რანაირია?!
18.02.2017, 18:22
მონატრება დიდი ოხერი რამეა, მითქვამს და ვიმეორებ!
აი, ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით გვენატრებიან?! აი, იმდენად, რომ ეს მონატრება უკვე ტკივილს გვაყენებს. გვენატრებიან, როცა წლების მანძილზე არ გვინახავს ისინი ან გვენატრებიან, როცა ყოველდღე ვნახულბთ მათ. შეიძლება სულაც არაა ასე და ეს უბრალოდ ჩემი ილუზიაა, ვინ იცის...
მე და მონატრება ახლო მეგობრები ვართ. წლებია თავიდან ვერ ვიშორებ, ჩამისახლდა და ჩემით იკვებება. მოკლედ, მონატრება ჩვეულებრივი პარაზიტია, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმსაც და სულსაც.
მონატრებაზე როცა მიდგება საქმე, სულ, სულ ერთი ადამიანი მახსენდება უკვე მერამდენე წელია, მიუხედავად იმისა, რომ მის გარდაც სხვაც მომნატრებია. რაღაცნაირი ადამიანია, თავისი არსებობა დაამჩნია ჩემ ცხოვრებას და ახლა ზის თავის სახლში, ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. ამდენი წელია არაფერი შეცვლილა, მაგრამ რამდენიმე თვეში შეიცვლება... ისიც მხოლოდ მანძილი... მანძილი, რომელიც რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე ათას კილომეტრამდე გაიწევს... და თითქოს მე ახლა ვიაზრებ, რომ რაღაც ძალიან ძვირფასს ვუშვებ სადღაც ძალიან შორს. არ მომწონს ეს ფაქტი, რაც წმინდა წყლის ეგოისტობაა, მაგრამ არც არაფრის შეცვლაა შესაძლებელი. ჯერ კიდევ გუშინ ვფიქრობდი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მანძილს, როცა ორი ადამიანი მაინც არ ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა ახლა თითქოს ტვინი გამომირეცხეს. სიმართლე რომ ითქვას ის ჩემზე ბევრად ეგოისტია. დამისვა კითხვა, რომელზეც პასუხი იცოდა, თუმცა ისიც იცოდა, რომ ამ პასუხს ვერ მიიღებდა. მოგენატრებიო? მინდოდა მეთქვა, რომ არა, ისედაც სულ მენატრები და რა აზრი აქვს-თქო, მაგრამ ეს პასუხი ისეთ თვითმკაყოფილებასა და სიამოვნებას მიანიჭებდა, როგორც მე საკუთარი ხელით დამზადებული შოკოლადის ნაყინის თითოეული ლუკმა. ვუთხარი ის, რასაც ვფიქრობდი, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი კილომეტრით იქნები დაშორებული, თუ მაინც არ გნახავ-მეთქი?! „ახლა იცი, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემი ნახვა, მერე კი გეცოდინება, რომ შეიძლება ვეღარასდროს მნახო“... - იყო პასუხი. აი, აქ გამიჩინა საფიქრალი. იმ ფიქრით უფრო ადვილია ცხოვრება, რომელიც რაღაც იმედს გაძლევს. ყოველ დილით, როცა სახლიდან გავდივარ და ყოველ საღამოს, როცა სახლში შემოვდივრ , ვიცი, რომ არის შესაძლებლობა იმისა, რომ ის შემხვდება. შემხვდება, უბრალოდ გამიღიმებს და ისე თბილად ჩამეხუტება, როგორც არავინ არასდროს. პირადად ჩემთვის ჩახუტება ყველაზე ინტიმური ურთიერთობაა, რაც კი ორ ინდივიდს შორის შეიძლება შედგეს. შენ გრძნობ მის კანს საკუთარზე და ხვდები, რომ ეს უბრალო შეხება საკმარისია ბედნიერებისთვის. როცა დიდი ხნის უნახავს დაინახავ, უყურებ სუნთქვა შეკრული, უყურებ და ერთი სული გაქვს შეეხო. უბრალოდ შეეხო და მისი კანის სითბო ან სიცივე იგრძნო. ეს არის მონატრების ყველაზე უცნაური მხარე, როცა იმდენად გინდა მის შეხებას გრძნობდე, რომ ჰაერი გეკვრის. ნებისმიერ, ნებისმიერ დროს შემიძლია უბრალოდ მივწერო და ის აუცილებლად მოვა ჩემთან, ჩამეხუტება, ჩამაშტერდება თვალებში და მემილიონედ გამიმეორებს, რომ გიჟდება მათზე, რომ უსასრულოდ შეუძლია უყუროს, რომ მე არ ვარ სხვა, რომ მე ვარ განსაკუთრებული. ეს ყველაფერი კი დარჩება სიტყვებად, ის წავა, მე დავრჩები და დაიწყება მონატრების, საძაგელი მონატრების ახალი პერიოდი... და ასე უსასრულოდ! თუმცა... თუმცა მალე ესეც აღარ იქნება... აღარც შეხება, აღარც ჩახუტება და აღარც ის მზერა, რომელიც საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. დარჩება მონატრება! აი, ის, დიდი ოხერი რამე რომაა!
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 1343 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
არ ვიცი,რა გითხრა.უბრალოდ შენ ერთადერთი მწერალი ხარ ვინც ჩემში ამხელა ემოციებს იწვევს.რასაც წერ,რაც გაწუხებს მეც იგივე მაწუხებს და ალბათ ამიტომაც,სხვა თუ არაფერი.ყველაფერი რაც შენ გაწუხებს,მე უკვე მაწუხებდა,ან მომავალში შემაწუხებს აუცილებლად და არაფერი არ შემიძლია ხოლმე გითხრა გარდა ერთისა - მესმის.ძალიან ძალიან მიყვარხარ,ყოველთვის ვამბობ ხოლმე,რომ ჩემცხოვრებაშ შენ და შენს ნაწერებს განსაკუთრებული ადგილი გიკავიათ და მერე რა თუ ვერ გნახულობ ხშირად,მინდა,რომ სულ ასე მყავდე.
avatar
0 Spam
2
შენ ხარ ჩემი სიყვარული! მომენატრე და რა ვიცი. ამ დან.
avatar