სხვისი ცოდვებისთვის (13)
13.06.2018, 23:43

სხვისი ცოდვებისთვის

თავი (13)

 

გრძელ სკამზე ისხდნენ და მშვიდად მოლივლივე ზღვას გაჰყურებდნენ. მზეს სხივები სადღაც დაჰკარგვოდა და წითელი გავარვარებული ბურთი ნელ-ნელა უახლოვდებოდა ზღვის კიდეს….. ნელა მიიწევდა ზემოდან ქვემოთ და ემზადებოდა როდის შთაინთქმებოდა მის სიღრმეში.

მოლურჯო-მოცისფრო ზღვას ფერი დაჰკარგვოდა და მხოლოდ ალაგ-ალაგ მოსჩანდა მისი პირვანდელი სახე, მასზე უზარმაზარი ბურთი გაბატონებულიყო და სისხლისფრად შეეღება იქაურობა. ზღვის ნაპირიც მეწამული ფერისა გამხდარიყო და მშვიდად ლივლივებდა…..

თოლიები ახლომახლო დასეირნობდნენ, მათი ხმა ტალღებისას ძალიან სასიამოვნოდ ერწყმოდა და კიდევ უფრო მშვიდ და მყუდრო გარემოს ქმნიდა...

 

-სულ პირველად რომ გნახე, გეფიცები იმდენად სხვანაირი მეჩვენა ჩვენი საუბარი, თითქოს არ გავდა სრულიად უცნობი ადამიანების საუბარს რომლებიც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. რაღაცნაირად მშვიდად და კარგად ვიგრძენი თავი რომ მესაუბრებოდი, მაგრამ მაშინ ამოუცნობი იყო ეს ყველაფერი, სახელი ვერ დავარქვი. ახლა კი ვიცი რატომაც მქონდა ასეთი შეგრძნება. _ ღიმილით უთხრა ნაინამ და მისკენ მომავალ ბეთას ხელი დაუქნია.

-სიმართლე რომ გითხრა ეგ შეგრძნება მე უფრო მძაფრად მქონდა, იმიტომ რომ როცა ბავშვი მაპოვნინე და მერე მესაუბრე, მეგონა იყავი ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ღმერთო ჩემო, რა ბედნიერი ვარ ნაინა რომ იცოდე. _ ხელი ჩასჭიდა და მხარზე ჩამოადო თავი.

ამასობაში ბეთაც მოუახლოვდა გოგონებს და ანას მიესალმა.

-ბეთა გაიცანი ეს ანაა, ჩემი და. ანა ეს ბეთაა. _ სწრაფად გააცნო ორივეს ერთმანეთი.

-სასიამოვნოა ანა, მიხარია რომ ერთმანეთი იპოვეთ.

-ჩემთვისაც სასიამოვნოა, რა კარგი სიძე მყოლია თურმე. _ ღიმილით გადახედა ნაინას. ქალმა კი უხერხულად ჩაახველა და სახეზე მთლიანად წამოწითლდა.

-ჩემი ბეთაც მალე მოვა, ისე რა მაგარია ორივეს ერთიდაიგივე სახელი რომ ჰქვია. _ სიცილით საუბრობდა ანა.

ცოტა ხანში ბეთაც გამოჩნდა, ანამ წყვილი გააცნო და მერე ერთად წავიდნენ რესტორანში, ცოტაც ისეირნეს და საბოლოოდ შესანიშნავი საღამო გამოუვიდათ.

გოგონები ერთმანეთს იმ პირობით დაემშვიდობნენ რომ მეორე დღეს ისევ შეხვდებოდნენ და ბედნიერებით აღსავსე წავიდნენ შინ.

 

მთელი გზა ემოციებს ვერ მალავდა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ბეთა კი მისი შემყურე ჩუმად იღიმოდა ხოლმე, თქმით კი არაფერს ამბობდა. სასტუმროში მისვლისთანავე დივანზე ჩაეძინა, ბეთამ ღიმილით დახედა, ხელში აიყვანა და ფრთხილად დააწვინა საწოლზე, მერე კი კარი გაიხურა და თავისი ოთახისკენ წავიდა.

 

მთელი ღამე ვერ მოხუჭა თვალი და ყველაფერზე ეფიქრებოდა, მაგრამ მის გონებაში ექიმის სიტყვები უფრო ხშირად ტრიალებდა რომ გოგო ეყოლებოდათ და ყოველ წამს უფრო ბედნიერდებოდა ამ ამბით. მეორეს მხრივ ძალიან დიდ გაუგებრობაში იყო, საერთოდ არაფერი ესმოდა და უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში. რა ხდებოდა ნაინას თავს, რას ნიშნავდა ის ფოტოსურათები და ა.შ.

თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა ეს ყველაფერი არ გამოეხატა, ისედაც ხედავდა როგორ ნერვიულობდა ქალი ამ ყველაფერზე და არ უნდოდა მეტი სადარდელი დაემატებინა, ამიტომ გულში იკლავდა ფიქრსაც, ინტერესსაც და იმ დღეს ელოდებოდა როცა თვითონ უამბობდა რა ხდებოდა მის თავს.

გამთენიას რაღაც ხმაური შემოესმა, თავიდან ვერ გაარჩია რა ხმები იყო, ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ნაინას ოთახისკენ, მაგრამ სამზარეულოდან სიმღერის ხმა რომ გაიგო ხმამაღლა გაეცინა და ნელა მივიდა კართან. ღიმილით ადევნებდა თვალს როგორ ამზადებდა გაბერილი ნაინა საჭმელს და ტანში სასიამოვნოდ აჟრჟოლებდა.

მაცივრისკენ შემობრუნებული ქალი საერთოდ არ ელოდა იქ ბეთას და მოულოდნელობისაგან ისე შეშინდა გვარიანად შეკივლა, მერე კი სალათისთვის გამზადებული ინგრედიენტებით სავსე მინის ჯამიც ძირს დაუვარდა და მთელი სამზარეულო დაფარა. ნერვებმოშლილმა გახედა მამაკაცს, ხან ნამსხვრევების ასაკრეფად დაიხარა, ხან ბეთას გასალანძღად მოემზადა, მერე კი იქვე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. გახალისებულ მამაკაცს სწრაფად შეეცვალა სახე და ნაინასთან მივიდა.

-რა გატირებს? _ მის წინ ჩაიმუხლა და ცრემლები ხელით შეუმშრალა.

-თავი დამანებე, მომშივდა და საჭმელს ვიკეთებდი შენ კიდე ჯერ გული გამიხეთქე და მერე ყველაფერი გამაფუჭებინე. _ ცრემლებს მუშტებით იგერიებდა და მამაკაცს ეჩხუბებოდა. ნაინას ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე ღიმილი ვეღარ შეიკავა ბეთამ დ ამან სულ გააცოფა. გაბრაზებული წამოდგა და თავისი ოთახისკენ წავიდა.

ბეთამ იქაურობა მიალაგა, მერე კი ხელახლა დაჭრა ყველაფერი, ზემოდან მაიონეზი დაასხა და მაგიდაზე დადო, მაკარონიც მოამზადა საწებლით, მერე კი მის კართან მივიდა და მიუკაკუნა.

-გღვიძავს?

-არა! _ ისევ გაბრაზებული ხმით გამოსძახა.

-წამოდი ჭამე და ნუ ბრაზობ. _ ღიმილნარევი ხმით უთხრა და უკან გაბრუნდა. რამდენიმე წუთში გააღო კარი და სამზარეულოში შევიდა. ხალათი აღარ ეცვა, ბეთას საყვარელი პიჟამათი იყო, რომელიც უკვე ძალიან დამოკლებოდა გაბერილი მუცლის გამო. მამაკაცმა ერთხანს უყურა, მერე კი გონს მოეგო და თეფშზე სალათი დაუდო.

-ესენი შენ გააკეთე?

-ხო. _ თავი დაუქნია და მაცივარი გამოაღო. -რის წვენს დალევ?

-ბროწეულის ან ფორთოხლის.

-ბროწეულის გვაქვს. _ იქვე დადებული ჭიქა აიღო და წვენი დაასხა.

-ასე სწრაფად როგორ მოამზადე? მე ერთი საათი სალათის ინგრედიენტებს ვჭრიდი. _ სიცილით ახედა მამაკაცს.

-მე შენზე ბევრად ნიჭიერი ვარ. _ თვალი ჩაუკრა და მის წინ დაჯდა.

-ვაღიარებ საჭმელების კეთება არასდროს გამომდიოდა.

-კეთებასთან ერთად არც ჭამა გამოგდიოდა ორსულობამდე, ნახევარ სტაფილოს ან რაიმე ხილს შეჭამდი და ეგ იყო.

-მაშინ მოდელი ვიყავი და ფიგურას ვუფრთხილდებოდი.

-ახლა ბევრად ლამაზი ფიგურა გაქვს.

-მაგას მართლა ამბობ თუ ყველა კაცი აფერისტობს ქალა გული რომ არ გაუსკდეს. _ სიცილით გახედა ბეთას და წვენი მოსვა.

-სხვა კაცები რას აკეთებენ არ ვიცი, მაგრამ ქალი რომ ორსულობის დროსაა ყველაზე ლამაზი მემგონი აღნიშვნაც არ სჭირდება.

-ანუ მე ყველაზე ლამაზი ვარ. _ ტაში შემოჰკრა და ტელეფონის ეკრანის მეშვეობით შეათვალიერა თავი.

-ახლა კი. _ აშკარად ნაინას წვალების ხასიათზე იყო მამაკაცი.

-რას ნიშნავს ახლა კი? ანუ ადრე არ ვიყავი?

-ადრეც არაგიშავდა რა.

-უნამუსო ხარ, ხოდა მოგეძებნა მერე ჩემზე ლამაზი და ის შეგეყვარებინა.

-ჭამე ბოლომდე და სისულელეს ნუ ამბობ.

-აღარ მინდა დიდი მადლობა. _ ცრემლმორეულმა გადახედა, მერე კი გაჭირვებით წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. საერთოდ არ ეგონა მსგავს რამეზე რეაქცია თუ ექნებოდა და გაიბუტებოდა, თუმცა ორსულობამ ისე შეცვალა არც ეს გაკვირვებია დიდად. როგორ უნდოდა გაყოლოდა, ჩახუტებოდა და ეთქვა, რომ ყველაზე ლამაზი ქალია და ყველაზე მეტად უყვარს, თუმცა რაღაც არ აძლევდა ბოლომდე იმის უფლებას რომ ეს გაეკეთებინა. ამიტომ ყველაფერი მიალაგა, მერე ყავა გაიკეთა და წიგნი აიღო მისაღებიდან. იცოდა ვერ დაიძინებდა და დროის გასაყვანად მისთვის ერთ-ერთი საყვარელი გზა აარჩია.

 

*****

მეორე დილით ანას და ბეთას ესტუმრნენ. როგორც კი გათენდა მაშინვე წამოაგდო მამაკაცი და წაყვანა სთხოვა. ბეთასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია იმის მიუხედავად რომ ძალიან ადრე იყო, ხედავდა როგორ უხაროდა ანას გამოჩენა და თვითონაც მაქსიმალურად უწყობდა ხელს.

ოთხივემ ერთად ისაუზმეს, ბევრი საინტერესო თემა განიხილეს, სასაცილო ისტორიები გაიხსენეს და დილაც გაიხალისეს. ამასობაში ანასტასიამ გაიღვიძა, გოგონებმა ერთად მოამზადეს მერე კი ნაინამ და ბეთამ წაიყვანა ბაღში. მანქანა ცოტა მოშორებით გააჩერა და ბაღიდან გამოსულებმა გადაწყვიტეს ცოტა ფეხით გაევლოთ სანაპიროზე.

-ბეთა, ბეთა ბამბის ნაყინი. _ მოულოდნელად იმხელა ხმით წამოიყვირა მამაკაცს ტელეფონი დააგდებინა. მის ამ ბავშვურ  ქმედებაზე ძალიან გახალისდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, წუხანდელის მერე ისედაც უბღვერდა და ნორმალურად არც ელაპარაკებოდა ბეთას.

-გინდა გიყიდო?

-კი, კი ძალიან მინდა თეთრიც და ვარდისფერიც.

-მაგდენს შეჭამ? _ ღიმილით გახედა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ დახლთან მივიდა, ორი ბამბის ნაყინი იყიდა და მოუსვენარ ქალს გაუწოდა.

-მადლობა. _ პირგამოტენილმა ძლივს ამოთქვა და თავისსავე საქციელზე გაეცინა.

-ბეთა? მეშლება თუ ეს მართლა შენ ხარ? _ ზურგსუკან ვიღაცის ხმა გაისმა და ორივე ერთდროულად შებრუნდა. მათ წინ საშუალო სიმაღლის გოგო იდგა ზღვასავით ლურჯი თვალებით და მომხიბვლელი ღიმილით უყურებდა მამაკაცს.

-ანკა? _ ბეთასთვისაც აშკარად მოულოდნელი იყო მისი ხილვა. გოგონა სწრაფი ნაბიჯებით მივიდა და მამაკაცს მთელი ძალით ჩაეხუტა.

-კი მე ვარ, რომ იცოდე როგორ მომენატრე. ვაიმე რამდენი ხანია არ მინახიხარ წარმოგიდგენია?

-ოთხი წელია მგონი, რაც საფრანგეთში წახვედი მას შემდეგ აღარ შევხვედრილვართ, როგორ შეცვლილხარ და გალამაზებულხარ.

-მადლობა, შენ კიდევ ზუსტად ისეთივე სიმპატიური ხარ როგორიც დაგტოვე. ორი კვირაა ჩამოვედი და მაშინვე ბათუმში გამოვიქეცი დასასვენებლად, ხომ იცი როგორ მიყვარს აქაურობა. _ ღიმილით საუბრობდნენ ორივე და სულ არ ახსოვდათ ნაინაც იქვე რომ იდგა.

-ეს ბავშვი ვინ არის? _ როგორვ იქნა შენიშნა, მაგრამ ამის გაგონებაზე ქალს ისეთი რეაქცია ჰქონდა ლამის ადგილზე მოკლა.

-ეს ჩემი ცოლია ანკა. _ ისე გაებადრა სახე ამის გაგონებისას, იმხელა სითბო იგრძნო რომ ორი წუთით სულ გადაავიწყდა გაბრაზება სანამ ანკა ამოიდგამდა ენას.

-ცოლი? ეს? _ ხმით ჩაეღიმა და ნაინა აათვალიერა. -ბიძაშვილს, ნათლულს, მეგობარს, რავიცი ყველაფერს ველოდი ცოლის გარდა. თუმცა სასიამოვნოა, მე ანკა ვარ, ბეთას უნივერსიტეტის მეგობარი.

-ჩემთვისაც სასიამოვნოა, ნაინა. როგორც უკვე გაიგეთ ბეთას მეუღლე. _ მოვალეობის მოხდის მიზნით გაუღიმა და ბეთას ახედა.

რამდენიმე წუთი კიდევ საუბრობდნენ და ნაინას ისევ არ იმჩნევდნენ, ის კი გაბუტული იდგა ნაყინებით ხელში და ბეთას ელოდა.

-კარგი ბეთა აბა დროებით და თბილისში რომ ჩამოხვალ ისევ გნახავ. _ წასვლის წინ კვლავ ჩაეხუტა და ტელეფონის ნომერი გაუწოდა.

-კარგი ანკა, შეხვედრამდე. _ ხელი დაუქნია ქალს და ნაინას მიუბრუნდა. -წავიდეთ.

-მე მეუბნები?

-ხო ნაინა შენ გეუბნები.

-მეგონა აღარც გახსოვდა აქ რომ ვიდექი.

-რას გულისხმობ?

-რავიცი ისე სასიამოვნოდ საუბრობდით შენ და ანკა და ისე სასიამოვნოდ დამაიგნორე რომ.

-ნაინა საუკუნის უნახავი მეგობარი შემხვდა და არ მენახა?

-როგორ არ უნდა გენახა, მაგრამ თუ ჩემთან ერთად გამოჩენა გრცხვენია არ იარო აწი ჩემს გვერდით. ისე იქცეოდი თითქოს იქ არ ვიდექი.

-ნაინა რა გჭირს და რაზე ბრაზობ საერთოდ თუ ხვდები?

-ან ის რა იყო რომ გკითხა ეს ბავშვი ვინ არისო? _ ისევ თავისას აგრძელებდა და არაფრით ჩუმდებოდა. -სადაცაა უნდა ვიმშობიარო, ამხელა მუცლით ვარ და დავიჯერო ბავშვს ვგავარ რომელიც სასეირნოდ გყავდა გამოყვანილი და საჩუქრად ბამბის ნაყინები უყიდე?

-ნაინა გეყოს უკვე, რაღაც სისულელეზე ჩაიხვიე და უკვე თავი მეტკინა იმდენს ლაპარაკობ, ან მე რას ვდგავარ და გიხსნი? მეგობარია და მორჩა, მგონი ზრდასრული ადამიანი ვარ იმისთვის რომ ვინმეს არ ვკითხო ვის შევხვდე და ვის არა. ახლა კი წამოდი, სასტუმროში მივდივართ უნდა დავისვენო თორემ ძილიც არ დამცალდა დილიდან.

-ხო წავიდეთ სანამ ანკა, ნაწკა და კიდევ ვიღაც მეგობრები აე გამოჩენილან, აღარ მინდა შენთან ერთად სეირნობა და აღარც ბავშვს უნდა! _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა და წინ წავიდა. ბეთა ღიმილით მიყვებოდა უკან და ძლივს იკავებდა თავს ხმამაღლა არ გაეცინა, არადა ისე საყვარლად იეჭვიანა და გაიბუტა, ძალიან რთული იყო თავის შეკავება. პარალელურად თორკინეს წერდა და ძალიან ხალისობდა ამ სიტუაციაზე.

 

#######

-სოფია გაფრთხილებ რომ მშობიარობას მეც დავესწრები და არც კი გაბედო შეკამათება. _ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი მამაკაცმა და ექთანს გზა დაუთმო.

-საკეისრო კვეთა თუ დამჭირდა როგორ დაესწრები? _ ღიმილით ახედა და მუცელზე დაისვა ხელი.

-არ ვიცი, მაგრამ დავესწრები. თანაც არ მგონია დაგჭირდეს.

-ქალბატონო სოფია, ახლა წვეთოვანს დაგიდგამთ და თუ ხვალ საღამომდე ვერ იმშობიარებთ, მაშინ საჭირო გახდება საკეისრო კვეთით ბავშვის ამოყვანა.

-გასაგებია, დიდი მადლობა. _ თავი დაუქნია ქალმა და ხელი გაუწოდა. ექთანმა წვეთოვანი დაუდგა, ყველაფერი მოაწესრიგა და მალევე გავიდა.

-ივანე მოდი რა აქ დაჯექი.

-რაო პატარა, ხომ არ ნერვიულობ შენ? _ ღიმილით მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.

-ცოტას.

-ნუ ნერვიულობ, ხომ იცი მე სულ შენს გვერდით ვარ.

-ვიცი და ძალიან მიყვარხარ.

-ჩემი პატარა ქალი. _ თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა.

-ივანე.

-ხო პატარა.

-ნეტავ ნაინა და ბეთა როგორ არიან? ან საერთოდ რა ხდება მათ თავს? სულ მაგაზე მეფიქრება ხოლმე.

-სიმართლე გითხრა მეც, რაც ბათუმში წავიდნენ მას შემდეგ განსაკუთრებით. მგონია რომ იქ უფრო დაალაგებენ ურთიერთობას, დაისვენებენ და მიხვდებიან რომ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ.

-როგორც შენ მიხვდი არა?

-ხო, როგორც მე მივხვდი. _ სიცილით გააქნია თავი და ცხვირზე უჩქმიტა.

-სულ თვალწინ მიდგას ის ღამე ჩემთან რომ ჩამოხვედით, ეგ იყო ჩემი ბედნიერების ზენიტი.

-ჩემი ბედნიერების ზენიტი რომ შენ ხარ იცი?

-არაა, აქამდე არასდროს გითქვამს. _ გაბუტულმა მოიშორა მამაკაცის ხელი.

-ხოდა ახლა გეუბნები, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ შენ. _ გვერდებში შეუღიტინა და უამრავი კოცნა დაუტოვა მოკისკისე ქალს.


>>><<<

-ნაინა ერთი წუთით დაწყნარდი თორემ თავი ამტკივდა უკვე. _ მოსმენილით გახალისებულმა მარიამმა ყურებზე მიიდო ხელები და გაქაფულ ქალს გაჩუმებისკენ მოუწოდა.

-შენ რაღა დაგემართა? იმას ველაპარაკები თავი მტკივაო, შენ გიყვები თავი მტკივაო, რანაირი დაქალი ხარ? აწი არაფერს არ გიამბობ.

-ნაინა შენს ნერვულ სისტემას აღზევება აქვს აშკაეად და მიდი ცივი წყალი დალიე.

-მარიამ რატომ მიშლი ნერვებს?

-ნერვებს გიშლი კიარა რა ჯანდაბა გჭირს გამაგებინე საერთოდ, რომ იეჭვიანე და გაბრაზდი ეგრე უნდა გამოაჭენო და ბეთას დაანახო რომ მის გარეშე ვერ ძლებ?

-მარიამ რას ბოდავ?

-ვინ ბოდავს ისიც საკითხავია, აბა რა პანიკები მოაწყვე აქ? არც კი უნდა შეგემჩნია თუ გაბრაზდი.

-იცი რა უთხრა? ეს ბავშვი ვინ არისო. არა გეკითხები სოსკით ვმოძრაობდი თუ ბეთა დამატარებდა ხელში აყვანილი? ბავშვის რა მეტყობა გამაგებინე.

-ნაინა შენ ხარ ფსიქიკურად აშლილი ადამიანი რომელსაც მე არ ვიცნობ და ახლავე მითხარი ჩემს დაქალს რა უყავი. ასეთი ნაინა არასდროს მინახავს, სულელი ხარ? რისთვის ბრაზობ ან ვისზე საერთოდ თუ ხვდები. ან რატომ არ გაეცი საკადრისი პასუხი ახლა რომ ვეღარ იტევ ბოღმას.

-არ ვიცი, სამომავლოდ თუ გადავაწყდები აუცილებლად გავცემ!

-ხო, ხო, უეჭველი.

-მარიამ მასხრად მიგდებ?

-მეე? არა საყვარელო რას ამბობ საიდან მოიტანე. აბა რა გინდა სელპაკებით დავჯდე და ტირილი დავიწყო? თუმცა შენი სულელური საქციელი კია სატირალი. ასე როგორ გაიფაქტე და როგორ მიეცი საბაბი ბეთას ეფიქრა რომ ძალიან იეჭვიანე.

-უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე, მართალი ხარ ასე მძაფრი რეაქცია მასთან არ უნდა მქონოდა მაგრამ ხომ იცი ორსულობის მერე როგორიც გავხდი.

-მე მეგონა მანდ ერთად რომ იქნებოდით ცოტა ურთიერთობა გამოგისწორდებოდათ, შენც ყველაფრის მოყოლას შეძლებდი, ისაუბრებდით და მოგვარდებოდით. ესენი კიდევ ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებენ.

-რა შერიგება მარიამ, აქ ჩემი დის სანახავად..

-ახლა კარგად მომისმინე და არ შემაწყვეტინო!! _ კატეგორიული ტონით გააფრთხილა და საუბარი განაგრძო. -ვინც არ უნდა ნახოს ბეთამ მანდ ყოფნის განმავლობაში და სულაც რომ საყვარლად გაგაცნოს, არანაირი რეაქცია არ გექნება და ითამაშებ ისეთი ქალია როლს, რომელსაც მხოლოდ შვილის გამო აქვს ურთიერთობა ქმართან და სხვა არაფერი. არც კი გაბედავ და ეჭვიანობის სცენებს არ მოაწყობ, დაიჭერ “სულ ერთია”_ს დამოკიდებულებას, იქნები მყარად და არა ცხელ ტაფაზე დადებული კარაქივით. თუ გინდა რომ ისევ ძველი ურთიერთობა გქონდეთ და რამეს მიაღწიო, ცოტა აზრზე მოდი. _ მონოლოგი დაასრულა და ღრმად ამოისუნთქა.

-ხო ვიცი რომ უაზროდ გამომივიდა, მაგრამ..

-არანაირი მაგრამ, ახლა მე მივდივარ რაღაც საქმე მაქვს და რომ დაგირეკავ იცოდე კარგი ამბებით დამხვდი.

-კარგი, ვნახოთ.

-გკოცნიი. _ ღიმილით დაემშვიდობა დაქალს და საბავშვო მაღაზიაში შევიდა. ტელეფონში რაღაცას ნახულობდა მოულოდნელად სათამაშოებით სავსე ეტლი რომ შეეჯახა და მინის კარს მთელი ძალით მიანარცხა.

-მაპატიეთ, მაპატიეთ, ისე მოულოდნელად გამეშვა ხელი რომ ვერც კი შევნიშნე როგორ გამოაგორა ვიღაც ბავშვმა აქეთ, მერე კი თქვენ… _ სწრაფი ნაბიჯებით მომავალი უხსნიდა გოგონას სიტუაციას და როცა დაინახა სიტყვა პირზე შეაშრა. -მარიამ?

-თორნიკე მითხარი რომ მეჩვენები თორემ ამ სათამაშოების მაღაზიაში დაგმარხავ! _ ბრაზმორეულმა ახედა მამაკაცს და მტკივან წელზე ხელი მიიდო.

-კარგად ხარ? _ მასთან ახლოს მივიდა, ხელი შემოხვია და ფეხზე წამოაყენა.

-თორნიკე შენ ჩემი წყევლა ხარ? ძლივს მოვახერხე ბავშვისთვის სათამაშოების და გაფორმებების საყიდლად გამოსვლა, შენ კიდევ ყველაფერი გამიფუჭე.

-მაპატიე ძალით მართლა არ გამიკეთებია ეს, თანაც როგორც ვატყობ ერთიდაიგივე ბავშვის სათამაშოების საყიდლად ვართ და არ ჯობია ორივე ერთმანეთს დავეხმაროთ?

-კარგი აზრია, ოთახიც მოვრთოთ ბავშვის, მათი სახლის გასაღები მე მაქვს. _ იდეით კმაყოფილმა აუფრიალა გასაღები და მის გაწვდილ ხელს თავისი შეაგება. -პირველად გაფორმებებით დავიწყოთ.

-კარგი. _ თავი დაუქნია თორნიკემ და უკან მიყვა გამხიარულებულ გოგონას.

 

*****

-ნაინა არ გშია?

-არა მადლობა, ვჭამე უკვე.

-სხვა არაფერი გინდა?

-არა ბეთა, თუ მომინდება ჩავალ და ვიყიდი.

-რას უყურებ ასეთი ინტერესით? _ სამზარეულოდან გამოხედა მისაღებში მჯდომ ქალს. -როდის მერე შეგიყვარდა ასე საინფორმაციო გადაცემები?

-სულ მიყვარდა, მაგრამ შენ რატომ ინტერესდები მე რას ვუყურებ და რას არა?

-იმიტომ რომ ტელევიზორს და მსგავს გადაცემება ვერასდროს იტანდი, დავიჯერო ასე ცვლის ორსულობა? _ ხმით ჩაეღიმა და მოშიშვლებულ მუცელზე დახედა სავარძელში კომფორტულად მოკალათებულ ქალს.

-ცვლის კი, თან ძალიან.

-მიბრაზდები? _ ნელ_ნელა მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა.

-მეე? საიდან მოიტანე? _ მისი სიახლოვით გამოწვეული ანეევიულება ერთიანად დაეტყო მის ღაწვებს და სულ მთლად ვარდისფერი გახდა.

-რატომ ანერვიულდი.

-არაფერია მსგავსი უბრალოდ აქ ცხელა და… _ ვერაფრით შეძლო აზრზე მოსვლა, მაგრამ მარიამის სიტყვები ისე ჩაესმა ყურში რომ წამის მეასედში გამოფხიზლდა, ფეხზე წამოდგა და ტელეფონს დასწვდა. -მე წავედი ძალიან მეძინება.

-კარგი, ღამე მშვიდობისა. _ კმაყოფილი მზერით გაეცალა და სამზარეულოში შესვლა დააპირა რაღაცის მსხვრევის ხმა რომ გაიგო. -ნაინა? ნაინა რა გჭირს. _ სწრაფად მივარდა მაგიდაზე დაყრდნობილ ქალს.

-ბეთა.. ბეთა მუცელი ძალიან მტკივა, გეხვეწები წამიყვანე. ბავშვს არაფერი მოუვიდეს. ბეთა ბავშვს რომ რამე დაემართოს მე..

-ნაინა დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. _ ტკივილისგან შეწუხებული ქალი ხელზე გადაიწვინა და კარს უკან გაუჩინარდა.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1237 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
რა მალე დამთავრდა!
ძალიან კარგი იყო, მოთმონებით ველოდები გაგრძელება!
avatar
0 Spam
2
ნამდვილად ღირდა ლოდინად,ძალიან მაგარი იყო.
avatar
0
3
გამიხარდა ძალიან მაგრად. უმაგრესი და უკარგესი გოგო ხარ! <3
avatar
0 Spam
4
შეეენ ხაარ სუპერ სუპერ სუპერ გოგო ♡♡
avatar