სხვისი ცოდვებისთვის (თავი მეოთხე)
26.06.2017, 00:34
სხვისი ცოდვებისთვის
(თავი მეოთხე)

-ნაინა სად უნდა წახვიდე? _ ცდილობდა სმენა დაეძაბა და თანაც რამდენიმე წამის წინ ნათქვამი სიტყვები აღექვა.
-მონასტერში. _ ისევ გაუმეორა და ფეხზე წამოდგა. მარიამი ფრთხილად ჩამოჯდა დივანზე და ოთახისკენ მიმავალ ნაინას გააყოლა თვალი. ჯერ ეგონა ჭკუიდან შეიშალაო, მაგრამ მერე რომ დაფიქრდა და გაიაზრა, მიხვდა რომ ახლა ყველაზე მეტად ნაინას მსგავსი ადგილი დაამშვიდებს. ხვდება რომ ბეთა არ დაბრუნდება, მით-უმეტეს ამ ეტაპზე. ამიტომ ნაინას სჭირდება ადგილი სადაც სულიერად დამშვიდდება და ეს ადგილი სწორედ რომ მონასტერია.
სწრაფად აირბინა კიბეები და ოთახში შევიდა.
-სად გინდა წასვლა, სვანეთში? თუ სადმე სხვაგან.
-არა, სვანეთში.
-მაშინ მე წავალ და გავარკვევ შეიძლება თუ არა გაჩერება ან რამდენი ხნით. მანამდე შენ ჩაალაგე ბარგი. გრძელი კაბები ჩადე, კიდევ შარფები და გრძელი ჟაკეტები. სარაფნები და მაისურებიც გამოგადგება. _ თბილად გაუღიმა და ცრემლები შეუმშრალა.
-მიყვარხარ… და მადლობა რომ უთქმელად გესმის. _ დაგუდული ხმით ჩასჩურჩულა და მაგრად ჩაეხუტა. -ისიც გაარკვიე როგორ საკვებს მიირთმევენ, მინდა წავიღო რაღაცეები.
-კარგი. _ თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.

ათი წუთის წასული არ იქნებოდა მარიამი კარის ხმა რომ შემოესმა ნაინას, გაოცებული გავიდა ოთახიდან და სულმოუთქმელად ჩაირბინა კიბეები. რატომღაც მისი გონების რაღაც ნაწილი მაინც უშვებდა იმას რომ შეიძლებოდა ბეთა დაბრუნებულიყო, თუმცა ხელთ ნელი შერჩა. ნაძალადევად გაუღიმა ქალს და მისკენ წავიდა. ნელიმ შვილი გადაკოცნა და სავარძელში მოკალათდა.
-ნაინა როგორ ხარ დედი? რას შვრები სააგენტოში დაბრუნებას როდის აპირებ?
-არამიშავს, სააგენტოში აღარ ვბრუნდები. _ ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და თმა ყურსუკან გადაიწია.
-რა თქვი? ეს რა ხუმრობაა ნაინა? რას ნიშნავს არ ბრუნდები.
-დედა შემომხედე, შენი აზრით ხუმრობის თავი მაქვს? _ ამრეზით დახედა ქალს.
-რა გჭირს?
-ბეთამ გაიგო ყველაფერი და სახლიდან წავიდა. _ ღრმად ამოისუნთქა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
-ვაიმე რას ამბობ? _ ისე გაოცდა თითქოს არაფერი იცოდა. -საიდან გაიგო?
-არვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია გაიგო და ყველაფერი დამთავრდა.
-მოიცადე და ახლა რას აპირებ? უნდა იჯდე სახლში და იგლოვო?
-არა, მონასტერში მივდივარ.
-სად მიდიხარ? _ სიცილი ვერ შეიკავა ქალმა.
-ნელი შენ ამ ბოლოს სმენა დაგიქვეითდა თუ მე მეჩვენება რამე? _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ქალის პირდაპირ დაიკავა ადგილი.
-არა, ვცდილობ აღვიქვა რა სისულელეს მეუბნები.
-მოგიწევს.
-ნაინა სერიოზულად?
-ნელი არასერიოზულობის რა მეტყობა?
-რა მონასტერი სულ გაგიჟდი? ახლა გაგახსენდა მონასტერი და ღმერთი? იქნებ მონაზვნად აღკვეცას აპირებ.
-ნელი როგორ მელაპარაკები?
-აბა როგორ გელაპარაკო? მთელი სააგენტო შენს იმედზეა, რამდენიმე თვეში ჩვენება გვაქვს რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის. საუკუნეა ამისთვის ვემზადები და შენ მიცხადებ მონასტერში მივდივარო. როგორ რეაქციას ელოდი ჩემგან? თავზე ხელი გადაგისვა და გითხრა წადი ჰპოვე სულიერი სიმშვიდეთქო?
-წლებია შენს სააგენტოში ვარ და როგორც მარიონეტს ისე მეპყრობი. როგორც გაწყობს ყველაფერს ისე აკეთებ და მე არასდროს შეგწინააღმდეგებივარ. პრინციპში ახლა მეტს არც ველოდი შენნაირი დედისგან მაგრამ მაინც გული მეტკინა შენს სიტყვებზე რაღაცნაირად. შვილი დავკარგე, ბეთა დავკარგე და როგორ ფიქრობ ახლა მოდების ჩვენებისთვის მცხელა? წყალს წაუღიხარ შენ შენი სააგენტოიანად. ცხოვრებაში პირველად გეუბნები ასეთ რამეს, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, სულ ფეხებზე მკიდია რას იზამ და სად წახვალ ნელი. მე ჩემი ცხოვრება დავკარგე და თავზე ჩამომენგრა, მეტი არაფერი მაქვს დასაკარგი. მე შენნაირი ცივსისხლიანი არ ვარ ყველაფერი ფეხებზე რომ დავიკიდო და შენს სათამაშოდ ვიქცე ისე როგორც წლების მანძილზე ვიყავი. შენ ის უფრო გადარდებს რომელიღაც ჩვენებაზე გაიმარჯვებ თუ არა და მე გჭირდები იმიტომ რომ უჩემოდ არაფერი ხარ არც შენ და არც შენი სააგენტო. მე კი აქ ვიტანჯები იმის გამო, რომ რამდენიმე დღეში აზრი დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ და სულიერად დავიშალე. ახლა კი აქედან წადი და მარტო დამტოვე, ‘სულიერი სიმშვიდე უნდა ვპოვო.’ _ ირონიულად გაუმეორა რამდენიმე წუთის წინ დაცინვით წარმოთქმული სიტყვები და კარები ფართოდ გაუღო.
-ნაინა მე…. _ ენაჩავარდნილს და მოსმენილით გაოგნებულს აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-არაფერი თქვა ნელი, კიდევ უფრო ნუ დაიბინძურებ და დაიმდაბლებ საკუთარ თავს. _ სიტყვა გააწყვეტინა, გარეთ გაისტუმრა და ცხვირწინ მიუხურა კარები. ეგონა ნაინა ვერაფერს მიხვდებოდა მაგრამ იმაზე კარგად მიხვდა ვიდრე ნელის წარმოედგინა. ერთი ბგერაც კი არ უთქვამს უსამართლოდ, წლების განმავლობაში ნაგროვები ტკივილი ამოანთხია და ყველაფერი მიახალა. იცოდა ნელის ცუდი რეაქცია ექნებოდა როცა გაიგებდა მისი სააგენტოდან წასვლის ამბავს, მაგრამ ასეთ სიტყვებსაც არ ელოდა. ცხოვრებაში ერთადერთხელ დასჭირდა ნელის გაგება და თანადგომა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მისი ურეაქციობა ეტკინა, არადა რა იცოდა რომ მისი ყველა ცრემლის და უბედურების მიზეზი სწორედ დედამისი იყო.
ნელის ეგონა ბეთასთან დაშორებით თავის სასიკეთოდ შემოაბრუნებდა ყველაფერს, ეგონა ნაინა გაყვებოდა და ყველაზე დიდი შანსი მათ სააგენტოს ექნებოდა გამარჯვების, მაგრამ ძალიან მწარედ შეცდა. გაცეცხლებული შეფრინდა მანქანაში და მძღოლს გაღიზიანებულმა უთხრა სააგენტოში მიეყვანა.

@@@@@
არ იცის როგორ მივიდა კომპანიამდე, თათიას უთხრა დღეს ყველაფერი გადადეო და კაბინეტში შეიკეტა. დივანზე მოწყვეტით დაეშვა და სივრცეს გაუშტერა თვალი. უჰაერობა რომ იგრძნო ჰალსტუხი ყელიდან მოიგლიჯა და იქვე მიაგდო. ლამაზად გაფორმებული ძველი სტილის კარადიდან არაყი გამოიღო და გვერდით დაიდგა.
როგორ უნდოდა…. როგორ უნდოდა ეს ყველაფერი რეალობისგან ძალიან შორს ყოფილიყო, გაღვიძებოდა და ხმამაღლა გაეცინა ამ უაზრო სიზმარზე, მკლავზე იმდენჯერ იჩქმიტა რომ უკვე ლურჯად დააჩნდა. რეალობა კი ისევ დარჩა და არსად გამქრალა. რას არ მისცემდა ოღონდ ნაინას თვალებში ამოეკითხა რაიმე ხელჩასაჭიდი და მიმხვდარიყო რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, როგორ სურდა უბრალოდ მარტივი მოძრაობით გაექნია ქალს თავი ამ ყველაფრის უარყოფის ნიშნად. მეტი არაფერი სურდა, უსიტყვოდ დაუჯერებდა მას და შვებით ამოისუნთქავდა, მაგრამ არა! ნაინას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც მის სიმართლეში დაარწმუნებდა. მაინც ცდილობდა ეფიქრა რომ ყველაფერი სიცრუე იყო, მაგრამ მერე ახსენდებოდა ის ვიდეო და შენელებული კადრივით ესახებოდა თვალწინ. გამწარებულმა დაარტყა მუშტი მინის მაგიდას და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. მერე არყის ბოთლს თავსახური მოაძრო და ისე მოიყუდა გეგონებოდათ არაყს კიარა წყალს სვამსო. ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი იატაკზე მოისროლა და უფრო კომფორტულად მოკალათდა დივანზე.

. . . . . . . . .
მარიამი გვიან ღამით დაბრუნდა თბილისში, მონასტერი საკმაოდ შორს იყო და დიდი დრო დასჭირდა მისასვლელად. სახლის კარი დაღლილმა შეაღო და პირდაპირ ნაინას ოთახისკენ წავიდა.
-მოხვედი? _ საწოლში წამოჯდა და გოგონას ნაძალადევად გაუღიმა.
-მოვედი კი, წყალს გადავივლებ უცებ და მოვალ კაი? რამე პიჟამა მომეცი ოღონდ.
-მანდ იქნება უჯრაში. _კარადის მარცხენა მხარეს მიუთითა და ბალიში შეისწორა. მარიამმა პიჟამა აიღო და სააბაზანოში შევიდა. სწრაფად გადაივლო წყალი, მოწესრიგდა და დაქალა მიუწვა გვერდით.
-ისე დავიღალე ვერ წარმოიდგენ, ადრე რომ ვიყავით დასათვალიერებლად მაშინ სულ არ მიგრძვნია დაღლილობა და ახლა საჭესთან რომ ვიჯექი მართლა დავიქანცე. _ ღრმად ამოისუნთქა და თმა კოსად შეიკრა.
-გაარკვიე ყველაფერი?
-კი, დედაოს შევხვდი და შენზე ვუამბე. სიხარულით მივიღებთ რამდენ ხანსაც მოისურვებსო. _ გაუღიმა და ლოყაზე მოეფერა.
-მართლა? რა კარგია. _ ისე გაახარა მარიამის ნათქვამმა, ძლივს რაღაცით კმაყოფილი დარჩა დღეს.
-დარჩები ჯერ თუ ხვალვე წახვალ?
-არა, ხვალ დილითვე წავალ, შენ თუ არ გეცლება ჩემი მანქანით წავალ.
-მე შენთვის ყოველთვის მცალია, შენ თუკი გინდა და ასე უკეთესად იქნები წავიდეთ ხვალ დილით. _ გაუღიმა და ტელეფონი ტუმბოზე გადადო.
-დღეს ნელი იყო მოსული. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მძიმედ ამოისუნთქა.
-მართლა? არ მითხრა ჩემი ამბის გასაგებადო.
-კი როგორ არა. _ ხმამაღლა გაიცინა და თმის ბოლოებს წაეთამაშა. -აინტერესებდა რამდენ დღეში დავბრუნდებოდი სააგენტოში.
-რაა? ნაინა სერიოზულად?
-აბა ახლა არასერიოზულობის ხასიათზე ვარ? ბოლოს გავაგდე. _ თითქოს მაინც სინდისი ქენჯნიდა საკუთარი ქცევის გამო.
-რაქენი? მიამბე თორემ ვერაფერი გავიგე.
-რა არის მოსაყოლი, მითხრა ახლა მოგინდა და გაგახსენდა ღმერთიო? მე რა ვქნა აქ და რა ვუყო იმ ჩვენებასო. რადროს მონასტერიაო დამცინა. გესმის მარიამ? საკუთარმა დედამ დამცინა და ვერ გამიგო ასეთ დროსაც კი.
-გეხვეწები ახლა მაგაზეც აღარ ინერვიულო რა, ნელის რომ არ იცნობდე კიდევ მესმის წყენა. დედაჩემი და დედაშენი მემგონი დასაბამიდან ასეთები არიან და ჩვენ ვეღარ შევცვლით მათ, შესაბამისად არ ღირს ნერვიულობა. _ ცდილობდა ნაინა დაემშვიდებინა, არადა თვითონ მასზე მეტად დარჩა გაოცებული, მაგრამ ნაინას აფორიაქება აღარ უნდოდა.
-ჰო მართალი ხარ, ნელი ასეთია და ასეთად დარჩება. დანარჩენი სანერვიულოც მეყოფა. _ ღრმად ამოისუნთქა და მარიამს გახედა.
-ახლა დამშვიდდი და დაიძინე, ხვალ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და დაიღლები. _ თბილად გაუღიმა მარიამმა და პლედი შეუსწორა. ანერვიულებულს და დაღლილს ძალიან მალე ჩაეძინა, მარიამი კი იწვა და თვალიც ვერ მოხუჭა დაქალის პრობლემებზე ფიქრით.

#####

-ჩათვალე რომ ჩაიძირე ნელი. _ დამცინავად ჩაილაპარაკა ლაშამ.
-ხანდახან მგონია რომ ჩემი ძმა კი არა, მოსისხლე მტერი ხარ. თუ დასაცინად მოხვედი გაეთრიე! _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-კარგი ხო, ხუმრობა იქით იყოს და სერიოზულად დაგერხა შენ.
-ჯანდაბა, არვიცი რა უნდა მოვიფიქრო რამდენიმე თვეში და როგორ გამოვასწორო ჩემივე გაფუჭებული საქმე? მე რას ვგეგმავდი და რა მოხდა.
-ნაინა ბრილიანტია ნელი, სადაც არ უნდა წავიდეს ყველა მოდელს და სააგენტოს გადაჩრდილავს და შენ შანსი არ გაქვს მისნაირი მოდელი იპოვო ამ რამდენიმე თვეში. _ იმედი სულ გადაუწურა ქალს.
-ყველანაირად დახვეწილია, ვერანაირ ნაკლს რომ ვერ უპოვი მაგ საქმეში ზუსტად ისეთი. _ დაეთანხმა ძმას და თავი დაუქნია.
-და უფრო მყარი დასკვნა, 100%_ით დარწმუნებული ვაცხადებ რომ თვით ნელი შერვაშიძე ჩაფლავდა. _ თვალი ღიმილით ჩაუკრა და კაბინეტიდან გავიდა დის რისხვა რომ აეცილებინა.
ნელიმ გაავებულმა ესროლა დახურულ კარებს იქვე დადებული პატარა მინის ქანდაკება და მუშტები გამეტებით დასცხო მაგიდას.
რას იფიქრებდა ასე თუ მოხდებოდა და ყველაფერი საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდებოდა? მისი გათვლებით ნაინა ორ დღეში ‘გამოიგლოვებდა’ ყველაფერს, დეპრესიიდანაც გამოვიდოდა და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა, თუმცა ძალიან მწარედ შეცდა ეს რომ იფიქრა. ახლა უფრო გაიაზრა რამხელა სიმდიდრე იყო ნაინა მისი სააგენტოსი და ფაქტობრივად მოდელებიან დიზაინერებიანად მასზე იყვნენ დაყრდნობილი. ახლა კი თითქოს მყარად ნაშენები კედელი ჩამოინგრა, რაც იმას ნიშნავდა რომ შენობა ვეღარ გამოვიდოდა ისეთი კარგი, როგორიც გეგმაში იყო. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ნელის ჩაძირვის ჯერიც მოვიდა.
-ქალბატონო ნელი, ჩვენება იწყე…
-გაეთრიეეეე! გაეთრიეთ ყველანი გესმით? ყველანი მომწყდით თავიდან. _ გაცეცხლებულმა უღრიალა თანაშემწეს და აფორიაქებულმა შეიცურა თმაში ხელი.

><><><><><
-ბეთა. _ ნაამბობით შეშფოთებულმა ანდრიამ ჩაახველა და საუბარი დაიწყო. -წლების განმავლობაში ცხოვრობდი გერმანიაში, არასდროს მოგწონდა აქაური სიტუაცია და მახსოვს ყოველთვის იძახდი რომ არავითარ შემთხვევაში არ გადმოხვიდოდი საქართველოში. მახსოვს როგორ დაგცინოდით და გეუბნებოდით გამოჩნდება ვინმე, ვინც მაგ აზრს შეგაცვლევინებსთქო და გამოჩნდა კიდევაც ძალიან კარგი და თბილი გოგო, რომლის გამოც დაუფიქრებლად გადმოხვედი აქ. შენ იცი რამდენის გადატანა მომიხდა მე, გერმანიაში იყავი თუმცა ყველა დეტალს იგებდი ჩემზე, ისიც იცი როგორ ვამბობდი და დარწმუნებული ვიყავი რომ არავინ აღარ შემიყვარდებოდა, მაგრამ როგორც შენს ცხოვრებაში შემოანათა ნაინამ, ასევე ჯერ ჩემს კომპანიაში, მერე კი ჩემში შემოანათა ალექსანდრამ და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ალექსანდრა რომ დავინახე პირველად, სურვილი გამიჩნდა მეცემა ისე შემომივარდა კაბინეტში, მაგრამ ახლა მისი დამსახურებაა მე რომ ისევ ის ანდრია ვარ, მხიარული, თბილი და ოჯახზე შეყვარებული კაცი. რა უნდა გააკეთოს ალექსანდრამ რომ მე მასში ეჭვი შევიტანო? ასეთი რამ არასდროს მოხდება ბეთა, ვიცი მესმის რამხელა დარტყმა მოგაყენა ამ ამბის გაგებამ, მაგრამ ჯერ ის უნდა გაიგო რა მოხდა და რის გამო. უკვე კარგა ხანია ნაინას ვიცნობ და არ არია მსგავსი საქციელის ჩამდენი. არ გიფიქრია რომ სხვა რამეშია საქმე? _ მონოლოგის დასრულების შემდგომ ძმაკაცს ხელი გადახვია და მხარზე მოუთათუნა თანაგრძნობის ნიშნად.
-ვკითხე ანდრო, ვუთხარი ყველაფერი მოეყოლა მაგრამ არაფერი თქვა, ერთი სიტყვაც არ მითხრა.
-ბეთა რას გეტყოდა? თუკი რამე ცუდი მოხდა და ამას დაემატა ისიც რომ შენ გაიგე ეს ამბავი, შენი აზრით რომელ ახსნა_განმარტებაზეა საუბარი? მე ვიცი რომ შენ ნაინას თვალდახუჭული ენდობი და მით-უმეტეს შენი წასვლა უარეს მდგომარეობაში ჩააგდებდა. _ ამდენ ხანს ჩუმად მჯდომმა ალექსანდრამაც ამოიღო ხმა და სავარძელში გასწორდა.
-ალექს ბეთას რეაქციაც ბუნებრივი იყო იმ შემთხვევაში, მაგრამ გეთანხმები აუცილებლად უნდა წავიდეს და დაელაპარაკოს ნაინას. _ ბეთას გასაგონად ჩაილაპარაკა და ცოლს ხელი შემოხვია.
-მართალი ხართ ბავშვებო, წავალ და დაველაპარაკები.
-სად წახვალ და რა მდგომარეობაში? _ აღშფოთდა ანდრია და კოპები შეყარა. -ნასვამი რომ მიხვიდე ეგონება სიმთვრალე გალაპარაკებს და ისედაც აფორიაქებული უარესად ანერვიულდება.
-ბეთა დღეს ჩვენთან დარჩი, დაისვენე დაფიქრდი და ხვალ დილით დაელაპარაკე. _ ქმარს მხარი აუბა ალექსანდრამ. -წავალ მე ვახშამს მოვამზადებ და იცოდე შენ კრინტი არ დაძრა წასვლაზე. _ თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ფეხზე წამოდგა. ანდრიას გაეღიმა და თვალი გააყოლა ცოლს, რომელსაც მუცელი უკვე შესამჩნევად ჰქონდა გაბერილი.
-მა მაა მში… _ სიტყვა შუაზე გაუწყდა პატარა ნიკოლოზს ბეთა რომ დაინახა. -ბეთა ძიააა. _ გახარებულმა ჩაილაპარაკა და მის კალთაში ისკუპა.
-ძიას კაცი. _ თმა აუჩეჩა ბიჭს და ლოყები დაუკოცნა.
-მომენატლე ძია. _ ტაში შემოჰკრა პატარამ.
-მეც ძალიან მომენატრე. _ სახეგაბადრულმა ჩაილაპარაკა და ბავშვი გულზე მიიკრა.
-მამი დღეს ბეთა ჩვენთან რჩება. _ ლოყაზე მიეფერა ანდრია შვილს.
-ძია შენთან ვწვები დღეს. _ გახარებულმა ჩაილაპარაკა და კისერზე შემოხვია ხელები.
-კარგი დაწექი. _ სიცილით უთხრა და თვალი გააყოლა სამზარეულოსკენ წაბაჯბაჯდა “დედა მშია”_ს ძახილით.
დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ და მეგობრობენ ბეთა და ანდრია. მართალია საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ ანდრია შორიდანაც გრძნობდა მის გვერდით დგომას, ისევე როგორც ბეთა. ანდრიამ იცოდა რა არის ოჯახი და საყვარელი ადამიანი, ნაინასაც იცნობდა და ხვდებოდა რომ გოგონა მსგავს რამეს არ ჩაიდენდა. ამიტომ არ გაუშვა ძმაკაცი რომ უფრო დაფიქრებულიყო და დილით უფრო გამოფხიზლებული დალაპარაკებოდა ნაინას.
რომ ივახშმეს ალექსანდრამ საწოლი გაუმზადა ბეთას, ნიკოლოზი არაფრის დიდებით არ მოსცილდა და მასთან ერთად დაიძინა, ბარბარე თავის ოთახში გაამწესეს და წყვილი განმარტოვდა.
-ანდრო
-ხო. _ მარტივი მოძრაობით ჩაისვა კალთაში და ყელი დაუკოცნა.
-ნაინას თავს რაღაც ხდება და ბეთას უმალავს, ან არ შეუძლია თქმა. _ დამეჯითებით ჩაილაპარაკა და ხალათი იქვე მიაფინა.
-ამათ თუ ოდესმე ურთიერთობა აერეოდათ ვერ ვიფიქრებდი გეფიცები. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და საწოლში შეწვა ალექსანდრასთან ერთად.
-ძალიან ვნერვიულობ, მართალია ნაინას არც ისე დიდი ხანია რაც ვიცნობ თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.
-დამშვიდდი, ხვალ დაელაპარაკება და ყველაფერს გაარკვევენ. შენთვის ნერვიულობა რომ არ შეიძლება ხომ იცი. _ სახეზე ღიმილი გადაეფინა და ოდნავ გამობურცულ მუცელზე აკოცა.

<><><><><>
დილით როგორც კი გაიღვიძა მაშინვე წამოდგა და მზადება დაიწყო, მარიამი უკვე ამდგარიყო და სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-დილამშვიდობისა. _ ღიმილით მიესალმა და სკამზე ჩამოჯდა.
-დილამშვიდობისა, აბა როგორ ხარ?
-ახალი ეტაპის დაწყების მზადყოფნაში. _ თითები მაგიდაზე აათამაშა ნაინამ.
-ხოდა ძალიან კარგი, სანამ წავალთ ვისაუზმოთ უკვე მოვამზადე და ყავაც დავლიოთ. _ მაგიდა უცებ გააწყო და თვითონაც მიუჯდა. ხმა არცერთს არ ამოუღია, ჩუმად ისაუზმეს და იქაურობა მიალაგეს.
-მარიამ, მამას რა რეაქცია ექნება ამას რომ გაიგებს?
-დამშვიდდი ნაინა, ხომ იცნობ დათოს და იცი როგორიცაა. მისთვის მთავარია შენ იგრძნო თავი კარგად. ახლა არა მაგრამ მერე ყველაფერს ვუამბობ როცა წახვალ.
-კარგი, მეც მირჩევნია რომ სიმართლე იცოდეს.
-გპირდები რომ ვუამბობ. _ ღიმილით უთხრა და ჩემოდნების გატანაში დაეხმარა. ყველაფერი ჩაალაგეს, სახლი მოაწესრიგეს და შეამოწმეს წყალი ან გაზი რომ არ დარჩათ მოშვებული, მერე კი მანქანაში მოთავსდნენ და სვანეთისკენ გაუდგნენ გზას.
ნაინა ჩუმად იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და ფიქრობდა რა იქნებოდა მომავალში, ფიქრობდა რამდენი ტკივილის გადატანა მოუწევდა კიდევ ან ოდესმე ეღირსებოდა თუ არა ბედნიერება, ღიმილი, სიხარული.. ფიქრობდა და გონება დამცინავად უბრუნებდა პასუხს:
-არც იოცნებო ბედნიერებაზე…..

ბეთა დილაადრიან წამოდგა ფეხზე, წყვილს დაემშვიდობა იმ პირობით რომ ყველაფერს შეატყობინებდა და სახლი დატოვა. შედარებით დამშვიდებული და კარგად გამოძინებული იყო, ამიტომ გააზრებულიც ჰქონდა როგორ მშვიდად და წყნარად დაელაპარაკებოდა ნაინას, როგორ მოეფერებოდა და დაამშვიდებდა ატირებულს. მანქანა ჭიშკართან გააჩერა და ეზოში შევიდა, კარი ჩაკეტილი რომ დახვდა ცოტა არ იყოს გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო, მერე კი მისაღებში შევიდა და იქაურობის დათვალიერება დაიწყო. რომ ვერავინ დაინახა კიბეები აირბინა და ოთახში შევიდა. ისეთი სიცივე იგრძნო გეგონებოდათ ყინულებით სავსე აუზში ჩააგდესო, უცნაურად გააჟრჟოლა და იქაურობა მოათვალიერა.
-ნაინა სად ხარ? _ ხმამაღლა დაუძახა მაგრამ პასუხი არ იყო. მერეღა შეამჩნია გაღებული კარადა, რომელიც სულ გამოცარიელებული იყო. გაოცებული იდგა და აკვირდებოდა იქაურობას, მერე კი სიმწრით ჩაიცინა და გაიაზრა რომ ნაინა სახლიდან წასულიყო.
-აი ეს მესმის… _ ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და არსებული რეალობის აღქმა მაინც გაუჭირდა. -ჩვენი ისტორიის დასასრულს წერტილი აკლდა და როგორც ვხედავ უკვე დაუსვამს. _ ტკივილნარევი იმედგაცრუებული და ნდობადაკარგული ხმით ჩაილაპარაკა, მერე კი ზიზღით მოათვალიერა იქაურობა და სახლი დატოვა.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ | ტეგები: undefined, მეოთხე), (თავი, სხვისი, ცოდვებისთვის
ნანახია: 1538 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
რა ემოციური თავი იყო,განსაკუთრებით ბოლო ნაწილი.ბეთას რეაქცია.რა მძიმე იქნებოდა მისთვის წარმომიდგენია.
ძალიან რეალურად აღწერ ყველაფერს.ვკითხულობ და თან ვგრძნობ და მესმის ყველაფერი.ფილმივით არის ჩემთვის,კადრებად წარმომიდგება ხოლმე ყველაფერი და თან ხმაც კი მესმის თითქოს.
კიდევ ერთი ნამდვილად ძალიან მაგარი მოთხრობაა.რომელიც უკვე შემიყვარდა.
avatar