სტეფანი (სრულად)
27.10.2016, 03:06
თავი პირველი.
-ეს მანქანა მიყვარს! - გაბრწყინებულმა გადავულაპარაკე
ჩემ გვერდით მოკალათებულ ანრის და საჭეზე თითები ავათამაშე.
-იმედია, იმდენად არ გიყვარს, რომ რამეს შემოეხვევი
მასთან ერთად! - თვალები დამიბრიალა და ღვედს ხელი ჩაავლო. ორმაგად კი არა, ასმაგად
ბედნიერი ვიყავი. სასურველ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი, მართვის მოწმობა
ავიღე და მშობლებმა ყველაფრის წარმატებით დასრულების გამო საჩუქრად მანქანაც მიყიდეს.
რაც მთავარია ბათუმს მოვშორდი და ახალი ცხოვრების დასაწყებად მოვემზადე. მიყვარდა ბათუმი,
მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩემთვის ის იმ მოსაწყენ ადგილს წარმოადგენდა, სადაც
თვრამეტი წელი რუტინულ ცხოვრებაში გავატარე, მეგობრების გარეშე. ამ წლების განმავლობაში
ამ ქალაქიდან ერთხელაც არ გამიდგამს ფეხი, წარმოგიდგენიათ? ერთხელაც არ გავცდენილვარ
მის საზღვრებს. არათუ ქვეყნის გარეთ, არამედ, მეზობელ ქალაქებშიც არასდროს ვყოფილვარ.
არც კი ვიცი რატომ... ჩემი მშობლები იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან არიან, თუმცა რაღაც
პერიოდი თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მე დავიბადე და ერთ წელიწადში ბათუმს
ესტუმრნენ მამას სამსახურის გამო, უნივერსიტეტის საბუთებიც იქ გადაიტანეს და ცხოვრება
სულ მთლად ახალი ფურცლიდან დაიწყეს. წეღან ცოტა გავაბუქე, როცა ვთქვი, რომ ქალაქიდან
ერთხელაც არ გავსულვარ, ექვს წლამდე ყველგან მატარებდნენ, სადაც მიდიოდნენ, მერე უკვე
მე გამიჩნდა უკმაყოფილების გრძნობა და აღარსად მივყვებოდი. ბოლოს ისე მივეჩვიე ამ ჩაკეტილ
ცხოვრებას, გადავიწყვიტე სრულწლოვანებამდე ამ ქალაქში დავრჩენილიყავი და მერე მარტო
შევბრძოლებოდი ამ დაუნდობელ ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი ცოტა სხვანაირად მოხდა. მთლად
ისე არა, როგორც ველოდი. ორი წლის რომ გავხდი, უკვე ტყუპი ძმა მყავდა, ანრი და ანდრეა,
სამი წლისას უკვე მესამე ძმა, ზურა გვიმშვენებდა გვერდს. მერე ეტყობა შესვენება გადაწყვიტეს
ჩემმა მშობლებმა და თხუთმეტი წლის ასაკში მეოთხე ძმაც მაჩუქეს, მამუკა, ტყუპები მაშინ
ცამეტი წლის იყვნენ, ზურა კი თორმეტის. ასე აღმოვჩნდი ოთხი ძმით გარშემორტყმული, მუდამ
უკმაყოფილო ქალბატონი სტეფანი. ანრი და ანდრეა ზედმეტად ჭკვიანები იყვნენ, მათთან თავს
ყოველთვის სულელად ვგრძნობდი, თუმცა ეს ყველაფერი ხელს სულაც არ უშლიდათ მხიარულებასა
და გართობაში. ხუთი წლის იყვნენ, როცა მშობლებმა სკოლაში შეიყვანეს, მეცხრე კლასში
კი ორივემ ექსტერნი ჩააბარა და ასე აღმოჩნდნენ ჩემ კლასში, რაც თავიდან ცოტა მეუცნაურებოდა,
თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს უკეთესიც იყო. ასე და ამგვარად ეროვნული გამოცდები ერთად
ჩავაბარეთ და რა თქმა უნდა, სამივე სასურველ უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ. აქ გამოიდო
თავი ზურამაც და თბილისში ჩვენთან ერთად მოინდომა გადმოსვლა, რასაც ცოტა ვიშვიში კი
მოყვა დედასგან, თუმცა ბოლოს დათანხმდა და მისი საბუთები ერთ-ერთ სკოლაში გადაიტანა,
რომელიც ჩემ უნივერსიტეტთან იყო ახლოს. ახლა სწორედ თბილისისკენ მივქროდი ჩემი ახალი
მანქანით ჩემ ძვირფას ძმა ბიჭებთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი მასწავლიდა გზას, დანარჩენ
ორს კი მკვდარივით ეძინა.
-ამათი შემყურე მემგონი მეც მალე ჩამეძინება და ხო შემცვლი?
- აფერისტულად გავუღიმე ანრის და მანაც თავის ქნევით დამიდასტურა. - შენი აზრით გაგვიჭირდება
ახალ ცხოვრებასთან შეგუება? ყველაფერი ახალი იქნება, ქალაქი, სახლი, ნაცნობები...
-სამაგიეროდ ერთმანეთი გვეყოლება და უცებ შევეჩვევით
ყველაფერს, ახალ მეგობრებსაც შევიძენთ ალბათ და...
-ახალ მეგობრებს თქვენ შეიძენთ და მე პირველ მეგობრებს
შევიძენ. - სიცილით შევუსწორე და გემრიელად დავამთქნარე.
-დაჩელას და რატჩელას რას ერჩი? - წარბები შეკრა და
პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ ეგენი თქვენი მეგობრები
არიან და... ეს რა ჯანდაბაა?! - აღშფოთებულს ამომხდა და ისე დავატორმუზე მძინარე ძმები
სავარძლებს მოასკდნენ.
-რა არის, მტრები დაგვეცნენ?! - ბუზღუნით წამოჯდა ზურა.
ხმას ვერ ვიღებდი, შოკში ვიყავი.
-რა ვქნათ? - კანკალით გადავხედე ანრის, რომელიც ჩემსავით
გაშტერებული უყურებდა ჩვენ წინ გადაშლილ სურათს.
-რა და დავეხმაროთ! - სწრაფად მოეგო გონს და მანქანიდან
წამში გადახტა. დავინახე როგორ გაექანა უახლოესი ამოყირავებული მანქანისკენ. სანამ
ყველაფერი გავიაზრე, უკვე ანდრეა და ზურაც მისკენ გარბოდნენ. ღრმად ამოვისუნთქე, ხელების
კანკალის შეკავება ვცადე და მანქანიდან გადავედი. მსგავს ავარიას კი არა, საერთოდ არანაირ
ავარიას არ შევსწრებივარ, ეს კი ზედმეტად საშიში ჩანდა, ამიტომაც ვიგრძენი მუხლების
კვეთა, მაგრამ საკუთარ თავს ვაჯობე და იმ მანქანისკენ გავიქეცი, რომელიც ცოტა მოშორებით
გვერდულად ეგდო, ანდრეა კი უკვე იქ იყო. ახლოს მივედი და ჩემმა ძმამაც სწორედ მაგ დროს
ჩალეწა მინა, კივილი გავიგონე. მანქანიდან არ მოდიოდა, ცოტა მოშორებით ისმოდა. რამდენიმე
მეტრი გავიარე და ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, რომელიც ძირს ეგდო და ტკივილისგან იკრუნჩხებოდა.
მასთან მივვარდი, ჩავიმუხლე და თავი ავუწიე.
-სადაა? ლიკუნა სადაა? როგორაა? - საცოდავად ხრიალებდა.

-დამშვიდდი, კარგად იქნება. - ბრმად დავამშვიდე და მისი
წამოწევა ვცადე. - წამოჯდომა შეგიძლია?
-შემეძლებოდა მუცელი რომ არ მაკავებდეს. - შუბლი შეკრა
და წამოსაჯდომად გაიბრძოლა. ხელით გავაკავე და მაისური ავუწიე. საშინლად გამიჭირდა
თავის შეკავება, ნანახმა თავიდან ფეხებამდე შემძრა, სხეულში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
ცოტაც და ალბათ გული ამერეოდა. მუცელზე ზოლად ჰქონდა ჭრილობა, ორგანოები კი გარეთ ისე
გადმოლაგებულიყვნენ, თითქოს მათი ადგილი ისედაც იქ ყოფილიყოს. რამდენიმე წამით თვალები
დავხუჭე და გონების მოკრება ვცადე. - რა მჭირს? რა არის, რა მაქვს? - ბიჭის ხმა გავიგე
და თავი სწრაფად ავწიე.
-არ გაინძრე და დამელოდე! - ვუბრძანე და ადგილს მოვწყდი.
დავინახე, რომ ანდრეას უკვე გამოყვანილი ყავდა მანქანიდან სავარაუდოდ ლიკუნა და ხელში
აყავდა. ზურა და ანრიც რაღაცას წვალობდნენ. ჩვენი მანქანისკენ გავიქეცი.
-სტეფ, საით? - გავიგე ზურას ხმა და არ გავჩერებულვარ,
ისე დავუყვირე:
-სერიოზულადაა ერთი დაშავებული, სასწრაფოში დარეკეთ
სწრაფად!
-დავრეკე უკვე! - დამიდასტურა ძმამ და სავარაუდოდ დაზარალებულებს
მიუბრუნდა.
მანქანის საბარგულს ვეცი და სამედიცინო ყუთის ძებნა
დავიწყე, თუმცა მალევე გამახსენდა, რა უთავბოლო ხალხი ვართ ეს ქართველები და შევეშვი.
ახლა სხვა ალტენატიული რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც ახალგაზრდა ბიჭს სასწრაფოს მოსვლამდე
მაინც შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს. წამში გამინათდა გონება, ყველაფერი კადრებად გამახსენდა
და სასწრაფოდ იმ ჩანთის მოძებნას შევუდექი, სადაც დედამ ე.წ ნაგვის პარკების მთელი
გროვა ჩამილაგა, თქვენ იქ მაინც არაფრის მყიდველი ხართო. ძლივს ვიპოვე საოჯახო ნივთების
ჩანთაში და რამდენიმე შეკვრასთან ერთად ისევ იქით გავიქეცი, სადაც საწყალი ბიჭი სიკვდილს
ებრძოდა. მის გვერდით უკვე ის გოგო იწვა, რომელიც ანდრეამ გამოიყვანა მანქანიდან, თავზე
კი ჩემი ძმა ედგათ. ბიჭთან ჩავიმუხლე და მაისური ავუწიე.
-გოგო როგორაა? - ძმას მივუბრუნდი, თავი დამიქნია, კარგადო.
- უნდა დამეხმარო, წელი აუწიე. - ბიჭზე მივუთითე, ისიც მოგვიახლოვდა. - რა გქვია?
- ახლა დაშავებულს შევხედე.
-გიორგი.
-კარგი გიორგი, ახლა ალბათ უფრო მეტად გეტკინება, ვიდრე
მანამდე, მაგრამ უნდა აიტანო.
-რას აპირებ? - შეშინებულმა სემომხედა ანდრეამ.
-მენდე! ამ ერთხელ მე მენდე! - თავი დამიქნია და გიორგის
წელი აუწია. სწრაფად დავხიე პარკები, მოსახერხებლად და ნელ-ნელა წელზე მჭიდროდ შემოვატარე.
რამდენჯერმე გავიმეორე იგივე მოქმედება და როცა დავრწმუნდი, რომ ჭრილობა მჭიდროდ იყო
გაკავებული ანდრეას თავი დავუქნიე. მანაც ისევ მიწაზე დააბრუნა ბიჭის სხეული. - დროებით
ეს უშველის, მანამდე კი სასწრაფოც მოვა. ლიკუნას რა სჭირს?
-ეს ყველაფერი სად ისწავლე? - გაოცებულს აღმოხდა, თუმცა
მაშინვე დავაფიქსირე კმაყოფილების ნოტები მის ხმაში.
-შენი აზრით, რატომ ვათენებდი ღამეებს „გრეის ანატომიის“
ყურებაში?! - სიცილით დავეკითხე და ისევ ლიკუნას მივუბრუნდი. - რა სჭირს?
-სერიოზული არაფერი, დაჟეჟილობები აქვს და ფეხი მოტეხილი,
ამიტომ გაიჭედა მანქანაში.
-ეშველება. - ენთუზიაზმით კარგი გამოცდილი ექიმივით
ჩავილაპარაკე. - მთავარია შინაგანი დაზიანებები არ ქონდეს. კარგად იქნებით! - თავი
დავუქნიე ორივეს და მათ ჩაკიდებულ ხელებზე გამეღიმა. - მათთან რა ხდება?
-საშუალო ასაკის კაცია მანქანაში გაჭედილი, მუცელში
რკინა აქვს გაყრილი, ამიტომ ადგილიდან ვერ ძრავენ და ცდილობენ საუბრით გაამხნევონ,
სასწრაფოს მოსვლამდე. ისე, შენ გასაგებია რომ იმ სერიალს უყურებდი, მაგრამ ასე ზუსტად
რა იცოდი რა უნდა გექნა?
-ერთ-ერთ სერიაში ანალოგიური სიტუაცია იყო და დერეკი
ასე მოიქცა. - ღიმილით ვუპასუხე. - თუმცა მაგ დღეს დაიღუპა კიდეც. - მოღუშულმა აღვნიშნე
და ლამის იქვე დავიწყე ბღავილი, როცა ის სერია გამახსენდა. ხო, ზოგადად ძალიან ემოციური
ვარ.
-ღმერთი გიშველის, ახლა არ აღნავლდე! - ხელი ჩაიქნია
ძმამ. - პრინციპში მიკვირს, აქამდე როგორ გაძელი, ამდენს თუ შეძლებდი, ეგეც არ მეგონა.

-შენ რა, ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?! - დრამატიზებულად
შევიცხადე. - წავალ მათ ვნახავ, მანამდე ამათ ყურადღება მიაქციე.
მათთან სიტუაცია ძალიან რთული იყო. კიდევ კარგი თავიდანვე
იქ არ მივედი, თორემ ვერც იმ ბიჭს დავეხმარებოდი და ნერვიულობისგან მეც გული გამისკდებოდა.
მანქანაში გაჭედილი კაცი ალბათ სასწრაფოს მოსვლამდეც ვერ გაძლებდა, ისე გამოიყურებოდა,
თითქოს მალე კრუნჩხვა უნდა დაწყებოდა. ასეთ შემთხვევაში კი ჩვენ ნამდვილად ვეღარაფერს
გავაწყობდით.
მივხვდი, რომ აქამდე თუ აფექტურ მდგომარეობაში ვმოქმედებდი,
ახლა ყველაფრის ნელ-ნელა გაანალიზებას ვიწყებდი და შეიძლებოდა, რომ პანიკური შეტევაც
დამწყებოდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მსუბუქად ჩაიარა და დაშავებულებთან ერთად მეც
არ დამჭირვებია გადაუდებელი დახმარება. სასწრაფო რომ მოვიდა კაცი უკვე გარდაცვლილი
იყო, იმ წამის. არ ვიცნობდი, საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა ვინ იყო, მაგრამ გული მომეწურა.
ისე დავიტირე, როგორც ძალიან ახლობელი. მტკივნეული იყო იმის გააზრება, რომ ის იქნებოდა
შვილი, მამა, ქმარი, მეგობარი, თანამშომელი... ახლა კი... ახლა მოვლენები ასე საშინლად
განვითარდა. გიორგი და ლიკუნა რომ წაიყვანეს, დიდხანს გონზე ვერ მოვდიოდი, სრულად გავითიშე.
აზრზე რომ მოვედი, უკვე თბილისში ვიყავით, საჭესთან ანრი იჯდა.
-ახლა მათ რა ეშველებათ? - ვიკითხე.
-სასწრაფოს თანამშრომელს ჩემი ნომერი ჩავაწერინე და
ყველაფერს შეგვატყობინებს.
-დასაწყისიც ამას ქვია... - ერთდროულად ჩავილაპარაკეთ
მე და ზურამ და თავები ჩავქინდრეთ.
0000  
0000000   0000000000
იმ საღამოს მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ავარიაში მოყოლილების
მდგომარეობა ისე იყო, რომ თბილისში გადაყვანა მოუწიათ, ინგოროყვას კლინიკაში. ჩვენს
ახალ სახლს თვალი დაღლილებმა მოვავლეთ და ისე გადავნაწილდით ოთახებში დასასვენებლად,
რომ ბარგის ამოლაგებაზე არც გვიფიქრია. მადლობა ღმერთს ჩვენებმა ისეთი სახლი გვიყიდეს,
სადაც უკვე ყველაფერი იყო და ჩვენ მზადებაში დიდ დროს არ წაგვართმევდა. დალაგებულიც
იყო, ყველანაირად მოწესრიგებულიც, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენოდა ჩვენი ნივთებით ჩვენი სული
შთაგვებერა მისთვის. იმ ღამეს ბევრი ვეცადე, მაგრამ ძილი არ მომეკარა. დილით ინგოროყვაში
წავედით. საბედნიეროდ ლიკაც და გიორგიც კარგად იყვნენ, თუ გიორგის მძიმე ოპერაციას
არ ჩავთვლიდით. თურმე შეყვარებულები ყოფილან, ერთმანეთი უნივერსიტეტში გაუცვნიათ, ახლა
კი უბრალოდ დასასვენებლად იყვნენ და სახლში ბრუნდებოდნენ, როცა უკნიდან ჩქარა მომავალ
მანქანას დაურტყამს. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა მომხიბლა, რომ თურმე როდესაც გიორგი ჩემგან
ცდილობდა ლიკუნას მდგომარეობის გაგებას, ასე ხდებოდა მასთანაც, პირველი გიორგი უკითხავს...
ესაა სიყვარული - მდგომარეობა, როცა მისი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი
სიკვდილი... მისი სიკვდილი უფრო მნიშვვნელოვანია, ვიდრე შენი სიცოცხლე... და პირიქით!
ზოგადად ეს სენტიმენტები იშვიათად მოქმედებდა ჩემზე,
ხანდახან ვღიზიანდებოდი კიდეც. ამ ქვეყნად მხოლოდ ჩემი მშობლების სიყვარულს ვაღიარებდი
და ხო, უკვე ჩემი ახალი მეგობრებისაც. ახლა რომ ვიხსენებ, ლამის მენჯებიდან ამოხტა
გიორგი მადლობების ხდით, ლიკუნა ხომ საერთოდ, მადლობელი იყო, რომ სიყვარულის დაკარგვისგან
ვიხსენი... უცნაური იყო!
0000000000000000
-რა ქენი, საგნები აირჩიე უკვე? - მხიარულად დამეკითხა
საწოლში გაშოტილი ლიკუნა და ნაყინის ჭამა განაგრძო.
-კი და ცოტა ვნერვიულობ... ყოველთვის უფრო სხვანაირად
წარმომედგინა ყველაფერი... იცი, იმაშიც კი მეპარებოდა ეჭვი, რომ მეგობრებს გავიჩენდი,
ასე მალე ხომ არც კი ველოდი... ესეც რა უბედურებაა, ყოველდღიურად უცხო ბავშვებთან მომიწევს
კონტაქტი, ან არც მომიწევს რა ვიცი... შეიძლება ლექტორმა ამითვალწუნოს, ან ლექტორებმა...
ალბათ დავითრგუნები და შუალედურებშიც კი ჩავიჭრები ხოლმე... ეს ჩემი ოცნებებიც დამემსხვრევა
და...
-მოიცა აბა, ერთი წუთით და ამოისუნთქე! - ხელის აწევით
გამაჩუმა და პაუზის შემდეგ განაგრძო. - მემგონი გიჟდები და ჯობია ბათუმში დაბრუნდე!
- დაასკვნა.
-მანუგეშე ახლა თუ რა ქენი?! მხარში დამიდექი?! - დავუბღვირე.
-იცი რა? სულაც არ მიკვირს, რომ აქამდე მეგობრები არ
გყოლია! - გველურად ჩაისისინა და თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
-იდიოტი ხარ! - სიცილით გავუქანე პატარა ბალიში და ნაყინიც
ჰარმონიულად ამოვუტრიალე საწოლზე.
0000  
0000000   0000
ჩემთვის პირველი დღე უნივერსიტეტში კატასტროფა იყო,
ტყუპებისგან განსხვავებით. ისეთი კმაყოფილები დაბრუნდნენ, გულწრფელად შემშურდა მათი.
ჩემი დღე დილიდანვე უაზროდ დაიწყო. ჯერ სამზარეულოში მდუღარე ყავა გადავისხი, მერე
უნივერსიტეტის შესასვლელთან ვიღაცამ რასაც ქვია გამიტანა, კიბეზე დავგორდი, პირველივე
ლექციაზე დავიგვიანე, ლექტორი უჟმური აღმოჩნდა, - დღე კი დამღლელი... საბოლოოდ, საღამოს
სააბაზანოს იატაკზე ფეხი ამიცდა და გრაციოზულად გავიშხლართე ძირს... ერთადერთი კი
„ვინც“ იმ დღეს შევიძინე, მხოლოდ ჩალურჯებები იყო ჩემი სხეულის სამოცდაათ პროცენტზე...
ახალი ცხოვრება დავიწყე  მართალია, მაგრამ ეს
დასაწყისი აშკარად არ იყო ჩემ სასარგებლოდ მომართული. ზურაც კი იდეალურად შეეწყო ახალ
სკოლას, კლასს, ბავშვებს, მასწავლებლებს... ჩემი ძმები თავს მშვენივრად გრძნობდნენ,
მე კი იმაზე ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა ბოღმისგან გასიებულს დედმამიშვილების დასახიჩრება...
თუმცა ეს აზრი იმ წამსვე უარვყავი, როგორც კი ღამით ოთახში სამივე ერთდროულად შემომისახლდა
და ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა საკუთარი, მხიარული წესებით დაიწყეს...
-მეზიზღებით, ასე რომ მიყვარხართ! - ბოლოს გაბუსხულმა
ჩავილაპარაკე და შეძლების და გვარად სამივეს ერთდროულად მოვეხვიე.
-მეჩვენება თუ რაც ჩამოვედით, ჩვენი და ალოგიკური გახდა?!
- თეატრალურად იკითხა ზურამ და ბიჭებს გადახედა. მათაც თავები დაუქნიეს და ახლა მე
შემომხედეს. - ოოო, დიდო მბრძანებელო! - უცებ ბოლო ხმაზე იღრიალა, ხელები მაღლა აღაპყრო
და მოჩვენებით მბრძანებელს შეჰღაღადა. - დაე, იყოს სტეფანი ალოგიკური, ლოგიკური კი
შენთვის დაიტოვე... და გთხოვ, სადმე ჩაკეტე, რომ აღარ დაბრუნდეს!
-ხო, არა?! ხოდა, გააფსი ახლა აქედან!! - შუბლი შევკარი
და გაბრაზებულის იმიჯი მოვირგე. ტყუპებმა სიცილი ატეხეს. - და თქვენც უკან მიყევით
ზიტა და გიტა!
-აღარაფერს გთხოვ! - ისევ ზემოთ აიხედა „მოღუშულმა“
ზურამ. - არ შეისმინე ჩემი ვედრება, ხომ?! ხოდა, პკ რა! - და ოთახიდან გაშპა.
-იცით, რომ არასრულწლოვანია და მაინც მოაწევინეთ რაღაც,
ხო? - სერიოზულად ვიკითხე.
-დაო ჩემო, ჩვენც არასრულწლოვნები ვართ... ასე რომ,
პასუხისმგებლობა შენ უნდა აიღო! - ერთდროულად მიპასუხეს, თვალიც ჩამიკრეს და გავიდნენ.
ხანდახან მართლა ტყუპებს გავდნენ...
0000000000000000000
 
თავი მეორე.
იმდენად უიღბლო ადამიანი ვარ, რომ არც მომდევნო პერიოდი
გამოდგა ჩემთვის წარმატებული უნივერსიტეტში. არც ერთი მეგობარი, არც ისე კარგი ქულები,
საშინელი ლექტორები და გამუდმებული კრახი. ძალიან მომეწყინა, იმაზე რუტინული აღმოჩნდა
ყველაფერი, ვიდრე ბათუმში იყო. ბიჭებმა, რა თქმა უნდა, აქაც უამრავი მეგობარი გაიჩინეს
და ყოველთვის რაღაც ხდებოდა მათთან, მე კი ისევ ისე ვიჯექი სახლში, დავდიოდი უნივერსიტეტში
და უკეთეს შემთხვევაში ლიკუნასაც ვნახულობდი. ძმებს რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ ჩემი
თავიანთ სამეგობრო წრეში გარევის, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩემთვის ისიც საკმარისი
იყო, რომ თავის დროზე რატის და დაჩის დავუმეგობრდი, მათი საშუალებით. მთელი ცხოვრება
ვერ ვიქნებოდი ჩემ უმცროს ძმებზე დამოკიდებული, ოდესღაც მომიწევდა ჩემი ნაჭუჭიდან გამოძრომა
და ადამიანებთან ურთიერთობის სწავლა. პირველი სემესტრი ისე დავხურე, არავისთან მქონია
შეხება ჩემი ძმების, ლიკუნასა და გიორგის გარდა.
საერთოდ შევიცვალე. თავს უცნაურად ვგრძნობდი. მანამდეც
არ გამოვირჩეოდი დიდი მორწმუნეობით, მაგრამ ახლა თითქოს საერთოდ გაქრა ჩემთვის ღმერთის
ცნება. არა, არ ჩათვალოთ, რომ იმ თინეიჯერებს დავემსგავსე, უგზოუკვლოდ რომ გაიძახიან,
ათეისტები ვართო და როგორც კი რაღაც გასაჭირში ვარდებიან, ხატებთან მუხლის ჩოქებზე
ეცემიან. უბრალოდ ვეღარ ვგრძნობდი თავს ისე, როგორც წესით უნდა მეგრძნო. ძილის წინ
ისევ ვლოცულობდი, მაგრამ ვერანაირ შვებას ვერ ვგრძნობდი. მოკლედ, დავზომბირდი. არა
მარტო ამ ფაქტიდან გამომდინარე, არამედ მიმდინარე ცხოვრების საფუძველზე. თითქოს საერთოდ
ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა აგრესიისა. ისიც მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი ლექტორის მიმართ.
უცნაური კაცი იყო, კაცი არც ეთქმოდა. ნაადრევად დაბერებულ ბიჭს უფრო მოგაგონებდათ.
წარმოდგენა არ მქონდა, როგორი იყო უნივერსიტეტის გარეთ, მაგრამ ძალიან მძაბავდა. რაღაცნაირი,
გამჭოლი მზერა ჰქონდა. ლექციების კითხვის დროს წამით გაირინდებოდა და თავს ჩახრიდა,
მერე თითქოს ვიღაც უხილავმა ახალი სული შთაბერაო, თავს სასწრაფოდ წამოწევდა და რომელიმე
სტუდენტს მზერით ყინავდა. ბოლო დროს კი საშინლად მაწუხებდა ის აზრი, რომ ეს სტუდენტი
მუდმივად მე ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, რას ცდილობდა ამ მზერით, მაგრამ ნამდვილად ახერხებდა
ჩემ შეშინებას. შესაფერის მომენტში თავს სულელადაც მხოლოდ ამ ყინულივით მზერით გაგრძნობინებდა
ადამიანს. ხანდახან კი ისე შეეცვლებოდა გუნება-განწყობილება, თითქოს ეს ყინული მზის
გულზე დადეს და ისიც ნებიერად ლღვებოდა. ამ არაფრის მთქმელი მზერის გამო ისეთი შეგრძნება
მქონდა, რომ ერთადერთი, ვისთანაც კონტაქტს ვამყარებდი ეს კაცი იყო, ისიც პლატონურად,
მაგრამ მაინც. ამიტომ იყო, რომ სერიოზულ საგონებელში ჩამაგდო მისმა გაუჩინარებამ, თუ
შეიძლება ამას ასე ეწოდოს. ერთი კვირა საერთოდ არ გამოჩენილა. მის მაგივრად ლექციებს
ვიღაც ჩანიანი მოხუცი ქალი გვიტარებდა, რომელსაც საშინელი სუნი ასდიოდა... ალბათ სიკვდილის
ან იქნებ უბრალოდ სიბერის... ყოველ შემთხვევაში მე სიკვდილის სურნელი ყოველთვის ასეთ
გულის ამრევად წარმომედგინა. მოკლედ, ეს ერთი კვირა თავს იმაზე მარტო ვგრძნობდი, ვიდრე
აქამდე. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იყო, იმ კაცის მონატრება, რომელიც მაშინებდა
და თან ამას მხოლოდ მზერით ახერხებდა, პლუს ჩემი ლექტორი იყო... მაგრამ ფაქტი ერთი
იყო, თავს „მის გარეშე“ იმაზე ცუდად ვგრძნობდი, ვიდრე ჩვეულებრივ. საღამოს ლოცვებს
სწორედ ამ კვირაში დაუბრუნდათ თავიანთი სასწაულებრივი ძალა. თავს სწორედ ისე ვგრძნობდი,
როგორც უნდა მეგრძნო, შვებაც დაბრუნდა... თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ საღამოობით.
იმ დღეს ლექცია გავაცდინე და ბიბლიოთეკაში კითხვა დავიწყე.
არ მინდოდა მის ლექციაზე მის გარეშე გაჩერება. თითქოს ასე რაღაც დაუწერელ კანონს დავარღვევდი,
მე კი ეს არ მსურდა. საერთოდ ცოტა უცნაური იყო მისი სათქმელი სიტყვების სხვისგან მოსმენა.
ერთ-ერთი თავის ბოლო სიტყვებს ვკითხულობდი, როცა მაგიდა
ვიღაცის სილუეტმა დამიჩრდილა. გამიკვირდა, მე აქ არავის ვიცნობდი. თავი ნელა ავწიე
და ნაცნობ გამოსახულებას ინტერესით მივაჩერდი. ჩემი კურსელი იყო, ცოტა თავქარიანი ბიჭი,
მაგრამ მაინც იყო მასში რაღაც საინტერესო. ვერ მივხვდი რა უნდოდა, ამიტომ მოთმინებით
ველოდი, როდის წამოიწყებდა საუბარს და შეწყვეტდა ჩემი ვიზუალის შესწავლას. აშკარად
არ ჩქარობდა დაწყებას, ამიტომ მე მომიწია საუბრის წამოწყება.
-რით შემიძლია შენი დახმარება?
-სტეფანი შენ ხარ ხო? - თავი დავუქნიე. - დღეს ლექცია
გააცდინე, ამიტომ მომიწია შენი მოძებნა. - ცოტა საყვედურივით გამოუვიდა, ცალი წარბი
ინსტიქტურად ავწიე. რას მეძებდა, ვინ ეხვეწევოდა ერთი!? - მოკლედ, იმის თქმა მინდა,
რომ კვირის ბოლოს ლაშქრობაში თუ სადღაც მივდივართ მთელი კურსი და მთხოვეს... პრინციპში
ბრძანებას უფრო გავდა... - ეს თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა. - ნუ, მთხოვეს, რომ შენთვისაც
გადმომეცა რა.
-კარგი და თუ საიდუმლო არ არის, ვინ გთხოვა? - ცოტა
დაეჭვებულმა შევხედე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩემ სიტუაციაში, ეს ყველაფერი ცოტა
უცნაურად ჩანდა.
-ცაავამ.
-რომელმა ცაავამ? - უცებ ვერ მივხვდი.
-ივამ, ლექტორმა.
-მადლობა. - ხმადაბლა ჩავილაპარაკე. სხვა ვერაფრის თქმა
ვერ მოვახერხე. ან რაღა უნდა მეთქვა. ერთდროულად ბევრ რამეზე დავიწყე ფიქრი. პირველ
რიგში, ის დაბრუნდა. მეორე რიგში, ჩემი არყოფნა შეამჩნია და მესამე რიგში... თქვენც
ხომ ხვდებით, არა?!
არც მიხაროდა, არც მწყინდა, მაგრამ მიკვირდა. კონკრეტულად
რა მიკვირდა, ალბათ მაგასაც ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც ხომ მიკვირდა... ახალი გრძნობა
მივიღე - გაკვირვება. ეს უკვე წარმატება იყო.
 
მეორე დღეს, რა თქმა უნდა, ლექციაზე გამოვცხადდი. მას
არ გაკვირვებია ჩემი დანახვა, შეუმჩნევლად ჩაეღიმა და კონსპექტები დაგვირიგა. ამ დროის
განმავლობაში ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის, მე კი თვალიც არ მომიშორებია. დავინახე
ერთ-ერთი სტუდენტი როგორ შეეხო ხელზე კონსპექტის გამორთმევის დროს, ფლირტის ელემენტებით.
არ მქონია განსაკუთრებული ემოციები, მანამ ივას მოქმედებაც ცუდად არ მომხვდა თვალში.
ისე თბილად მოუსვა მხარზე ხელი და ასეთივე თბილი ღიმილი ესროლა, რომ ბოღმისგან კინაღამ
შუაზე გავსკდი. აი, თურმე როგორი ყოფილა ეჭვიანობა. ვერ მივხვდი რა მაეჭვიანებდა, მაგრამ
ფაქტი სახეზე იყო. ჩემთვის ასე არასდროს შემოუხედავს, არც შემხებია და თუ მიყურებდა,
მაშინაც მზერით გულს მიხეთქავდა, ცივი თვალებით მხვრიტავდა.
ამ დღეს გამოგვიცხადა, რომ ლექციას არ წაგვიკითხავდა,
თავად უნდა წაგვეკითხა მისი მოცემული ასგვერდიანი კონსპექტები და მეორე დღეს ამის მიხედვით
მოხსენება გაგვეკეთებინა. ნერვებმოშლილმა ისე უგულოდ ჩავიკითხე რამდენიმე გვერდი, სიტყვაც
ვერ გავიგე და ფურცლები გამწარებულმა დავახეთქე მაგიდაზე. სიჩუმით გაყრუებულ ოთახში
კი ეს ბომბის აფეთქებასავით ჟღერდა. ყველა მე მომაშტერდა, მე კი გაგულისებული სახით
„დავეცი“ კონსპექტებს და ღრმად ამოვიხვნეშე. გავიგე, როგორ თქვა „იმ“ გოგომ, მგონი
შეიშალაო... ღმერთისთვის მადლობაა უნდა გადაეხადა, თავი რომ მოვთოკე, არ მივუბრუნდი
და ის ასი გვერდი თავზე არ დავახიე. მერე ენახა, როგორი იყო შეშლილი სტეფანი. რამდენიმე
წუთი იყო დარჩენილი, როცა ცაავამ მოკლე გეგმის დაწერა გვთხოვა და ლექციის ბოლოს ჩაბარება.
ვინაიდან და რადგანაც, გული ვერ დავუდე და ერთი სიტყვაც ვერ გავიგე, ფურცელზე შინაარსის
ტექსტი დავწერე:
„დღეს წავიკითხავ, თუ ნერვი მეყო, ხომ კარგი, გეგმასაც
დავწერ და მოხსენებასაც ჩაგაბარებთ. თუ არადა, ჯანდაბას, თუ გინდათ სულ გამინულეთ ქულა!“
- ასეთი უმისამართოდ აგრესიული ჯერ არ ვყოფილვარ. ან ამ კაცთან რა მინდოდა, ან საერთოდ
რა მჭირდა?!
ლექცია დამთავრდა და წესისამებრ ნელ-ნელა დაიწყო სტუდენტების
ნაკადმა ოთახიდან გასვლა. მე ცოცხალი თავით არ ვაპირებდი გასვლას, სანამ ის ქალბატონი
არ გავიდოდა. ის კი აშკარად კენტად დარჩენილს მელოდებოდა, როდის მეყოფოდა ნამუსი და
მარტო დავტოვებდი ბატონ ცაავასთან. ნურას უკაცრავად! მანამ არ წამოვდექი ჩემი ადგილიდან,
სანამ უკმყოფილოდ არ ჩააბარა გეგმა, რაღაც არ გადაჩურჩულა და ცქმუტვით არ გავიდა კაბინეტიდან.
მერე კმაყოფილი ავდექი, ფურცელი ოდნავ მომღიმარ ლექტორს გავუწოდე და როცა ის ჩემ გეგმას
დანარჩენებთან ერთად ათავსებდა, თავი ვერ შევიკავე.
-ძალიან უხდებით ერთმანეთს. - გველური სისინი აღმომხდა.
წარბაწეულმა ამომხედა, სათვალე შეისწორა და სულ ერთი წამით მომაჩერდა. მერე კი თავი
დახარა და თავის საქმე განაგრძო. მე ადგილიდან არ დავძრულვარ რატომღაც.
-მე და თქვენ? - მკითხა მოგვიანებით.
-არა, მე ხომ „უხდებით“ ვთქვი და არა „ვუხდებით“.
-ვიმედოვნებდი, რომ შეცდომა დაუშვით.
-რატომ?
-იმიტომ, რომ მე და „ის“ საერთოდ არ ვუხდებით ერთმანეთს,
მე და თქვენ კი... უბრალოდ, ჩემ სტუდენტს რეალობის სწორი აღქმა უნდა ჰქონდეს... აბა,
თუ იმას ვერ გაარჩევს რა და რა ან ვინ და ვინ უხდება ერთმანეთს, როგორ წარმართავს საქმეს
თავის მომავალ საქმიანობაში!?
-მეთამაშებით.
-რას ბრძანებთ. - ყასიდად შეიცხადა. სიჩუმე ჩამოწვა,
თუმცა არც თუ ისე უხერხული. - ალბათ ლაშქრობაში წამოხვალთ, ხომ?!
-მემგონი არ ღირს. - ცოტა ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე.
-ნუთუ?! მე კი ვფიქრობ, ეს დაგეხმარებათ. მინიმუმ ერთ
მეგობარს მაინც გაიჩენდით.
-გასაჩენი რომ იყოს, აქაც გავიჩენდი.
-შეიძლება მართალიც ხართ. - თავი დამიკრა. - აბა, დროებით!
- თქვა და კაბინეტი დატოვა.
მეთამაშებოდა!..
 
00000000000000000000
 
თავი მესამე.
მოხსენება ჩავაბარე. გეგმაზე არაფერი უთქვამს. ლექცია
დასრულდა. ისევ იმ გოგოს გასვლას დაველოდე და მერე წამოვდექი.
-როდის მივდივართ? - ვკითხე და ჩანთა შევისწორე.
-ყავაზე? თუ გინდათ ახლავე. - თითქოს ვერ მიხვდა.
-ლაშქრობაზე გეკითხებით. - ღრმად ამოვისუნთქე.
-პარასკევს საღამოს გავალთ თბილისიდან. - თავი დავუქნიე
და გასვლა დავაპირე. - ყავას არ სვამ, ხომ ასეა? - თავი დავუქნიე. - ჩაი იყოს.
-წყლის გარდა არაფერს ვსვამ. - მშვიდად გავეცი პასუხი.
მართლა ასე იყო, ცხოვრებაში წყლის გარდა სხვა სასმელს არ გავკარებივარ, არც უალოკოჰოლოს
და მითუმეტეს ალკოჰოლურს.
-ჩვენ ბუფეტში შესანიშავ წყალს ავსებენ! - ისე თქვა,
თითქოს წვენი ან რამე მსგავსი შემივსო.
-მეფლირტავებით, ხომ? - არც ვაციე, არც ვაცხელე.
-ფლირტი რა მოსატანია... თქვენთან რომანის გაბმას ვაპირებ!

-განა ეს უნივერსიტეტის წესებს არ ეწინააღმდეგება?
-წესები იმისთვისაა, რომ დავარღვიოთ. განა არ გაგიგიათ?
-როგორ არა, ძირითადად სენტიმენტალურ მელოდრამებში...
-და რა არის ჩვენი ცხოვრება, თუ არა სენტიმენტალური მელოდრამა?!
-მისტიკური ტრაგედია.
-ზოგ შემთხვევაში ფანტასტიკაცაა, მაგრამ რეჟისორები ხომ ჩვენ ვართ...
-მაშინ სათავგადასავლო მელოდრამა მირჩევნია, სენტიმენტალურს.
-ხოდა, სწორედ ის დრო ყოფილა, რომ წყალი დავლიოთ...
რა უნდა მეთქვა. მაინტერესებდა ეს კაცი. და გავყევი. გავყევი წყლის დასალევად ბუფეტში.
ორი ონკანის წყალი შევუკვეთეთ, მან
ლიმონით -  მე ისე. უბრალოდ ვისხედით, არც კი
ვსაუბრობდით. თვალს არ მაცილებდა და შიგადაშიგ წყალს სვამდა.
-რამდენი წლის ხართ?
-რატომ მეკითხებით?
-კითხვაზე ყოველთვის კითხვით პასუხობთ?
-თქვენ? - გამეცინა.
-მართლა მაინტერესებს.
-რატომ ასე დაჟინებით?!
-რატომ და... - ოდნავ შევიშმუშნე და
სავარძელში გავსწორდი. - პირველად რომ დაგინახეთ საკმაოდ დიდი მეგონეთ, ორმოც წლამდე
დაახლოებით. მერე გაკვირდებოდით და... ნაადრევად დაბერებულ ბიჭს უფრო გავხართ, ვიდრე
შუა ხნის მამაკაცს.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ზუსტად
ასეა. ჯერ ოცდაექვსი წლის ვარ და უკვე ხნიერი...
არაფერი მითქვამს, კარგად დავაკვირდი.
თითქოს აღარ ჰქონდა ის ცივი მზერა, რაც აქამდე.
-ამ ასაკში ლექსტორი... თანაც ასეთი.
-ნეპოტიზმი. - ერთი სიტყვით მიპასუხა.
- ჩემი პირველი წელია.
-როცა დაბერდებით შვილიშვილებისთვის
სათქმელი გექნებათ, სწავლების პირველივე წელი წარმატებული გამოდგა ბაბუო... - ღიმილით
ვუთხარი და წყალი მოვსვი.
-არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი,
ისევ ჯობია თქვენ აქოთ მეუღლე. - სიმწრით გამეცინა.
-თქვენზე თავდაჯერებულ კაცს ჯერ არ
შევხვედრილვარ!
-ნუთუ ეს ცუდია...
-ცუდი არა, სახიფათოა!
-ოხ, მე ხომ ძალიან რისკიანი ვარ!
- უცებ აღფრთოვანებულმა წამოიძახა. - აი, მაგალითად, ჩემი ჯანმრთელობის გამო, სასმელი
აკრძალული მაქვს, მაგრამ ყოველ საღამოს გეახლებით! - ირონიულად ჩაეღიმა, წარბები მაღლა
აწკიპა, ტუჩები უცნაურად შეათამაშა და ისევ ძველ ტალღას დაუბრუნდა, მშვიდსა და გაწონასწორებულს.
მეც გამეღიმა, ოღონდ რა გრძნობით შეპყრობილს
არ ვიცი. უცნაურ მიზიდულობას ვგრძნობდი ამ კაცის მიმართ, რაღაც საშინლად ძლიერს და
სასიამოვნოს. დანარჩენი დრო ასე ვისხედით, მანამ სანამ წასვლა არ გადავწყვიტეთ, ისიც
საჭიროების გამო, თორემ ალბათ მთელი დღე ასე ჯდომა არც გაგვიჭირდებოდა.
 
00000000
 
-თუ ჩემ გვამს ყელ გამოჭრილს ან გაფატრულს
ჩამოიტანენ იმ ვეებერთელა მთებიდან, იცოდეთ ყველაფერში ცაავაა დამნაშავე! - შუბლშეკრული
ვაფრთხილებდი ძმებს და ზურგჩანთაში ყველაზე სქელ ჟაკეტს ვდებდი, რაც კი გამაჩნდა.
-ეგ ვინაა? - დაეჭვებით მომაშტერდა
ზურა.
-ლექტორია ჩემი. ცოტა საშიში ტიპია
და ხო, უცნაური ურთიერთობა გვაქვს...
-შეყვარებულია? - იკითხა ანდრეამ და
ანრის გადახედა. რა თქმა უნდა, ისინი ხომ ყველაფერს ერთმანეთთან ამოწმებენ და არა სხვებთან.
ტყუპმა თავი დაუქნია და მხრები აიჩეჩა.
-იმედია, იმდენად უცნაური კაცია, რომ
შენ უცნაურობებს გაუძლებს. - დაასკვნეს ბოლოს და ოთახი ერთად დატოვეს.
-მართალი თქვეს? - წარბები ისე შეკრა
ზურამ, ლამის შუბლის ძარღვი საპირისპირო მოქმედებითაც მშვენივრად გაუსკდა.
-ჯერ არ ვიცი, შეიძლება. - რა იყო
დასამალი, ყველაფერი ხომ ისედაც ნათელი იყო.
-უკვე მძულს! - ბოღმით ჩაისისინა და
ტახტზე უხასიათოდ დაებერტყა. გამეცინა. ზურა ყოველთვის ჩემ კალთას იყო გამობმული, ძმებზეც
ხშირად ეჭვიანობდა და ზოგადად იმდენად ეგოისტი გახლდათ, რომ ჩემთან ახლოს გამვლელსაც
ღრენით შესცქეროდა. მასთან მივედი და მხარზე მივეკარი.
-ნუ სულელობ! - ოდნავ დავუყვავე. ზედმეტი
სიტყვებისგან თავი შევიკავე, რადგან შეიძლება უფრო გამენაწყენებინა. ძალიან ემოციური
იყო. - გთხოვ, ყურადღება მიაქციე, რომ ჩემი მანქანა ცოცხალი და საღსალამათი დამხვდეს!
შენ გაბარებ მასაც, ზიტასაც და გიტასაც! - თვალი ჩავუკარი, ლოყაზე ვაკოცე და ფეხზე
წამოვხტი. გავიგონე, როგორ ჩაეცინა და უფრო დამშვიდებული გავედი სახლიდან.
 
00000000000
 
-მითხარით, რომ პარანოია დამეწყო და სინამდვილეში, უბრალოდ
ჯგუფს ჩამოვრჩით! - ღრმად ამოვისუნთქე. ივა დოინჯშემოდებული იდგა და სივრცეში ისე იყურებოდა,
თითქოს ბნელოდა და თვალის შეჩვევას ცდილობდა.
-ვეჭვობ, ეს ჩემ ძალებს აღემატება! - ამოიხვნეშა და
ხელები დაუშვა.
-ანუ... ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ დავიკარგეთ?! -
თავი უსიტყვოდ დამიქნია. ცოტაც და პანიკური შეტევა დამეწყებოდა. - შეუძლებელია! რომელი
ადამიანი იკარგება ტყეში, სადაც მის გარდა ოცი კაცია?! - შევძახე გაფიცხებულმა.
-როგორც ჩანს, ჩვენ. - მხრები აიჩეჩა.
-ჯანდაბა! როგორ ხართ ასეთი მშვიდი?
-ძნელი არაა! უბრალოდ რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქე,
ათიდან უკუთვლით ერთამდე დაითვალე და ნახავ, როგორ დამშვიდდები.
-დროის კარგვაა, ეგ არასდროს მოქმედებდა ჩემზე. - ხელი
ჩავიქნიე და სასწაულებრივად დამშვიდებული, იქვე მოზრდილ ქვაზე ჩამოვჯექი. არაფერი უთქვამს,
გვერდით მომიჯდა და ისევ სივრცეს მიაშტერდა. - ვითომ ბედისწერაა? - სრული სერიოზულობით
ვიკითხე და ჩემ კითხვაზე თავად გამეცინა. მასაც გაეღიმა, ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმა.
-რა ვიცი, რაც ხდება, ყველაფერი გარდაუვალია, ყველაფერი
აუცილებლობაა...
-და ახლა რა უნდა ვქნათ? - ვიკითხე მოგვიანებით.
-შევისვენოთ და გზა განვაგრძოთ.
-თუ გახსოვთ, სწორედ იმიტომ ვსხედვართ აქ, რომ თქვენ
შესვენება მოგინდათ და ჯგუფსაც ჩამოვრჩით. - ცოტა არ იყოს გავღიზიანდი.
-და თქვენ ვინ გთხოვათ დარჩენა? - გავჩუმდი. რა უნდა
მეთქვა, მას არაფერი უთხოვია, არც კი შემოუთავაზებია, ჩემი ნებით გავჩერდი. - მართალი
ხართ, არავინ. ეს თქვენი არჩევანი იყო, ასე რომ, დროა გაჩუმდეთ და მინუმუმ ლაპარაკისგან
მაინც დაისვენოთ. - დავემორჩილე, სიტყვაც არ მითქვამს... თუმცა ეს სულ რამდენიმე წუთი
გაგრძელდა, შემდეგ ისევ გიჟივით წამოვხტი ფეხზე და ხელების შლას მოვყევი, უაზრო ბუტბუტის
თანხლებით. ერთი ამომხედა და თავი დანანებით გააქნია. - რა აბეზარი ყოფილხართ! ამდენი
ხანია წუწუნებთ და ერთხელაც არ გიფიქრიათ, რომ მობილური გამოგეყენებინათ? - დამცინავად
გამოუვიდა. ცინიკური სასოწარკვეთილებით ჩამეცინა.
-თქვენი აზრით, სულელს ვგავარ? ჩემი მობილური ჩემ „ბარგთან“
ერთადაა, რომელიც ვიღაც ჩემთვის უცნობმა სტუდენტმა ლამის ძალადობით ჩამომართვა, გოგო
ამხელა რაღაცას ხომ არ ათრევსო... თქვენ გელოდით, როდის გაგინათდებოდათ გონება და მობილურს
გამოიყენებდით.
-მე არ წამომიღია. - თავი გააქნია. - საერთოდ მხოლოდ
აიპოდი მაქვს ყველანაირი ტექნოლოგიური მოწყობილებებიდან.
-ღმერთო ჩემო! - თავზე ხელები შემოვიწყე და პატარა ზურგჩანთა
საბოლოოდ მოვიხსენი ფარ-ხმლის დაყრის ნიშნად. - ღამის გათევა აქ მოგვიწევს.
-რატომ? - მხრები აიჩეჩა. - ჯერ დღეა, მოვახერხებთ გზის
გაგრძელებას.
-აიპოდის გარდა, საათიც რომ წამოგეღოთ, მიხვდებოდით,
რომ არც ისე ადრეა! - დავუბღვირე.
-ოჰ, ასაკი თავისას შვრება! - ოხვრით აღმოხდა, თუმცა
სულაც არ ტოვებდა გაკვირვებულის ან სასოწარკვეთილის შთაბეჭდილებას. - და რომელი საათია?
-რვა! რაც იმის ნიშანია, რომ ნახევარ საათში სულ მთლად
ჩამობნელდება, ასე რომ, დროა კოცონი დაანთოთ.
-რახან არ იშლით... - ფეხზე მხრების ჩეჩვით წამოდგა
და თავისი უზარმაზარი ზურგჩანთა გახსნა. ისე იქცეოდა, თითქოს მე ვაიძულე დაკარგვაც
და საერთოდ ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა...
 
000000000000000000000000
 
თავი მეოთხე.
-თქვენ გინდათ, რომ ერთ კარავში დავიძინოთ? - თვალებმოჭუტული
დავეკითხე ივას.
-რომც არ მინდოდეს, სხვა გზა არ გვაქვს. - მხრები აიჩეჩა.
-ანუ, გინდათ.
-მინდა. - დამალვა არც კი უცდია.
-გვაქვს.
-რა გვაქვს?
-სხვა გზა.
-ყურადღებით გისმენთ.
-მე კარავში დავიძინებ, თქვენ გარეთ ჩამოჯდებით და იდარაჯებთ.
- გამომეტყველება არ შეცვლია. კარავში შეძვრა და თვალებში შემომხედა.
-აბა, შემოხვალთ, სანამ ელვას შევკრავ თუ ჩემი მშვიდი
ძილის დარაჯს აპირებთ?!
აქეთ-იქით უიმედოდ მიმოვიხედე და ბუზღუნით წავედი მისკენ.

-თქვენ ტერორისტი ხართ! - ამოვთქვი, როგორც კი ჩემი
ადგილი დავიკავე. არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაეცინა. თხუთმეტი წუთი ზურგზე გაუნძრევლად
ვიწექით ორივე და ხმას არ ვიღებდით. მერე წამით წამოჯდა ცაავა, თავის აიპოდს დაწვდა,
ცალი ყურსასმენი გაიკეთა და მუსიკა ჩართო. მაშინვე მივხვდი, რატომ გაიკეთა მხოლოდ ცალი
ყურსასმენი, მაგრამ არაფერი გამიკეთებია. მოგუდულად მესმოდა საყვარელი სიმღერის ხმა
და არაფერს ვაკეთებდი. რატომღაც სულაც არ ვყოფილვარ იმდენად შებოჭილი, რამდენადაც უნდა
ვყოფილიყავი. ვფიქრობდი ამ კაცზე და სხვა თუ არაფერი, ის მაინც ვიცოდი ზუსტად, რომ
საკუთარ თავზე მეტად მას ვენდობოდი. როგორც კი ეს გავაანალიზე, მაშინვე ყურსასმენს
დავწვდი და უკვე ახლოდან დავიწყე ნაცნობი მელოდიის მოსმენა. - მეგონა აღარავინ უსმენდა.
- ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე.
-ბატონო?! - მოძრაობით მივხვდი, რომ ყურსასმენი მოიხსნა.
-მეგონა აღარავინ უსმენდა-მეთქი...
-ოჰ, Follow
Rivers? ეს ისაა, რასაც ყოველთვის მოვუსმენ... მიუხედავადიმისა, რომ ამ ჟანრის მუსიკას დიდად არ ვწყალობ. - გამეღიმა. ანალოგიურად ვფიქრობდი
მეც.
-He a message: I'm the runner.
He's the rebel, I'm the daughter waiting for you.
- საამო ღიმილით წავიღიღინე და თავი წამიერად ზედმეტად ბედნიერად ვიგრძენი.
-You're my river running high.
Run deep. Run wild. - ივაც ამყვა და ახლა სამ ხმაში
ვმღეროდით: მე, ის და Lykke Li.
 
000 000 000
დილით რომ მის მკერდზე მოკალათებულს გამეღვიძა სულაც
არ გამკვირვებია, სამაგიეროდ ძალიან მესიამოვნა. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა დროის
ასეთ მცირე მონაკვეთში შეყვარება, მაგრამ რასაც ჩემი ლექტორის მიმართ ვგრძნობდი მეტი
იყო, ვიდრე სიყვარული. არც კი გავტოკებულვარ, ლამის სუნთქვაც შევწყვიტე. მკლავი ჩემ
მხარზე ჰქონდა მოხვეული, ხელი ჩემ თმაში ახლართული, მე კი თავი მის მკერდზე მედო, მარჯვენა
ხელი კი გულზე, რომელიც ჰარმონიულად და რიტმულად სცემდა, ჩემი გულისგან განსხვავებით.
რამდენიმე წამში ვიგრძენი, როგორ აყვა მისი გული ჩემსას და მალულად ჩამეღიმა. ისევ
არ გავტოკებულვარ, მის მოქმედებას ველოდი. არაფერი გაუკეთებია, თუ ერთ არათანაბარ ამოსუნთქვას
არ ჩავთვლით. ამჯერად ლამის ყურებამდე გავიკრიჭე. ცოტახანი ვადროვე.
-ვიცი, რომ გღვიძავთ. - ჩავილაპარაკე ხმადაბლა, თითქოს
იქ, ტყეში, სადაც ჩვენ გარდა არავინ იყო, ვინმეს ვუმალავდი.
-ვიცი, რომ იცით. - თავზე მაკოცა და ჩემიანად წამოჯდა.
თავიდან აშკარად არ აპირებდა ხელის გაშვებას, არც მე გამიგიჟებია თავი, მერე მაინც
გადადგა ეს ნაბიჯი და ნელა მომიშორა სხეულიდან. ერთ ხანს დაჟინებით მიყურებდა თვალებში.
- აბა, ვილაპარაკოთ?
-რა თქმა უნდა! - თავი დავუქნიე და კარვის ელვა შესაკრავი
გავხსენი. - ოღონდ ახლა არა! - სწრაფად მივაყარე და გარეთ გავბობღდი. ჯერ ნამდვილად
არ ვიყავი მზად ამ საინტერესო და სასიამოვნო მდგომარეობის უაზრო ჩარჩოებში მოქცევისთვის,
მითუმეტეს, რომ მთელი განვლილი ცხოვრება ჩარჩოებში გავატარე.
ცაში ავიხედე და მაღალი ხეებისგან შეფერხებულ მზის სხივებს
გავუღიმე. მალევე მომყვა უკან და გვერდით ამომიდგა ძვლების ტკაცუნის თანხლებით. ინტერესით
გადავხედე.
-სახსრები გაწუხებთ?
-ასაკი თავისას შვრება... - თვალი ჩამიკრა და გამშორდა.
წამით გავაყოლე თვალი, მერე ისევ მზეს ავხედე და კმაყოფილმა ჩავიბუტბუტე:
-მომწონს ეს კაცი!
-მეც მომწონხართ! - ტყეში ექოდ გაისმა მისი თვითკმაყოფილი
ხმა. უკან მივიხედე და რამდენიმე მეტრში მდგომს ცინიკურად გავუღიმე.
-როგორც ჩანს, ასაკი თქვენ სმენაზე დიდად ვერ მოქმედებს...
-ჯერ კიდევ მქონია შანსი! - მხრები აიჩეჩა და ჩანთაში
რაღაცის ძებნა განაგრძო.
 
000 000 000
 როგორც კი დილის
პროცედურები ჩავიტარეთ შეძლების და გვარად მაშინვე გზას დავადექით. შეიძლება ითქვას,
რომ სულაც არ გამკვირვებია, როცა გზა პროფესიონალურად გაიკვლია ბატონმა ცაავამ და ჩვენებთან
ზუსტად ნახევარ საათში მივედით. ერთ ადგილზე გავჩერდი და თვრამეტ გაშლილ კარავს დოინჯშემორტყმული
მივაჩერდი. ისიც გაჩერდა.
-განზრახ დამკარგეთ, ხო? - თვალები მოვჭუტე და გამომცდელად
მივაშტერდი. თავი მოისულელა და გაოგნებული მზერა მესროლა. იმართლე გითხრათ, სულაც არ
გავბრაზებულვარ, მაგრამ... - თავს ნუ ისულელებთ! - მკაცრად შევძახე. - იცოდით, სადაც
ვიყავით, ისიც იცოდით, ესენი სად იყვნენ და ისიც, როგორ უნდა მოგვეღწია აქამდეც.
-ცილს ნუ მწამებთ! - შეურაცხყოფილი სახე მიიღო და ყელი
მოიღერა.
-თქვენ... თქვენ ნამდვილი...
-ტერორისტი ვბრძანდები?! - ცალყბად ჩაიცინა და წინ ისე
წავიდა, არც კი დამლოდებია. უცებ მოვეგე გონს, დავეწიე და რასაც ქვია, ჩავუქროლე.
-დიახაც, თქვენ ტერორისიტი ბრძანდებით! - მოვაძახე უკან
მყოფს.
 
ლაშქრობამ ასე თუ ისე კარგად ჩაიარა. კურსელებთან ისევ
არ დავმეგობრებულვარ, თუმცა არც ცაავასთან მარტო დარჩენის ბედნიერება მწვევია. ყოველთვის
იყო ვიღაც ჩვენთან ერთად და ეს უფრო და უფრო მამწარებდა. რატომღაც საშინელი სურვილი
მქონდა, რომ შევხებოდი და მისი სითბო მეგრძნო. ისე, როგორც კარავში იმ ღამეს და არა
ისე, როგორც ვიღაც ნაცნობს. არ იყო ის ჩემთვის უბრალო ნაცნობი და ზუსტად ვიცოდი, რომ
არც მისთვის ვიყავი უბრალოდ სტუდენტი.
 
Ooooooooooooooooo
 
საცხოვრებლად უნივერსიტეტში გადავედი!
კარგი, ვაზვიადებ... უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მთელ
დღეს იქ ვატარებდი. ლექციებზე 100%-იანი დასწრება მქონდა, თავისუფალ დროს კი ჩვენ ბიბლიოთეკაში
ვიჯექი, წყალს ვსვამდი და ან ვკითხულობდი, ან დაკვირვებას ვაწარმოებდი. ჩემი დაკვირვების
ობიექტიც იქ ატარებდა ძირითად დროს. ამოჩემებულ ადგილზე იჯდა, ჩაის წრუპავდა და გამუდმებით
წიგნებსა და კონსპექტებში იქექებოდა. თავიდან ძალიან მწყინდა ის ფაქტი, რომ მისი საქმის
გადამკიდე ჩემ წილ მცირე ყურადღებასაც ვერ ვიმსახურებდი და ისე გამოდიოდა, რომ მთელი
დღის განმავლობაში თვითონ მხოლოდ ლექციაზე მამჩნევდა. წარმოიდგინეთ დღე, როცა საერთოდ
არც მქონდა მისი ლექცია... ჰო, საშინელება იყო! რაღაც პერიოდის შემდეგ მივეჩვიე ამ
სიტუაციას და ისიც გავიაზრე, რომ ოცდაექვსი წლის მამაკაცი, რომელიც ერთდროულად სტუდენტიც
იყო და ლექტორიც თავისთავად იქნებოდა მუდმივად დაკავებული. ოდნავ მოგვიანებით, როგორც
ზურა იტყოდა, უკვე მუღამი დავუჭირე ამ ყველაფერს და უბრალოდ მისი ცქერით ვიღებდი სიამოვნებას.
ოხ, ისეთი საქმიანი იერი ჰქონდა, როცა მეცადინეობდა ან მომდევნო ლექციის თემას ადგენდა,
რომ ხანდახან მავიწყდებოდა რა მიზნით ვიყავი მასზე მუდმივად მიშტერებული. ჩემთვის იმდენად
მიმზიდველი იყო ეს არც თუ ისე სიმპათიური მამაკაცი, რომ მის გარდა ვერავის ვამჩნევდი.
არ არსებობდა ჩემთვის ბიჭი და საერთოდ ადამიან, რომელიც მას დაჩრდილავდა. იჯდა, არაფერს
აკეთებდა და უბრალოდ ისეთ ენერგიას ასხივებდა, რომ თვალსაც კი მჭრიდა. ეს იყო ადამიანი,
რომელიც... ის უბრალოდ ჩემი ადამიანი იყო, მონათესავე სული...
ერთხელ ჩაეძინა. ხო, ასე მთელი დღის ბიბლიოთეკაში გატარების
შემდეგ უბრალოდ კონსპექტზე წამით ჩამოდო თავი და ჩაეძინა.  მძინარესაც ისეთი თავდაჯერებული და ყოვლისმცოდნე
გამოხედვა ჰქონდა, რომ ვერ აგიღწერთ. მე კი ვიჯექი ყველაზე სულელური მზერით ამ ქვეყნად
და წამითაც არ ვწყვეტდი თვალს მას.
-მას ყოველთვის ჰქონდა ეს ჯადოსნური ძალა... - მოულოდნელ
ხმაზე შევხტი და გაოცებულმა ავხედე გოგონას ბუფეტიდან, რომელიც ღიმილით შესცქეროდა
მძინარე ივას. წამით შევყოყმანდი და ისევ მან განაგრძო. - ხო, მიუხედავად მისი არც
ისე მომხიბვლელი გარეგნობისა, მთელი კურსის გოგონები მასზე ვიყავით შეყვარებულები,
ბიჭები კი პირიქით...
-არ მესმის რას...
-არ გინდა გთხოვ, ოღონდ ჩემთან არა! მთელი სემესტრია
გაკვირდები, თავი გაქვს დაკარგული... მასში ხარ დაკარგული, ალბათ ჯერ ვერც ხვდები,
მაგრამ მთელი არსებით მას ეკუთვნი.
-მე... მე... - არ ვიცი რამ ამანერვიულა, არ ვიცი რა
დამემართა, მაგრამ ნიკაპი ამიკანკალდა და თვალები ცრემლით ამომევსო.
-კარგი, რა გატირებს... - გამამხნევებლად გამიღიმა გოგონამ
და მხარზე ხელი თბილად მომითათუნა. მერე კარგად დამაკვირდა და ჩემ მაგიდასთან ჩამოჯდა.
- შენ სანერვიულო არაფერი გაქვს. მას ხუთი თითივით ვიცნობ და აქამდე ისე არავისთვის
შეუხედავს, როგორც შენ გიყურებს ხოლმე. ვერც კი ამჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ სულ
მასზე გიჭირავს თვალი, რადგან მას კარგად ყავხარ შესწავლილი და როგორც კი წამით მზერას
მოაშორებ, ის დროს არ კარგავს და თავისი სევდისფერი თვალებით გაშტერდება.
-გიყვარს ხო? - ვკითხე ხმაჩახლეჩილმა. სუნთქვა მიჭირდა,
ცრემლები ყელში მებჯინებოდა, დღემდე ვერ ვხვდები რა დამემართა იმ დღეს. პატარა ბავშვს
რომ დანაშაულზე წაასწრებენ და ნერვიულობისგან მას გული ამოუჯდება, ზუსტად მასე ვიყავი.
-მიყვარდა... წლები... არ ვიცი, შეიძლება თუ არა გადაყვარება,
მაგრამ ეს გრძნობა ახლა აღარაა მტკივნეული, მივეჩვიე და ამიტომაც ვამბობ, რომ მიყვარდა.
-ის ისეთი სხვანაირია... - თავი დავხარე და მალულად
ავხედე მძინარეს.
-სწორედ ესაა მისი კოზირი. - გაეღიმა. - ამდენი ხანია
გაკვირდებით და... ერთი სული ხართ ორ სხეულში... არ დაუშვა მისი დაკარგვა, მას შენ
სჭირდები, უშენოდ დაჭკნება, როგორც ყვავილი ვაზაში უწყლოდ! - ხელი ხელზე დამადო და
ცრემლი ცერა თითით მომწმინდა.
-თამარ, გეყოფათ ჩემი საიდუმლოებების სააშკარაოზე გამოტანა!
- ყრუდ გაისმა ივას მოგუდული ხმა.
-სანამ სხვისი საუბრის მოსმენას არ შეწყვეტ არაფერი
გეშველება! - სიცილით აღნიშნა, როგორც გავიგე თამარმა, თუმცა მისთვის არც კი შეუხედავს.
ისევ მე მიყურებდა, როგორც მე მას. - მგონი სალაპარაკო გაგიჩნდათ... მე წავალ. - ფეხზე
წამოდგა და წასვლა დააპირა, როცა შევაჩერე.
-მადლობა... ძალიან დიდი მადლობა! - კიდევ ერთხელ გამიღიმა
და დაგვტოვა.
ივას დამნაშავესავით გავხედე და ცრემლი ისე მალულად
მოვიწმინდე, თითქოს დამალვას მოვახერხებდი.
-როცა ტირი შენი თვალები ფერს იცვლიან. - ისე ჩაილაპარაკა,
თითქოს ეს ფაქტი იმ წამს ვიკიპედიაში ამოიკითხა.
-ვიცი. - ხმადაბლა ვთქვი.
-დროა?
-რისი?
-საუბრის. ლაშქრობის შემდეგ...
-არა! ჯერ არა! - შევაწყვეტინე, ფეხზე წამოვხტი და ისე
გავუჩინარდი შენობიდან, მეც კი ვერ გავაანალიზე. არ ვიცი რამდენი ხანი მივრბოდი, ან
სად მივრბოდი, მაგრამ ბოლოს დაღლილობისგან გასავათებული ავეკარი უცნობი შენობის კედელს
და სუნთქვის დარეგულირება ვცადე.
-ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო... - მოულოდნელობისაგან
და შოკისგან ერთდროულად შევხტი. ივა ჩემ გვერდით იდგა ძალიან მშვიდად და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი
მიცქერდა. როგორ დამეწია ან როგორ იყო ასე მშვიდად, როცა მე ვეღარ ვსუნთქავდი. - საიდან
მომდინარეობს ეს ფრაზა თუ გახსოვს, ბეჯითო სტუდენტო?
-ჩვეულებრივი ფრთიანი ფრაზაა. - ხელი ჩავიქნიე და ღრმად
ამოვისუნთქე. - აქ საიდან გაჩნდით?
-არც ისე ბეჯითი ყოფილხარ... - ჩემი მოძრაობა გაიმეორა,
ჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო და გამომიწოდა. უსიტყვოდ ჩამოვართვი და ერთი ამოსუნთქვით
ჩავცალე. - ოხ, მართლა როგორ გყვარებია წყალი!
-რა მოულოდნელობებით სავსე ადამიანი ხართ... - ირონიულად
ჩავილაპარაკე. - დიდი ხანია შენობით ფორმაზე გადმოხვედით?!
-მას მერე, რაც 100%-ით დავრწმუნდი ჩემს მოსაზრებაში.
-და რაში მდგომარეობს იგი?
-ჩემზე თავდავიწყებით ხარ შეყვარებული, ამას აღარც მალავ
და ერთი სული გაქვს, უბრალოდ შემეხო მაინც.
-რა ამბიციური ბრძანდებით.
-ზოგადად ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლებად.
-ესეც საკმაოდ ამბიციური განცხადება იყო.
-გინდა დაგარწმუნო, რომ ეს მხოლოდ ამბიცია არ არის?
-თუ შეძლებთ... - კისერი მამალივით მოვიღერე.
სიტყვა არ უთქვამს, მომიახლოვდა და ხელი კისერზე ისე
შემიცურა, რომ ცერა თითი ღაწვებზე კომფორტულად აეთამაშებინა. თავისი ცივი მზერით დამიწყო
ყურება და ზუსტად იმ წამს გავაანალიზე, რომ მას მართლაც სევდისფერი თვალები ჰქონდა.
-მართლა სევდისფერი თვალები გქონია... - ხმამაღლა გავაჟღერე,
რაც იმ წამს გავიფიქრე.
-დიდი ხანია შენობით ფორმაზე გადმოხვედი!? - სარკასტულად
დამეკითხა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.
-რამდენიმე წამია. - ონავარი ბავშვივით გავეკრიჭე და
თმაზე უცნაურად, თითქოს შიშით შევეხე. აი, რაღაც ნაბიჯს რომ გადადგავ, რომლის გადადგმაც
უკვე დიდი ხანია გინდა და ახლა ცოტა შეცბუნებული, რომ ხარ...
-ხომ გეუბნებოდი!
-რას?
-ერთი სული გაქვს, უბრალოდ შემეხო მაინც-მეთქი...
-აა... ხო... მეუბნებოდი კი.
-მერე?
-მე უბრალოდ ის მინდა, რომ არასდროს წახვიდე.
-არ წავალ!
 
ხმა აღარ ამოგვიღია ისე დავუყევით ქუჩას. ამას ხომ არ
ექვა საუბარი, თუმცა უკვე ყველაფერი ცხადი იყო. ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები,
ერთი სული გვქონდა...
 
-რატომ მაინც და მაინც მე? - ვკითხე ხმადაბლა.
-იმიტომ, რომ შენ სტეფანი ხარ. - იყო ასევე ხმადაბალი
პასუხი და კოცნა ხელისგულზე.
ასეთია ჩვენი ცხოვრება... ცოტა ბანალური, ცოტა სხვანაირი,
ცოტა სენტიმენტალური, ცოტაც მტკივნეული და ძალიან ბედნიერი!!

გამარჯობა.
იმედია, გახსოვართ... ზოგს მაინც...
ვიცი უნამუსო ადამიანი ვარ...
საუკუნის წინ ვწერდი ამ ისტორიას და ბოლო თავს არ დაადგა საშველი, თუმცა აი, ისიც და ბარემ გთავაზობთ სრულად... ვისღა ახსოვს ის...
ხოდა, ისა... ზოგადად ბოდიში.
ზუსტად რისთვის ვერ გეტყვით, მაგრამ ბოდიში!
და კიდევ, მომენატრეთ და მიყვარხართ ძალიან!
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 4502 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
rogor monenatra sheni istoriebiii❤️dzakiab magri gogo xar da dzalian kargi istoria iyoo❤️❤️
avatar
0 Spam
2
ამ ისტორიის გაგრძელებას სიამოვნებით წავიკითხავდიი ))
avatar
0 Spam
3
თურმე როგორ მომნატრებიხარ <3 ჩემო არაორდინალურო! <3
avatar
0 Spam
4
მაგიჟებს ყველას შენს მოთხრობაში, რომ ვხედავ შენს რაღაც ნაწილს ან მთლიანად შენ. სხვანაირად სხვანაირ მაგდას.
მიყვახარ <3
მენატრები :*
avatar