაუბრუნდება მეტყველების უნარი და სულ ყველა ეტლში მჯდომიც ვერ დაიწყებს სირბილს. ზემოთ ჩამოთვლილების გარეშეც გრძელდება ცხოვრება და იმ ყველაფრის მიუხედავად რომ ცდილობ გაილამაზო, მაშინ ხარ ძლიერი ადამიანი!

სრულყოფილება ადამიანის სხეულში კიარა, სულში უნდა დაინახო და მერე მიხვდები რას ნიშნავს რეალური ბედნიერება.

მე უბედნიერესი ვარ…

‘ცოლად გამომყევი შემოდგომის გოგონა’ “ _ ბოლო წინადადება ოქროსფერი ასოებით იყო მიწერილი, რომელიც თამარას ცრემლებმა დაასველა და უფრო გაალამაზა. ფეხზე წამოდგა და გახედა მის წინ მდგომ, მომღიმარ გიორგის გახედა. წიგნი გულზე მიიხუტა და თვითონაც ყველაზე წრფელი და ბედნიერი ღიმილით გაიღიმა….

 

ისევ მაშინდელივით ქროდა ქარი….

ნოემბერს სიცივე შეჰპარვოდა და არემარე ზამთართან შესახვედრად ემზადებოდა. ხეები ურცხვად გაეშიშვლებინა ცელქ ნიავს და მოოქროსფრო-მოწითალო ფოთლები დაუდევრად მიმოეფანტა აქეთ-იქით..

სიცივის მიუხედავად ჯერ კიდევ მძაფრად ტრიალებდა შემოდგომის სურნელება და წვიმის წვეთები ცრემლად იღვრებოდა ფანჯრია მინაზე. სიჩუმეს შეშის ტკაცა-ტკუცი და ბუხარში გაბატონებული წითელი ალის სიცელქე არღვევდა.

თამარას გიორგის კალთაში ედო თავი, მამაკაცი კულულებზე ნაზად ეფერებოდა და ვინ იცის, უკვე მერამდენედ უკითხავდა “შემოდგომის გოგონა”_ს.

ცელქი ნიავი ხეებს ისევ ურცხვად აშიშვლებდა და ოქროსფერად “დათოვლილ” ბილიკს კიდევ ემატებოდა წითელ-ყვითელი მოცეკვავე ფოთლები.

ისევ შემოდგომა იდგა….


დ  ა  ს  ა  ს  რ  უ  ლ  ი  !!!
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1639 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
avatar
0 Spam
1
ყველაზე საუკეთესო იყო მგონი შენს ნაწერებს შორის ეს ♥♥
avatar
0 Spam
2
შენეული შემოდგომა,ჩემი ბათუმი და ბევრი სიყვარული ♥♥
avatar
0 Spam
3
უნიჭიერესი ყავხარ ნასწენკას და ძალიან უყვარხარ ♥
avatar
0 Spam
4
დადებითი ემოციებით ავივსე პირველივე სიტყვიდან. არ ვიცი რა ვთქვა მართლაც რომ უნიჭიერესი ხარ. გრძნობების სწორად გადმოცემა და მკითხველის გულამდე მიტანა ბევრს არ შეუძლია. შენ_ გამონაკლისი ხარ ♡♡
avatar
0
5
გოგოებო ძალიან დიდი მადლიბა, უზომოდ მახარებთ და მაბედნიერებთ ❤ ვგიჟდები თქვენზე❤❤❤
avatar
0 Spam
6
Es iyo erterti sauketeso shens istoriebs shoris..dzalian daxvewili da lamazi namushevari janu..vitire martla magram sasiamovnoa es yvelaferi,da mjera rom realobashic ase xdeba.. dzalian kargad gaqvs gadmocemuli tamaras mdgomareoba,unijieresi gogo xar janu.chemo patara qalo.. warmatebebi mudam.
avatar
0
7
მაი ჩემო ყველაზე ტკბილო და საყვარელო დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის❤❤❤❤❤
avatar