ელიფ შაფაქი - „სიყვარულის ორმოცი წესი“
06.06.2017, 16:10
თუკი ფიქრობთ, რომ ელიფ შაფაქის რომანში „სიყვარულის ორმოცი წესი“ მორიგი სიყვარულის ისტორიაა აღწერილი მთელი თავისი ბანალური მხარეებით, ძალიანაც ცდებით. პირველივე ფურცლის გადაშლისთანავე იგრძნობა, რომ ავტორი რაღაც ახალს ამბობს თანამედროვე ლიტერატურაში.
ნაწარმოები მეტად მრავალფეროვანია და თემას რომ არ გადავუხვიო, იმასაც მოგახსენებთ, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე, ანუ სიყვარულის მოკლე გაგებაზე, არ არის დაყრდნობილი.
წიგნში გადაშლილია სიყვარული - როგორც ადამიანი, როგორც ღმერთი, როგორც ოჯახი, როგორც სამშობლო. სიუჟეტი ძალზე მრავალწახნაგოვანია ჭრელი პერსონაჟებიდან გამომდინარე. სიტუაცია ორ, ერთმანეთისაგან შორეულ დროში ხდება. პირველი - ახლა, ოცდამეერთე საუკუნეშია, მეორე - მეცამეტეში. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების მსგავსი აგებულება წიგნების მოყვარულთათვის უცხო არ არის,მეტიც - ერთობ მოსაწყენი და გაცვეთილია, ნაწარმოების ბოლოს ეს ორი სიუჟეტი უცნაურად ეხლართება ერთმანეთს.
წიგნში მრავლადაა ისეთი ფრაზები, რომლის ზედმიწევნით დამახსოვრებაც მოგინდებათ, რათა სიცოცხლის ბოლომდე არ ამოგივარდეთ თავიდან.

„ნუ გეშინია ჯოჯოხეთის, ნურც სამოთხეზე ოცნებობ, რადგან ორივე შენშია.“

რადგან დაუსრულებლად შემიძლია ამ წიგნზე საუბარი, ბლოგი მოსაწყენი რომ არ გახდეს და მეც ჩემი აზრები რომ არ მოგახვიოთ თავს, უბრალოდ გეტყვით რა მომცა ელიფ შაფაქის ამ რომანმა :
სხვანაირად დავინახე ჭეშმარიტება. მივხვდი, რომ სიყვარული ჯერ კიდევ არსებობს დედამიწაზე და მანამ იარსებებს, სანამ უკანასკნელი ადამიანი, უკანასკნელი მცენარე, უკანასკნელი ბაქტერია არ გაქრება, სამყაროს დასაწყისიდან - დასასრულამდე.
თურმე რამხელა სიყვარული შესძლებია ადამიანს. - ეს გავიფიქრე პირველად, წიგნი რომ დავასრულე.
ემოციების გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია, რადგან რომანში აღწერილი სევდაც ისე ბრწყინავს, ისე ანათებს, რთული გასარჩევია, ნამდვილად არის თუ არა სევდა.
ჩემი საყვარელი მწერლების სიას შაფაქიც შეემატა თავისი სიდიადით, მსოფლიო ლიტერატურას - კიდევ ერთი შედევრი.

ჩემი საყვარელი ფრაზები წიგნიდან:
„მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთმინება შორსმჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკალს რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ. მოუთმენლობა კი სიბაცეა, შედეგის განჭვრეტის უუნარობა. ღვღის მოყვარულთ მოთმინება არასოდეს ელევათ, რადგან იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო სჭირდება.“

„სიყვარული არის მიზეზი, სიყვარული არის მიზანი. და როცა ღმერთი ასე გიყვარს, როცა სათითაოდ ყველა მის ქმნილებას სიყვარულს უცხადებ, თავისთავად გშორდება ყველაფერი, რაც ზედმეტია და იმ წუთიდან შენი „მე“ აღარ არსებობს. შენ უტოლდები ნულს, რომელიც მთელს შენს არსებობას ფარავს.“

„-დავიჯერო, შენ ხარ ის ლეილა, მაჯნუნი რომ ჭკუიდან შეშალა? დიდი ვერაფერი ბედენა ყოფილხარ! ნეტავ, რით მონუსხე ის კაცი?
-მე კი გახლავარ ლეილა, მაგრამ შენ არ ხარ მაჯნუნი. მისი თვალით უნდა შემომხედო, სხვაგვარად ამ სიყვარულის საიდუმლოს გასაღებს ვერ უპოვი.“

„მწირი გონების ხალხი ისედაც ყრუა. მათ დახშულ ყურებს ისედაც მკრეხელობად ჩაესმით ყველაფერი.“

იმედია, ბლოგმა ოდნავ მაინც ჩაგისახათ წიგნის წაკითხვის სურვილი.
გიყვარდეთ ერთმანეთი. და გახსოვდეთ :„ შენი გულის კარი ისე ფართოდ უნდა გააღო, რომ შიგ მთელი კაცობრიობა დაიტიო და კიდევ დაგრჩეს ადგილი სიყვარულისათვის.“ (ე.შაფაქი)
კატეგორია: სხვა... | დაამატა: ლუცი
ნანახია: 2530 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar