სტეფანი (2)
05.08.2016, 01:32
თავი მეორე.
იმდენად უიღბლო ადამიანი ვარ, რომ არც მომდევნო პერიოდი გამოდგა ჩემთვის წარმატებული უნივერსიტეტში. არც ერთი მეგობარი, არც ისე კარგი ქულები, საშინელი ლექტორები და გამუდმებული კრახი. ძალიან მომეწყინა, იმაზე რუტინული აღმოჩნდა ყველაფერი, ვიდრე ბათუმში იყო. ბიჭებმა, რა თქმა უნდა, აქაც უამრავი მეგობარი გაიჩინეს და ყოველთვის რაღაც ხდებოდა მათთან, მე კი ისევ ისე ვიჯექი სახლში, დავდიოდი უნივერსიტეტში და უკეთეს შემთხვევაში ლიკუნასაც ვნახულობდი. ძმებს რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ ჩემი თავიანთ სამეგობრო წრეში გარევის, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ თავის დროზე რატის და დაჩის დავუმეგობრდი, მათი საშუალებით. მთელი ცხოვრება ვერ ვიქნებოდი ჩემ უმცროს ძმებზე დამოკიდებული, ოდესღაც მომიწევდა ჩემი ნაჭუჭიდან გამოძრომა და ადამიანებთან ურთიერთობის სწავლა. პირველი სემესტრი ისე დავხურე, არავისთან მქონია შეხება ჩემი ძმების, ლიკუნასა და გიორგის გარდა.
საერთოდ შევიცვალე. თავს უცნაურად ვგრძნობდი. მანამდეც არ გამოვირჩეოდი დიდი მორწმუნეობით, მაგრამ ახლა თითქოს საერთოდ გაქრა ჩემთვის ღმერთის ცნება. არა, არ ჩათვალოთ, რომ იმ თინეიჯერებს დავემსგავსე, უგზოუკვლოდ რომ გაიძახიან, ათეისტები ვართო და როგორც კი რაღაც გასაჭირში ვარდებიან, ხატებთან მუხლის ჩოქებზე ეცემიან. უბრალოდ ვეღარ ვგრძნობდი თავს ისე, როგორც წესით უნდა მეგრძნო. ძილის წინ ისევ ვლოცულობდი, მაგრამ ვერანაირ შვებას ვერ ვგრძნობდი. მოკლედ, დავზომბირდი. არა მარტო ამ ფაქტიდან გამომდინარე, არამედ მიმდინარე ცხოვრების საფუძველზე. თითქოს საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა აგრესიისა. ისიც მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი ლექტორის მიმართ. უცნაური კაცი იყო, კაცი არც ეთქმოდა. ნაადრევად დაბერებულ ბიჭს უფრო მოგაგონებდათ. წარმოდგენა არ მქონდა, როგორი იყო უნივერსიტეტის გარეთ, მაგრამ ძალიან მძაბავდა. რაღაცნაირი, გამჭოლი მზერა ჰქონდა. ლექციების კითხვის დროს წამით გაირინდებოდა და თავს ჩახრიდა, მერე თითქოს ვიღაც უხილავმა ახალი სული შთაბერაო, თავს სასწრაფოდ წამოწევდა და რომელიმე სტუდენტს მზერით ყინავდა. ბოლო დროს კი საშინლად მაწუხებდა ის აზრი, რომ ეს სტუდენტი მუდმივად მე ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, რას ცდილობდა ამ მზერით, მაგრამ ნამდვილად ახერხებდა ჩემ შეშინებას. შესაფერის მომენტში თავს სულელადაც მხოლოდ ამ ყინულივით მზერით გაგრძნობინებდა ადამიანს. ხანდახან კი ისე შეეცვლებოდა გუნება-განწყობილება, თითქოს ეს ყინული მზის გულზე დადეს და ისიც ნებიერად ლღვებოდა. ამ არაფრის მთქმელი მზერის გამო ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ერთადერთი, ვისთანაც კონტაქტს ვამყარებდი ეს კაცი იყო, ისიც პლატონურად, მაგრამ მაინც. ამიტომ იყო, რომ სერიოზულ საგონებელში ჩამაგდო მისმა გაუჩინარებამ, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. ერთი კვირა საერთოდ არ გამოჩენილა. მის მაგივრად ლექციებს ვიღაც ჩანიანი მოხუცი ქალი გვიტარებდა, რომელსაც საშინელი სუნი ასდიოდა... ალბათ სიკვდილის ან იქნებ უბრალოდ სიბერის... ყოველ შემთხვევაში მე სიკვდილის სურნელი ყოველთვის ასეთ გულის ამრევად წარმომედგინა. მოკლედ, ეს ერთი კვირა თავს იმაზე მარტო ვგრძნობდი, ვიდრე აქამდე. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იყო, იმ კაცის მონატრება, რომელიც მაშინებდა და თან ამას მხოლოდ მზერით ახერხებდა, პლუს ჩემი ლექტორი იყო... მაგრამ ფაქტი ერთი იყო, თავს „მის გარეშე“ იმაზე ცუდად ვგრძნობდი, ვიდრე ჩვეულებრივ. საღამოს ლოცვებს სწორედ ამ კვირაში დაუბრუნდათ თავიანთი სასწაულებრივი ძალა. თავს სწორედ ისე ვგრძნობდი, როგორც უნდა მეგრძნო, შვებაც დაბრუნდა... თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ საღამოობით.
იმ დღეს ლექცია გავაცდინე და ბიბლიოთეკაში კითხვა დავიწყე. არ მინდოდა მის ლექციაზე მის გარეშე გაჩერება. თითქოს ასე რაღაც დაუწერელ კანონს დავარღვევდი, მე კი ეს არ მსურდა. საერთოდ ცოტა უცნაური იყო მისი სათქმელი სიტყვების სხვისგან მოსმენა.
ერთ-ერთი თავის ბოლო სიტყვებს ვკითხულობდი, როცა მაგიდა ვიღაცის სილუეტმა დამიჩრდილა. გამიკვირდა, მე აქ არავის ვიცნობდი. თავი ნელა ავწიე და ნაცნობ გამოსახულებას ინტერესით მივაჩერდი. ჩემი კურსელი იყო, ცოტა თავქარიანი ბიჭი, მაგრამ მაინც იყო მასში რაღაც საინტერესო. ვერ მივხვდი რა უნდოდა, ამიტომ მოთმინებით ველოდი, როდის წამოიწყებდა საუბარს და შეწყვეტდა ჩემი ვიზუალის შესწავლას. აშკარად არ ჩქარობდა დაწყებას, ამიტომ მე მომიწია საუბრის წამოწყება.
-რით შემიძლია შენი დახმარება?
-სტეფანი შენ ხარ ხო? - თავი დავუქნიე. - დღეს ლექცია გააცდინე, ამიტომ მომიწია შენი მოძებნა. - ცოტა საყვედურივით გამოუვიდა, ცალი წარბი ინსტიქტურად ავწიე. რას მეძებდა, ვინ ეხვეწევოდა ერთი!? - მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კვირის ბოლოს ლაშქრობაში თუ სადღაც მივდივართ მთელი კურსი და მთხოვეს... პრინციპში ბრძანებას უფრო გავდა... - ეს თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა. - ნუ, მთხოვეს, რომ შენთვისაც გადმომეცა რა.
-კარგი და თუ საიდუმლო არ არის, ვინ გთხოვა? - ცოტა დაეჭვებულმა შევხედე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩემ სიტუაციაში, ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად ჩანდა.
-ცაავამ.
-რომელმა ცაავამ? - უცებ ვერ მივხვდი.
-ივამ, ლექტორმა.
-მადლობა. - ხმადაბლა ჩავილაპარაკე. სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ან რაღა უნდა მეთქვა. ერთდროულად ბევრ რამეზე დავიწყე ფიქრი. პირველ რიგში, ის დაბრუნდა. მეორე რიგში, ჩემი არყოფნა შეამჩნია და მესამე რიგში... თქვენც ხომ ხვდებით, არა?!
არც მიხაროდა, არც მწყინდა, მაგრამ მიკვირდა. კონკრეტულად რა მიკვირდა, ალბათ მაგასაც ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც ხომ მიკვირდა... ახალი გრძნობა მივიღე - გაკვირვება. ეს უკვე წარმატება იყო.

მეორე დღეს, რა თქმა უნდა, ლექციაზე გამოვცხადდი. მას არ გაკვირვებია ჩემი დანახვა, შეუმჩნევლად ჩაეღიმა და კონსპექტები დაგვირიგა. ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის, მე კი თვალიც არ მომიშორებია. დავინახე ერთ-ერთი სტუდენტი როგორ შეეხო ხელზე კონსპექტის გამორთმევის დროს, ფლირტის ელემენტებით. არ მქონია განსაკუთრებული ემოციები, მანამ ივას მოქმედებაც ცუდად არ მომხვდა თვალში. ისე თბილად მოუსვა მხარზე ხელი და ასეთივე თბილი ღიმილი ესროლა, რომ ბოღმისგან კინაღამ შუაზე გავსკდი. აი, თურმე როგორი ყოფილა ეჭვიანობა. ვერ მივხვდი რა მაეჭვიანებდა, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. ჩემთვის ასე არასდროს შემოუხედავს, არც შემხებია და თუ მიყურებდა, მაშინაც მზერით გულს მიხეთქავდა, ცივი თვალებით მხვრიტავდა.
ამ დღეს გამოგვიცხადა, რომ ლექციას არ წაგვიკითხავდა, თავად უნდა წაგვეკითხა მისი მოცემული ასგვერდიანი კონსპექტები და მეორე დღეს ამის მიხედვით მოხსენება გაგვეკეთებინა. ნერვებმოშლილმა ისე უგულოდ ჩავიკითხე რამდენიმე გვერდი, სიტყვაც ვერ გავიგე და ფურცლები გამწარებულმა დავახეთქე მაგიდაზე. სიჩუმით გაყრუებულ ოთახში კი ეს ბომბის აფეთქებასავით ჟღერდა. ყველა მე მომაშტერდა, მე კი გაგულისებული სახით „დავეცი“ კონსპექტებს და ღრმად ამოვიხვნეშე. გავიგე, როგორ თქვა „იმ“ გოგომ, მგონი შეიშალაო... ღმერთისთვის მადლობაა უნდა გადაეხადა, თავი რომ მოვთოკე, არ მივუბრუნდი და ის ასი გვერდი თავზე არ დავახიე. მერე ენახა, როგორი იყო შეშლილი სტეფანი. რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როცა ცაავამ მოკლე გეგმის დაწერა გვთხოვა და ლექციის ბოლოს ჩაბარება. ვინაიდან და რადგანაც, გული ვერ დავუდე და ერთი სიტყვაც ვერ გავიგე, ფურცელზე შინაარსის ტექსტი დავწერე:
„დღეს წავიკითხავ, თუ ნერვი მეყო, ხომ კარგი, გეგმასაც დავწერ და მოხსენებასაც ჩაგაბარებთ. თუ არადა, ჯანდაბას, თუ გინდათ სულ გამინულეთ ქულა!“ - ასეთი უმისამართოდ აგრესიული ჯერ არ ვყოფილვარ. ან ამ კაცთან რა მინდოდა, ან საერთოდ რა მჭირდა?!
ლექცია დამთავრდა და წესისამებრ ნელ-ნელა დაიწყო სტუდენტების ნაკადმა ოთახიდან გასვლა. მე ცოცხალი თავით არ ვაპირებდი გასვლას, სანამ ის ქალბატონი არ გავიდოდა. ის კი აშკარად კენტად დარჩენილს მელოდებოდა, როდის მეყოფოდა ნამუსი და მარტო დავტოვებდი ბატონ ცაავასთან. ნურას უკაცრავად! მანამ არ წამოვდექი ჩემი ადგილიდან, სანამ უკმყოფილოდ არ ჩააბარა გეგმა, რაღაც არ გადაჩურჩულა და ცქმუტვით არ გავიდა კაბინეტიდან. მერე კმაყოფილი ავდექი, ფურცელი ოდნავ მომღიმარ ლექტორს გავუწოდე და როცა ის ჩემ გეგმას დანარჩენებთან ერთად ათავსებდა, თავი ვერ შევიკავე.
-ძალიან უხდებით ერთმანეთს. - გველური სისინი აღმომხდა. წარბაწეულმა ამომხედა, სათვალე შეისწორა და სულ ერთი წამით მომაჩერდა. მერე კი თავი დახარა და თავის საქმე განაგრძო. მე ადგილიდან არ დავძრულვარ რატომღაც.
-მე და თქვენ? - მკითხა მოგვიანებით.
-არა, მე ხომ „უხდებით“ ვთქვი და არა „ვუხდებით“.
-ვიმედოვნებდი, რომ შეცდომა დაუშვით.
-რატომ?
-იმიტომ, რომ მე და „ის“ საერთოდ არ ვუხდებით ერთმანეთს, მე და თქვენ კი... უბრალოდ, ჩემ სტუდენტს რეალობის სწორი აღქმა უნდა ჰქონდეს... აბა, თუ იმას ვერ გაარჩევს რა და რა ან ვინ და ვინ უხდება ერთმანეთს, როგორ წარმართავს საქმეს თავის მომავალ საქმიანობაში!?
-მეთამაშებით.
-რას ბრძანებთ. - ყასიდად შეიცხადა. სიჩუმე ჩამოწვა, თუმცა არც თუ ისე უხერხული. - ალბათ ლაშქრობაში წამოხვალთ, ხომ?!
-მემგონი არ ღირს. - ცოტა ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე.
-ნუთუ?! მე კი ვფიქრობ, ეს დაგეხმარებათ. მინიმუმ ერთ მეგობარს მაინც გაიჩენდით.
-გასაჩენი რომ იყოს, აქაც გავიჩენდი.
-შეიძლება მართალიც ხართ. - თავი დამიკრა. - აბა, დროებით! - თქვა და კაბინეტი დატოვა.
მეთამაშებოდა!..
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 3753 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
აი,რა ვთქვა ძალიან მომწონს! გავიმეორებ კიდევ ბევრჯერ.მგონი წინა თავში გამოვხატე აღფრთოვანება biggrin მითქვამს შენთვის რომ გამორჩეული წელის სტილი გაქვს რაღაც შენეული და მე ეს ძალიააან ძალიან მომწონს❤❤ამ გოგოს აზროვნება,მზერით საუბარი ძალიან მიმზიდველი დიალოგები biggrin თავად მოთხრობას არაორდინალურს ხდის❤❤❤ happy მეტი რა გითხრა smile
avatar
0 Spam
2
ვუაიმე ძალიან დიდი მადლობა, გვანცალ!!
სულ ახერხებ ჩემ "გაკრეჭვას"! biggrin
მადლობა, მადლობა! <3
avatar
0 Spam
3
ახლა როგორ გამიხარდა, თან ორი თავი ერთად წავიკითხე მე, ვგიჟდებიშენზე flower
avatar
0 Spam
4
ანუკ, შე საყვარელო!!
მადლობა! <3
avatar